კომენტარი N1-3: თანამშრომელთა კვების დაბეგვრა

2022
0

გამარჯობა!

საგადასახადო კოდექსის დღევანდელ ვიდეო კომანტარში განვმარტავთ თანამშრომელთა უსასყიდლო კვების დაბეგვრის საკითხებს.

ვიდეო კომენტარში, ჩვენს მიერ მოხდება საგადასახადო კოდექსის §101.2, §159, §160.1,   §160.3.გ.,   §1601.1., §1601.2.ა., §164.1., 164.2.ა.  და 164.3.ა. ნაწილობრივი განმარტება.

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ სტატიაში დაფიქსირებული განმარტებები და მოსაზრებები წარმოადგენენ საგადასახადო-სამეცნიერო ვიდეო ჟურნალ TaxInfo -ს პოზიციას, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

1.       თანამშრომელთან კვებით უზრუნველყოფა – საქონლის მიწოდება vs მომსახურების გაწევა

საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით ძირითადად წარმოადგენს საწარმოს მიერ თანამშრომლებისთვის გაწეულ კვების მომსახურებას, მაგრამ ის გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება წარმოადგენდეს საწარმოს მიერ თანამშრომლობისთვის განხორციელებულ საქონლის მიწოდებას. დაბეგვრის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში დადგინდეს კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქონლის მიწოდებას თუ მომსახურების გაწევას, რადგან თუ თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფა ხორციელდება საქონლის უსასყიდლო მიწოდების (§160.3.გ.) სახით, მაშინ საწარმოს უფლება არ აქვს თანამშრომლებისთვის მისაწოდებლად განკუთვნილი საკვები პროდუქტების შეძენისას მიიღოს დღგ-ს ჩათვლა, რადგან ისინი გამიზნული არ არის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებლად (§175.1.). ამასთან,  თანამშრომლებისთვის საკვები პროდუქტების უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან საწარმოს მათზე მიღებული არ ექნება დღგ-ს ჩათვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  უფასო კვება წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, რა შემთხვევაშიც დღგ-ს მიზნებისთვის სახეზე იქნება საქონლის არა უსასყიდლო, არამედ სასყიდლიანი მიწოდება (§159.1.ა.).   და მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასიდან დღგ-ს გარეშე (§164.1.), მიუხედავად იმ გარემოებისა, მიწოდებულ საქონელზე მიღებული არის თუ არა დღგ-ს ჩათვლა.

საშემოსავლო გადასახადის კუთხით კი, დაბეგვრას დაექვემდებარება თანამშრომლის მიერ უფასოდ მიღებული საქონლის – საკვების პროდუქტის საბაზრო ღირებულება, როგორც არაფულადი სახელფასო სარგებელი (§101.2.გ.) და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი (§101.2.ზ.).

თუ თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფა ხორციელდება მომსახურების გაწევის (§1601.2.ა.) სახით, მაშინ საწარმოს უფლება აქვს თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე, მ.შ. შეძენილ საკვებ პროდუქტებზე მიიღოს დღგ-ს ჩათვლა, ხოლო  თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების მომსახურების გაწევა დაბეგროს დღგ-ით. თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების მომსახურება დაიბეგრება დღგ-ით იმ შემთხვევაშიც, თუ საწარმო კვების მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე მიღებული არ ექნება დღგ-ის ჩათვლა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე (§164.3.ა.), გარდა იმ შემთხვევისა, როცა  უფასო კვება წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, რა შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – გაწეული კვების მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე (§164.1.). საშემოსავლო გადასახადის კუთხით კი დაბეგვრას დაექვემდებარება თანამშრომლის მიერ უფასოდ მიღებული კვების მომსახურების საბაზრო ღირებულება, როგორც უსასყიდლოდ მიღებული  არაფულადი სახელფასო სარგებელი (§101.2.გ.) და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი (§101.2.ზ.)

თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა - საქონლის მიწოდება vs მომსახურების გაწევა

2.       მაგალითი N1: უფასო სენდვიჩები და უალკოჰოლო სასმელები თანამშრომლებისთვის

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N1:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „ოფისი“ ახდენს თანამშრომელთა უფასო სადილით უზრუნველყოფას: კერძოდ ახლო მდებარე „საკონდიტროში“ თითო თანამშრომლისთვის ყოველდღიურად ყიდულობს 2 ცალ სენდვიჩს და 1 ცალ უალკოჰოლო სასმელს და სადილზე უფასო ურიგებს მათ;

(ბ) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით იანვრის თვეში ოფისმა შეიძინა 118 ლარის ღირებულების სენდვიჩი და 23,60 ლარის ღირებულების უალკოჰოლო სასმელი. „საკონდიტრო“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, „ოფისს“ სენდვიჩებზე და გამაგრილებელ სასმელებზე მათი შეძენისას დღგ-ს ჩათვლა არ მიუღია;

(გ) თანამშრომლები სადილს მიირთმევენ ოფისში არსებულ ყავის ოთახში, სადაც მაგიდის გაწყობა და ალაგება ხდება თვითონ თანამშრომლების მიერ;

(დ) უსასყიდლო კვება არ წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრა:

დაშვება N1 (საქონლის მიწოდება):

თუ დავუშვებთ, რომ თანამშრომლებისთვის სენდვიჩებისა და უალკოჰოლო სასმელების გადაცემა წარმოადგენს საქონლის მიწოდებას, მაშინ:

თანამშრომლებზე საკვების უფასო მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან შეძენილ სენდვიჩებსა და უალკოჰოლო სასმელებზე „ოფისს“ მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ „საკონდიტრო“ იქნებოდა დღგ-ს გადამხდელი და მიწოდებულ საქონელზე „ოფისს“ გამოუწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, „ოფისის“ მიერ სენდვიჩებსა და უალკოჰოლო სასმელებზე დღგ-ს ჩათვლა არ უნდა განხორციელდეს, რადგან ისინი განკუთვნილია თანამშრომლებისთვის უფასო მიწოდებისთვის.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარებოდა თანამშრომელთა მიერ იანვრის თვეში უსასყიდლო კვების პროდუქტების სახით მიღებული სარგებელი, მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით და იქნებოდა – 177 ლარი (=141,60ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 35,4 ლარი (=177ლარი * 20%).

დაშვება N2 (მომსახურების გაწევა):

თუ დავუშვებთ, რომ თანამშრომლებისთვის სენდვიჩებისა და უალკოჰოლო სასმელების გადაცემა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, მაშინ:

თანამშრომლებზე უსასყიდლო კვების მომსახურების გაწევა დაიბეგრება დღგ-ით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შეძენილ სენდვიჩებსა და უალკოჰოლო სასმელებზე „ოფისს“ მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ჯამური ღირებულება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს შეძენილი სენდვიჩებისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულების ჯამს ე.ი. 141,60 ლარს. ხოლო დარიცხული დღგ- 25,49 ლარი.  იმ შემთხვევაში კი, თუ „საკონდიტრო“ იქნებოდა დღგ-ს გადამხდელი და მიწოდებულ საქონელზე „ოფისს“ გამოუწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, „ოფისის“ უფლებამოსილი იქნებოდა შეძენილ სენდვიჩებსა და უალკოჰოლო სასმელებზე განეხორციელებინა დღგ-ს ჩათვლა.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარებოდა თანამშრომელთა მიერ იანვრის თვეში უსასყიდლო კვების მომსახურების სახით მიღებული სარგებელი, მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით და იქნებოდა – 177 ლარი (=141,60ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 35,4 ლარი (=177ლარი * 20%).

შენიშვნა:

როგორც ზემოდმოცემული დაშვებებიდან ჩანს თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად შეფასება იწვევს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საქონლის მიწოდება თუ მომსახურების გაწევა.

მაგალითი: უფასო სენდვიჩები და უალკოჰოლო სასმელები თანამშრომლებისთვის. თანამშრომელთა კვების დაბეგვრა

3.       კვების პროდუქტების მიწოდების და კვების მომსახურების გაწევის გამიჯვნა ერთმანეთისგან

იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის პროცესში მომსახურების გაწევის ელემენტები ხარისხობრივად (და არა თანხობრივად) აჭარბებს საქონლის მიწოდების ელემენტებს მაშინ თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფა წარმოადგენს კვების მომსახურების გაწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლებისთვის საკვები პრუდუქტების გადაცემა ჩაითვლება საქონლის მიწოდებად.

კვების პროდუქტების მიწოდების და კვების მომსახურების გაწევის გამიჯვნა ერთმანეთისგან თანამშრომელთა კვების დაბეგვრის ფარგლებში

4.       მაგალითი N1: უფასო სენდვიჩები და გამაგრილებელი სასმელი

დავუბრუნდეთ მაგალით N1-ს:

მაგალითი N1:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „ოფისი“ ახდენს თანამშრომელთა უფასო სადილით უზრუნველყოფას, კერძოდ: ახლო მდებარე „საკონდიტროში“ თითო თანამშრომლისთვის ყოველდღიურად ყიდულობს 2 ცალ სენდვიჩს და 1 ცალ გამაგრილებელ სასმელს და სადილზე უფასო ურიგებს მათ;

(ბ) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით წლის იანვრის თვეში მან შეიძინა 118 ლარის ღირებულების სენდვიჩი და 23,60 ლარის ღირებულების გამაგრილებელი სასმელი. „საკონდიტრო“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, „ოფისს“ სენდვიჩებზე და გამაგრილებელ სასმელებზე მათი შეძენისას დღგ-ს ჩათვლა არ მიუღია;

(გ) თანამშრომლებლები სადილს მიირთმევენ ოფისის პატარა სამზარეულო ოთახში, სადაც მაგიდის გაწყობა და ალაგება ხდება თვითონ თანამშრომლების მიერ;

(დ) უსასყიდლო კვება არ წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრას:

მოცემულ შემთხვევაში მომსახურების ელემენტებად შეიძლება შეფასდეს „ოფისის“ მიერ თანამშრომლებისთვის სამზარეულო ოთახის გამოყოფა, ხოლო საქონლის მიწოდების ელემენტს წარმოადგენს თანამშრომლებისთვის სენდვიჩებისა და გამაგრილებელი სასმელების გადაცემა. ამასთან, „ოფისის“ მიერ თანამშრომლებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება ხდება მათი დამატებითი დამუშავება/გადამუშავების, სერვირება – ალაგების გარეშე, იმ სამომხმარებლო ულუფებად, რა ულუფებშიც მოხდა მათი შეძენა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაში, ხარისხობრივი თვალსაზრისით, საქონლის მიწოდების ელემენტები აჭარბებს მომსახურების გაწევის ელემენტებს და სახეზეა საწარმოს მიერ თანამშრომლებისთვის საქონლის, კერძოდ – კვების პროდუქტების მიწოდება (და არა კვების მომსახურების გაწევა).

„ოფისის“ მიერ თანამშრომლებისთვის საკვები პროდუქტის მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან შეძენილ სენდვიჩებსა და გამაგრილებელ სასმელებზე „ოფისს“ მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 177 ლარი (=141,50 / 80%), ხოლო საშემოსავლო გადასახადი – 35,40 ლარი (=177 ლარი * 20%).

იანვრის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება  0 ლარი.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 1 813,26 ლარი (=177ლარი / 98%).

თებერვლის თვეში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 72,53 ლარი (=1 813,26ლარი * 2% + 1 813,26ლარი * 2%) .

შენიშვნა:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „საკონდიტრო“ იქნებოდა დღგ-ს გადამხდელი და მიწოდებულ საქონელზე „ოფისს“ გამოუწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, „ოფისის“ მიერ სენდვიჩებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დღგ-ს ჩათვლა არ უნდა განხორციელდეს, რადგან საკვები პროდუქტები განკუთვნილი არ არის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებლად და ისინი განკუთვნილია თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ მისაწოდებლად.

მაგალითი: თანამშრომელთა უფასო კვების დაბეგვრა -  უფასო სენდვიჩები და გამაგრილებელი სასმელი.

5.       მაგალითი N2: დაქირავებული მზარეული

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N2:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „ოფისმა“ თებერვლის თვიდან თანამშრომლების უფასო კვებით უზრუნველყოფის მიზნით ახლო მდებარე სუპერმარკეტიდან დაიწყო მზა კვების პროდუქტების შეძენა;

(ბ) ამასთან, „ოფისმა“ დაიქირავა პირი, რომელსაც ევალებოდა შესვენებისას სამზარეულო ოთახში განეხორციელებინა სერვირება, მოეხდინა სხვადასხვა კერძების შეთავაზება თანამშრომლებისთვის და სადილის დასრულებისას აელაგებინა მაგიდა, დაერეცხა ჭურჭელი და დაესუფთავებინა სამზარეულო ოთახი;

 (გ) თებერვლის თვეში თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულმა „ოფისის“ დანახარჯმა შეადგინა – 1 500 ლარი: მ.შ. სუპერმარკეტიდან შეძენილი საკვები პროდუქტების ხარჯმა – 1 000 ლარი დღგ-ს გარეშე, დაქირავებული პირის ხელფასი (საშემოსავლო და საპენსიო შენატანების ჩათვლით) – 500 ლარი;

(დ) უფასო კვება გავლენას არ ახდენდა თანამშრომლების შრომით ანაზღაურებაზე და შესაბამისად, არ წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრას:

მოცემულ შემთხვევაში, კვებით უზრუნველყოფაში საქონლის მიწოდების ელემენტს წარმოადგენს თანამშრომლებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება, რომლის თანხობრივი წილის კვების უზრუნველყოფის მთლიან დანახარჯში შეადგენს 66,67%-ს (=1000ლარი / 1500ლარი * 100%). კვებით უზრუნველყოფაში მომსახურების გაწევის ელემენტს წარმოადგენს სერვირება, თანამშრომლებისთვის კერძების შეთავაზება, ჭურჭლით უზრუნველყოფა, სამზარეულო ოთახის დალაგება და ა.შ., რომლის თანხობრივი წილი მთლიან დანახარჯში შეადგენს 33,33%. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხობრივი დანახარჯების თვალსაზრისით საქონლის მიწოდების ელემენტები აჭარბებს მომსახურების გაწევის ელემენტებს და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „ოფისის“ მიერ თავად არ ხდება საკვები პროდუქტების მომზადება და/ან დამუშავება/გადამუშავება და ის თანამშრომლებისთვის ყიდულობს მზა პროდუქტს, ხარისხობრივი თვალსაზრისით მომსახურების ელემენტები  მოცემული სახით თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის მთავარ ნაწილს წარმოადგენს და ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს „ოფისის“ მიერ მისის თანამშრომლებისათვის არა კვების პროდუქტების მიწოდებას, არამედ კვების მომსახურების გაწევას.

შესაბამისად, თებერვლის თვეში დღგ-ით დასაბეგრ თანხა იქნება კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების დღგ-ს გარეშე ე.ი. 1 500 ლარი (=1 000ლარი + 500ლარი), ხოლო დარიცხული დღგ – 270ლარი. „ოფისს“ უფლება აქვს შეძენილ საკვებ პროდუქტებზე მიიღოს დღგ-ს ჩათვლა – 180 ლარის ოდენობით.

საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება თანამშრომლების მიერ უსასყიდლო მიღებული კვების მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს ჩათვლით და არა კვების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკვები პროდუქტების შეძენა ხორციელდება, მზა სახით, საცალო რეალიზატორთან სუპერმარკეტში და მოცემულ შემთხვევაში კვების უზრუნველყოფისას ადგილი არ აქვს საქონლის და მომსახურების იმ ხარისხის კომბინაციას, რაც კვების მომსახურების საბაზრო ფასს არსებითად გაზრდიდა დანახარჯებთან შედარებით, გაწეული კვების მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს ჩათვლით) შეიძლება გაანგარიშებული იქნას კვების მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე (მ.შ. მზარეულის თანხაზე) დღგ-ს დარიცხვით (ე.ი. 118%-ზე გამრავლებით) და იქნება – 1 770 ლარი (=1500ლარი * 118%).

შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება 2 212,50 ლარი (=1500ლარი * 118% / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 442,50 ლარი.

თებერვლის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  0 ლარი.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 2 257,65 ლარი (=2 212,50ლარი / 98%).

თებერვლის თვეში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 90,31 ლარი (=2 257,65ლარი * 2% + 2 257,65ლარი * 2%) .

მაგალითი: დაქირავებული მზარეული.

6.       კვების მომსახურების საბაზრო ფასის გაანგარიშება დანახარჯების ღირებულებიდან

დიდი ზომის საწარმოების მიერ, რომლებთაც გააჩნიათ კვების უზრუნველსაყოფად საჭირო მასალა-ნედლეულის შესყიდვის საკუთარი სისტემები, ფლობენ შესაბამისი სამზარეულო ინფრასტრუქტურით და ავეჯით მოწყობილი სასადილო სივრცეებს და თანამშრომელთა კვებას უზრუნველყოფენ ორგანიზებულად მზარეულებისა და მომსახურე პერსონალის მეშვეობით,  თანამშრომლებისთვის გაწეული კვების მომსახურების საბაზრო ფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს კვების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯებზე ჯერ 25%-იანი ფასნამატის, ხოლო შემდეგ  დღგ-ს დარიცხვით (=დანახარჯები * 125% * 118%), თუ (რაღა თქმა უნდა) არ არსებობს თანამშრომლებისთვის გაწეული კვების მომსახურების საბაზრო ფასის შეფასების დოკუმენტი. დიდი ზომის საწარმოებში თემის განსაკუთრებით აქტუალურობის გამო, ევროპის ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციების ნაწილმა დაადგინა თანამშრომლებზე გაწეული კვების მომსახურების ზღვრული საბაზრო ფასები, რომელზე ნაკლებადაც საწარმოს არ შეუძლია შეაფასოს გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი. მაგალითად, მიმდინარე წლისთვის გერმანიაში თანამშრომლისთვის უფასო სადილის უზრუნველყოფის სახით გაწეული მომსახურების ზღვრული საბაზრო ფასი შეადგენს – 3,57ევროს, 2021 წელს აღნიშნული ზღვრული ფასი შეადგენდა – 3,47 ევროს. საქართველოში კვების მომსახურების ზღვრული საბაზრო ფასები დადგენილი არ არის.

თანამშრომელთა კვება -ის მომსახურების საბაზრო ფასის გაანგარიშება დანახარჯების ღირებულებიდან.

7.       მაგალითი N3: მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების უფასო კვება საწარმოს სასადილოში

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N3: მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების უფასო კვება საწარმოს სასადილოში

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) მარტის თვეში მეტალურგიული საწარმო უზრუნველყოფდა 100 თანამშრომლის უფასო სადილს. უფასო კვება გავლენას არ ახდენდა თანამშრომლების შრომით ანაზღაურებაზე და შესაბამისად, არ წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს;

(ბ) სულ მარტის თვეში კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულმა დანახარჯების ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა – 11 000 ლარი,  მ.შ. საწარმოს სასადილოს მუშა მოსამსახურეების ხელფასის ხარჯმა, საშემოსავლო და საპენსიო შენატანების ჩათვლით, შეადგინა  – 3 000 ლარი, მასალა – ნედლეულის ხარჯმა – 7 200 ლარი (დღგ-ს გარეშე), კომუნალურმა ხარჯმა – 800 ლარი (დღგ-ს გარეშე);

(გ) მარტის თვეში თანამშრომლებმა მოიხმარეს სულ დღგ-ს ჩათვლით 15 600 ლარის საბაზრო ფასის 2400 ულუფა კერძი, მათ შორის პირველი კერძი – 800 ულუფა, საბაზრო ფასით – 6 400 ლარი (=800ულუფა * 8ლარი), მე-2 კერძი – 600 ულუფა, საბაზრო ფასით – 4 200 ლარი (= 600 ულუფა * 7 ლარი), მე-3 კერძი – 500 ულუფა, 2 500 ლარის საბაზრო ფასით (=500ულუფა * 5ლარი) და მე-4 კერძი – 500 ულუფა 2 500 ლარის საბაზრო ფასით (=500ულუფა * 5ლარი);

(დ) საწარმო კონკრეტული თანამშრომლის მიერ მოხმარებულ კერძების ულუფებს ინდივიდუალურად არ აღრიცხავს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, დღგ-ით მიზნებისთვის ადგილი აქვს კვების მომსახურების უსასყიდლო გაწევას, შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე, რომელიც მარტის თვეში შეადგენს 11 000 ლარს (=3 000ლარი + 7 200ლარი + 800ლარი), ხოლო დარიცხული დღგ-ს იქნება – 1 980 ლარი (=11 000ლარი * 18%).  

საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება მარტის თვეში თანამშრომლების მიერ უსასყიდლო კვების მომსახურების სახით მიღებული სარგებელი, მასზე დარიცხული და ნაპატიები საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და იქნება – 19 500 ლარი (=15 600ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება – 3 900 ლარი (=19 500ლარი * 20%).

მარტის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  0 ლარი.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 19 897,96 ლარი (=19 500ლარი / 98%).

მარტის თვეში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 795,92 ლარი (=19 897,96ლარი * 2% + 19 897,96ლარი * 2%) .

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა გაწეული კვების მომსახურების საბაზრო ფასის ოდენობის შეფასების დოკუმენტი, მაშინ თანამშრომლების მიერ უსასყიდლოდ მიღებული კვების მომსახურების სავარაუდო საბაზრო ფასის გაანგარიშება განხორციელდებოდა კვების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულებიდან, მასზე 25%-იანი ფასნამატის გავრცელებით და იქნებოდა – 16 225 ლარი (=11 000 ლარი * 125% * 118%). შესაბამისად, მატალურგიული საწარმოსთვის მარტის თვეში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნებოდა – 20 281,25 ლარი (=16 225ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 4 056,25 ლარი (=20 281,25ლარი * 20%).

მაგალითი: მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების უფასო კვება საწარმოს სასადილოში. თანამშრომელთა კვება და მისი დაბეგვრა

8.       უფასო კვება როგორც შრომითი ანაზღაურების ნაწილი  

თანამშრომლების უფასო კვებით უზრუნველყოფა გავლენას არ ახდენს შრომის ანაზღაურებაზე და არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, მაგრამ თუ შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა გარემოებით უფასო კვება განიხილება შრომითი ანაზღაურების ნაწილად, მაშინ დღგ-ს მიზნებისათვის ადგილი აქვს საწარმოს მიერ მისი თანამშრომლებისთვის არა უსასყიდლო, არამედ სასყიდლიანი მომსახურების გაწევას, რა შემთხვევაშიც კვების მომსახურების ანაზღაურების თანხა განისაზღვრება კვების მომსახურების საბაზრო ფასით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იდენტიფიცირებადია საწარმოსა და თანამშრომელს შორის კვების მომსახურებისთვის შეთანხმებული საზღაურის თანხა და აღნიშნული თანხა მეტია კვების მომსახურების საბაზრო ფასზე – ასეთ შემთხვევაში კვების მომსახურების ანაზღაურების თანხას წარმოადგენს საწარმოსა და თანამშრომელს შორის შეთანხმებული თანხა.

უფასო კვება როგორც შრომითი ანაზღაურების ნაწილი. თანამშრომელთა კვება და მისი დაბეგვრა 

9.       მაგალითი N4:   დანამატი ხელფასზე გამოუყენებელი კვების უფლების სანაცვლოდ

განვიხილოთ კიდევ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N4:  

(ა) საწარმო სამუშაო დღეებში ახდენს თანამშრომლების ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფას;

(ბ) თანამშრომლებს უფლება აქვთ არ ისარგებლონ საწარმოს  მიერ შეთავაზებული უფასო კვებით, რა შემთხვევაშიც მათ ხელზე მისაღებ ხელფასზე დანამატის სახით ემატებათ 10 ლარი (ნეტ-თანხა) ყოველ გამოუყენებელ დღეზე;

(გ) ივნისის თვეში კონკრეტულმა თანამშრომელმა („თანამშრომელი“) 24 სამუშაო დღიდან 10 დღე ისარგებლა უფასო კვებით, ხოლო 14 დღე უფასო კვების უფლებით არ უსარგებლია;

(დ) საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული უფასო კვების მომსახურების საბაზრო ღირებულება დღეში შეადგენს – 12 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ის გარემეობა, რომ თანამშრომლებს ხელზე მისაღებ ხელფასზე დანამატის სახით  ემატებათ ნეტ-თანხა – 10 ლარი, მიუთითებს იმ ფაქტს, რომ კვების მომსახურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს.

შესაბამისად, დღგ-ს მიზნებისთვის, სახეზეა საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის არა უსასყიდლო, არამედ სასყიდლიანი კვების მომსახურების გაწევა. კვების მომსახურების ანაზღაურების თანხას, მხარეთა შეთანხმებით, წარმოადგენს 10 ლარი დღეში, ხოლო კვების მომსახურების საბაზრო ღირებულებას 12 ლარი დღეში. კვების მომსახურების საბაზრო ფასი მეტია მხარეთა შორის შეთანხმებულ ანაზღაურების თანხაზე დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვისაც მოხდება საბაზრო ფასის გამოყენება.

შესაბამისად, ივნისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება –  101,69 ლარი (=10დღე * 12ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 18,30 ლარი (=101,69ლარი * 18%).

საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 150 ლარი (=12ლარი * 10დღე / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 30 ლარი (=150ლარი * 20%).

ივნისის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  153,06 ლარი (=150ლარი / 98%).

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 0 ლარი.

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 6,12 ლარი (=153,06ლარი * 4%) .

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებული ნეტ-დანამატის თანხა იქნებოდა 15 ლარი დღეში, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის მოხდებოდა არა საბაზრო ფასის, არამედ მხარეთა შორის შეთანხმებული ფასის გამოყენება. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის კი, ასეთ შემთხვევაშიც გამოიყენება  კვების მომსახურების საბაზრო ფასი.

შესაბამისად, ივნისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება –  127,12 ლარი (=10დღე * 15ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 22,88 ლარი (=101,69ლარი * 18%).

საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 150 ლარი (=12ლარი * 10დღე / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 30 ლარი (=150ლარი * 20%).

ივნისის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  153,06 ლარი (=150ლარი / 98%).

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 0 ლარი.

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 6,12 ლარი (=153,06ლარი * 4%).

მაგალითი:   დანამატი ხელფასზე გამოუყენებელი კვების უფლების სანაცვლოდ. თანამშრომელთა კვება

10.     თანამშრომელთა კვების საფასურის სუბსიდირება

ხშირად საწარმოებს არ გააჩნიათ სასადილო სივრცეეები და საკუთარი ძალებით არ ახდენენ თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევას. ასეთ შემთხვევაში ისინი თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფას ახორციელებენ მესამე პირების – კვების ობიექტების მეშვეობით, რა დროსაც ძირითადად განასხვავებენ 3 შემთხვევას: პირველ და ყველაზე გავრცელებულ შემთხვევაში, საწარმო კვების ობიექტის წინაშე იღებს ვალდებულებას სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თანამშრომლის მიერ კვების ობიექტში შეძენილი კვების მომსახურების ფასი. ამ შემთხვევაში საწარმოს თითეული თანამშრომელი, როგორც კვების ობიექტის სხვა ჩვეულებრივი კლიენტი, საკუთარი შეხედულებისამებრ კვების ობიექტის მენიუდან, რომელშიც მითითებულია კერძების ფასები, ირჩევს მისთვის სასურველ კერძს და იძენს მას ე.ი. კვების მომსახურების შემძენს წარმოადგენს თანამშრომელი, შესაბამისად, ფულადი მოთხოვნა კვების ობიექტს მომსახურების შეძენისას წარმოეშვება საწარმოს თანამშრომლის მიმართ. საწარმო კი კვების ობიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს თანამშრომლის მიერ შეძენილი კვების მომსახურების ფასის სრულ ან ნაწილობრივ სუბსიდირებას, შესაბამისად, კვების ობიექტის ფულადი მოთხოვნა მომსახურების მყიდველის – ე.ი. საწარმოს თანამშრომლის მიმართ, ავტომატურად კონვერტირდება ფულად მოთხოვნად საწარმოს მიმართ.

ასეთ შემთხვევაში, დღგ-ს მიზნებისთვის, ადგილის აქვს კვების ობიექტის მიერ საწარმოს თანამშრომლებისთვის (და არა საწარმოსთვის) სასყიდლიანი კვების მომსახურების გაწევას, რომლის ღირებულების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება ხდება საწარმოს მიერ. შესაბამისად, საწარმოს მიერ საკუთარი თანამშრომლისთვის კვების მომსახურების გაწევას ადგილი არ აქვს. საწარმოს მიერ კვების ობიექტისთვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა დღგ-ს მიზნებისთვის წარმოადგენს მესამე პირის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდას.

საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, დღგ-ს გადასახადისაგან განსხვავებით, სახეზეა არა მესამე პირის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდა ე.ი. საწარმოს მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება და შესაბამისად, თანამშრომლისთვის ფულადი სარგებლის გადაცემა, არამედ სახეზეა უსასყიდლო ან ნაწილობრივ უსასყიდლო კვების მომსახურების სახით საწარმოს მიერ თანამშრომლებისთვის  არაფულადი სარგებლის გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება უნდა მოხდეს არა საწარმოს მიერ კვების ობიექტისთვის გადახდილი თანხიდან, როგორც ეს იქნებოდა ფულადი სარგებლის შემთხვევაში, არამედ კვების მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან, როგორც ეს დადგენილია არაფულად სარგებლის – მ.შ. უსასყიდლო მომსახურების შემთხვევაზე.

შეამჩნევდით, რომ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენებული იქნა განსხვავებული შეფასებები, რაც ხსენებული გადასახადების განსხვავებული მიზნებისგან გამომდინარეობს.

თანამშრომელთა კვების საფასურის სუბსიდირება. თანამშრომელთა კვება

11.     მაგალითი N5:   სადაზღვევო „კომპანიის“ მიერ საკუთარი თანამშრომლების კვების საფასურის სრული სუბსიდირება

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N5:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) მაისის თვეში სადაზღვევო „კომპანიამ“ ახლო მდებარე „სასადილოს“ გაუფორმა „ხელშეკრულება“, რომლის მიხედვით „კომპანია“ ვალდებულებას იღებდა 10 ივნისამდე დაეფარა საკუთარი 50 თანამშრომლების მიერ მაისის თვეში „სასადილოში“ მიღებული კვების მომსახურების ფასი. კვების სუბსიდია არ წარმოადგენდა შრომის ღირებულების ნაწილს;

(ბ) თანამშრომლები „სასადილოს“ მენიუდან თავად ირჩევდნენ სასურველ კერძებს და იძენდნენ მათ. „სასადილოს“ მიერ ყოველდღიურად ხდებოდა თითეული თანამშრომლის მიერ შეძენილი კერძებისა და მათი ფასების აღრიცხვა;

(გ) „კომპანიასა“ და „სასადილოს“ შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, „სასადილო“ „კომპანიას“ უკეთებდა 10%-იან ფასდაკლებას თანამშრომლების მიერ თვის განმავლობაში მიღებული კვების მომსახურების ფასზე;

(დ) მაისის თვეში „სასადილოს“ მიერ თანამშრომლებისათვის გაწეულმა კვების მომსახურების ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა შეადგინა – 14 500 ლარი;

(ე) 6 ივნისს „კომპანიამ“ „სასადილოს“ გადაუხადა მაისის თვის კვების მომსახურების ფასდაკლებული თანხა – 13 050 ლარის (=14 500 ლარი – 14 500ლარი * 10%) ოდენობით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, დღგ-ს მიზნებისთვის, ადგილი აქვს „სასადილოს“ მიერ „კომპანიის“ თანამშრომლებისთვის სასყიდლიანი კვების მომსახურების გაწევას. „კომპანიასა“ და „სასადილოს“ შორის გაფორმებული „ხელშეკრულების“ შესაბამისად „კომპანიამ“ 100%-ით დაასუბსიდირა თანამშრომლების მიერ „სასადილოში“ მიღებული კვების მომსახურება. შესაბამისად, თანამშრომლების მიერ „სასადილოსათვის“ გადასახდელი თანხა შეადგენს – 0 ლარს, ხოლო კომპანიის მიერ სასადილოსთვის გადასახდელი თანამშრომელთა კვების სუბსიდია შეადგენს – 13 050 ლარს (=14 500ლარი – 14 500ლარი * 10%). შესაბამისად, „სასადილოს“ მიერ თანამშრომლებისთვის გაწეული კვების მომსახურება ანაზღაურების თანხა (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს – 13 050 ლარს (=0ლარი + 13050ლარი). მაისის თვეში „სასადილოსთვის“ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 11 059,32ლარი (=13050ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 1 990,68ლარი. არც მაისის და არც ივნისის თვეში „კომპანიას“ დღგ-ს დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოშობია. დღგ-ს მიზნებისთვის, „კომპანიის“ მიერ 6 ივნისს გადახდილი თანხა – 13 050 ლარი წარმოადგენს თანამშრომლების ვალდებულების დაფარვის მიზნით განხორციელებულ გადახდას.

დღგ-საგან განსხვავებით, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ადგილი აქვს „კომპანიის“ მიერ მისი თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების სახით არაფულადი სარგებლის გადაცემას. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება კვების მომსახურების არა ფასდაკლებული თანხა – 13 050 ლარის ოდენობით, არამედ  კვების მომსახურების საბაზრო ღირებულება – 14 500 ლარი. შესაბამისად, მაისის თვეში „კომპანიის“ მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 18125ლარი (=14 500 / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 3 625 ლარი (=18125ლარი * 20%). ის გარემოება, რომ „კომპანიის“ მიერ „სასადილოსთვის“ თანხის გადახდა მოხდა არა მაისის, არამედ ივნისის თვეში, არაფერს ცვლის, რადგან, როგორც უკვე ვთქვით თანამშრომელთა კვების სუბსიდირება წარმოადგენს არაფულად სახელფასო სარგებელს და რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება მაისში – თვის ბოლო რიცხვით (§154.3.ა.). 

მაისის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  0 ლარი.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 18 494,90 ლარი (=18 125ლარი / 98%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 739,80 ლარი (=18 494,90 ლარი * 4%) .

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ კვების მომსახურების გაწევამდე, ერთის მხრივ, „კომპანიასა“ „სასადილოს“ შორის , ხოლო მეორეს მხრივ,  „კომპანიასა“ და მის თანამშრომლებს შორის, არ იარსებებდა შეთანხმება მიღებული კვების მომსახურების სუბსიდირებაზე და მაგალითად, „კომპანია“ ივნისის თვეში მიიღებდა გადაწყვეტილებას საკუთარი თანამშრომლების მიერ მაისის თვეში მიღებული კვების მომსახურების სუბსიდირებაზე, მაშინ სახეზე იქნებოდა „კომპანიის“ მიერ თანამშრომლისთვის არა არაფულადი სარგებლის ე.ი. უფასო კვების მომსახურების გადაცემა, არამედ სახეზე იქნებოდა ხარჯების ანაზღაურების სახით ფულადი სარგებლის გადაცემა და სარგებელი დაბეგვრას დაექვემდებარებოდა „კომპანიის“ მიერ „სასადილოსთვის“ თანხის ანაზღაურების მომენტში (ე.ი. ივნისის თვეში). ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მოხდებოდა არა კვების მომსახურების საბაზრო ფასიდან, არამედ „სასადილოსთვის“ ანაზღაურებული თანხიდან.

მაგალითი:   სადაზღვევო „კომპანიის“ მიერ საკუთარი თანამშრომლების კვების საფასურის სრული სუბსიდირება. თანამშრომელთა კვება

12.     თანამშრომელთა კვების თანხის ნაწილობრივი სუბსიდირება

საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვების ნაწილობრივ სუბსიდირების შემთხვევაში, მიღებული სარგებლის თანხა იქნება კვების მომსახურების საბაზრო ფასი, შემცირებული თანამშრომლის მიერ კვების მომსახურებაში გადახდილი მისი წილი თანხით.

თანამშრომელთა კვების თანხის ნაწილობრივი სუბსიდირება. თანამშრომელთა კვება

13.     მაგალითი N5 (მე-2 ვარიანტი):  სადაზღვევო „კომპანიის“ მიერ თანამშრომელთა კვების თანხის ნაწილობრივი სუბსიდირება

განვიხილოთ მე-5 მაგალითი იმ განსხვავებით, რომ საწარმო არა სრულად, არამედ ნაწილობრივ 50%-ით ასუბსიდირებს თანამშრომლების მიერ სასადილოში მიღებული კვების მომსახურებას და მეორე 50%-ს უკავებს თანამშრომელს ხელზე ასაღები ხელფასიდან და ურიცხავს კვების ობიექტს:

მაგალითი N5 (მე-2 ვარიანტი): 

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) მაისის თვეში სადაზღვევო „კომპანიამ“ ახლო მდებარე „სასადილოს“ გაუფორმა „ხელშეკრულება“, რომლის მიხედვით „კომპანია“ ვალდებულებას იღებდა 10 ივნისამდე დაეფარა საკუთარი 50 თანამშრომლების მიერ მაისის თვეში „სასადილოში“ მიღებული კვების მომსახურების საფასური. კვების მომსახურების საფასურის ნახევრის – (50%-ის) გადახდას „კომპანია“ ახორციელებდა საკუთარი ხარჯით, ხოლო მეორე ნახევარს უკავებდა თანამშრომლებს მათზე ხელზე გასაცემი თანხიდან. კვების სუბსიდია არ წარმოადგენდა შრომის ღირებულების ნაწილს;

 (ბ) თანამშრომლები „სასადილოს“ მენიუდან თავად ირჩევდნენ სასურველ კერძებს. სასადილოს მიერ ყოველდღიურად ხდებოდა თითეული თანამშრომლის მიერ შეძენილი კერძების აღრიცხვა;

(გ) „კომპანიასა“ და „სასადილოს“ შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, „სასადილო“ „კომპანიას“ უკეთებდა 10%-იან ფასდაკლებას თანამშრომლების მიერ თვის განმავლობაში მიღებული კვების მომსახურების ფასზე;

(დ) მაისის თვეში „სასადილოს“ მიერ თანამშრომლებისათვის გაწეულმა კვების მომსახურების ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა – 14 500 ლარი;

(ე) 6 ივნისს „კომპანიამ“ „სასადილოს“ გადაუხადა მაისის თვის კვების მომსახურების ფასდაკლებული საფასური – 13 050 ლარის (=14 500 ლარი – 14 500ლარი * 10%) ოდენობით, რომლიდანაც – 6 525 ლარი (=13 050ლარი * 50%) წარმოადგენდა თანამშრომლების წილს – მათთვის ხელზე გასაცემი ხელფასიდან დაკავებულ თანხას.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაშიც, „კომპანიას“ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება. „სასადილოსთვის“ მაისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 11 059,32 ლარი (=13 050 ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 1 990, 68 ლარი.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, მაისის თვეში თანამშრომლების მიერ უსასყიდლო კვებით მიღებული სარგებელი იქნება კვების მომსახურების საბაზრო ღირებულება – 14 500 ლარი, ხოლო მისი მიღებისას თანამშრომლების მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა – 6 525 ლარი (=13 050ლარი * 50%). შესაბამისად,  „კომპანიისთვის“ მაისის თვეში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 9 968,75 ლარი (= [14 500ლარი – 6 525ლარი] / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 1 993,75 ლარი (=9 968,75ლარი * 20%).

ივნისის თვეში, „კომპანიისთვის“ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი იქნება კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული ხელფასის თანხა, რომელიც მათთანვე შეთანხმებით დაუკავდა და გადაერიცხა „სასადილოს“. შესაბამისად, ივნისის თვეში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 8 156,25 ლარი (= 6 525ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 1 631,25 ლარი.

მაის-ივნისში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  8 322,70 ლარი (=8 156,25ლარი / 98%).

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 10 172,19 ლარი (=9 968,75ლარი / 98%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) ჯამურად იქნება – 739,80 ლარი (=[8 322,70ლარი + 10 172,19ლარი] * 4%).

მაგალითი:  სადაზღვევო „კომპანიის“ მიერ თანამშრომელთა კვების თანხის ნაწილობრივი სუბსიდირება. თანამშრომელთა კვება

14.     თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევა მესამე პირების მეშვეობით

მესამე პირების მეშვეობით თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის კიდე ერთ ფართოდ გავრცელებულ (მეორე) შემთხვევაში, საწარმო ახდენს არა თანამშრომელთა მიერ მიღებული კვების მომსახურების ფასის სუბსიდირებას, არამედ თავად იძენს კვების ობიექტიდან კვების მომსახურებას და შესაბამისად თავად არის კვების მომსახურების ხელშეკრულების მხარე – კვების მომსახურების შემძენი. ასეთ შემთხვევაში საწარმო კვების ობიექტს თავად უკვეთავს კვების მომსახურების სახესა (მაგ.: კერძებს), მისი გაწევის პირობებს და უთანხმებს მომსახურების ფასს. კვების ობიექტი უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევას საწარმოსთან ხელშეკრულებით შეთანხმებული წესითა და პირობებით.

ასეთ შემთხვევაში, დღგ-ს მიზნებისთვის, ადგილის აქვს ორ დასაბეგრ ოპერაციას ერთის მხრივ კვების ობიექტის მიერ „საწარმოსათვის“ სასყიდლიანი კვების მომსახურების, ხოლო მეორეს მხრივ „საწარმოს“ მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის უფასო კვების მომსახურების გაწევას.

საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის არაფერი იცვლება და ადგილი აქვს საწარმოს მიერ უფასო კვების მომსახურების სახით თანამშრომლისთვის სარგებლის გადაცემას.

თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევა მესამე პირების მეშვეობით. თანამშრომელთა კვება

15.     მაგალითი N6: უფასო კვება აუდიტორული კომპანიის თანამშრომლებისთვის

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N6:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) აუდიტორულმა „კომპანიამ“ აპრილის თვეში ახლო მდებარე „სასადილოს“, მასთან გაფორმებული „შეთანხმების“ საფუძველზე,  დაუკვეთა მისი 20 თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა ყოველდღიურად რამდენიმე კერძის მომზადებასა და  13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე სასადილო სივრცეში „კომპანიის“ თანამშრომლებისთვის უფასო მიწოდებას;

(ბ) გაფორმებული „შეთანხმების“ მიხედვით „სასადილოს“ მიერ გასაწევი კვების მომსახურების ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენდა – 4 130 ლარს, რომელიც 10%-ით ნაკლები იყო კვების მომსახურების საბაზრო ფასზე. კვების მომსახურების საბაზრო ფასი შეადგენდა 4 543 ლარი (=4 130ლარი * 110%);

(გ) „შეთანხმების“ საფუძველზე სასადილომ აპრილის თვეში განახორციელა აუდიტორული „კომპანიის“ 20 თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა;

(დ) უფასო კვება არ წარმოადგენდა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, დღგ-ის მიზნებისათვის ადგილი აქვს ორ დასაბეგრ ოპერაციას, ერთის მხრივ „სასადილომ“ სასყიდლიანი კვების მომსახურება გაუწია „კომპანიას“, ხოლო მეორეს მხრივ „კომპანიამ“ უსასყიდლო კვების მომსახურება გაუწია მის თანამშრომლებს. „სასადილოს“ მიერ „კომპანიისთვის“ გაწეული კვებითი მომსახურების ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს – 3 500 ლარს (=4 130ლარი / 118%), შესაბამისად, აპრილის თვეში „სასადილოსთვის“ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 3 500 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ – 630 ლარი (=3 500ლარი * 18%).

„კომპანიის“ მიერ თავისი თანამშრომლებისთვის გაწეული უფასო კვების მომსახურებასთან დაკავშირებულმა დანახარჯებმა (დღგ-ს გარეშე) შეადგინა – 3 500 ლარი, შესაბამისად, „კომპანიისთვისაც“ აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 3 500 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ – 630 ლარი (=3500ლარი * 18%). ამასთან, კომპანია განახორციელებს „სასადილოს“ მიერ მისთვის გაწეულ კვების მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 630 ლარის დღგ-ს ჩათვლას.

საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება კვების მომსახურების საბაზრო ფასი – 4 543 ლარი (=4 130ლარი * 110%), რომელიც ჩაითვლება ნეტ სარგებლად და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 5 678,75 ლარი (=4 543ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება – 1 135, 75ლარი (=5 678,75ლარი * 20%).

აპრილის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება –  0 ლარი.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 5 794,64 ლარი (=5 678,75ლარი / 98%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) ჯამურად იქნება – 231,79 ლარი (=5 794,64 * 2% + 5 794,64 * 2%).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ უფასო კვება იქნებოდა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ნაწილი, მაშინ დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი ექნებოდა „კომპანიის“ მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის სასყიდლიანი მომსახურების გაწევას და „კომპანიისთვის“ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნებოდა არა გაწეული კვების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულება არამედ,  კვების მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს გარეშე), რომელიც შეადგენს – 3 850 ლარს, ხოლო აპრილი თვეში დარიცხული დღგ- იქნებოდა – 693 ლარი (=3 850ლარი * 18%).  

საშემოსავლო გადასახადის კუთხით არაფერი შეიცვლებოდა და აპრილის თვეში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა – 1 135, 75ლარი (=5 678,75ლარი * 20%).

მაგალითი: უფასო კვება აუდიტორული კომპანიის თანამშრომლებისთვის. თანამშრომელთა კვება

16.     თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევა ქეითერინგ კომპანიების მეშვეობით

მესამე პირების მეშვეობით თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის კიდევ ერთი (მესამე) შემთხვევა გხვდება ხშირად პრაქტიკაში, კერძოდ საწარმო თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებულ სასადილო სივრცეს სარგებლობაში გადასცემს მესამე პირს ე.წ. ქეითერინგ კომპანიებს. აღნიშნულ შემთხვევაშიც ვრცელდება უკვე ზემოდ თქმული პრინციპები, კერძოდ: თუ საწარმოს თანამშრომლები თავად არჩევენ მათთვის სასურველ კერძებს ქეითერინგ კომპანიის მენიუდან, რომელშიც მითითებულია კერძების ფასები და საწარმო ქეითერინგ კომპანიის მიმართ თანამშრომლების მიერ მიღებული კვების მომსახურების საფასურის ან მისი ნაწილის სუბსიდირების ვალდებულებას იღებს,  მაშინ, დღგ-ს მიზნებისთვის, ადგილის აქვს ქეითერინგ კომპანიის მიერ „საწარმოს“ თანამშრომლებისთვის სასყიდლიანი კვების მომსახურების გაწევას, რომლის სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება ხდება საწარმოს მიერ. „საწარმოსა“ და თანამშრომლის შორის კვების მომსახურების გაწევას ადგილი არ აქვს. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის კი სახეზეა „საწარმოს“ მიერ თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების სახით არაფულადი სარგებლის გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მოხდება არა სუბსიდიის თანხიდან, არამედ კვების მომსახურების საბაზრო ფასიდან.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმო თავად არის კვების მომსახურების ხელშეკრულების მხარე, ქეითერინგ კომპანიას თავად უკვეთავს კვების მომსახურებას და ქეითერინგ კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევას საწარმოსთან ხელშეკრულებით შეთანხმებული წესითა და პირობებით, მაშინ, დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი აქვს ორ დასაბეგრ ოპერაციას – ერთის მხრივ ქეითერინგ კომპანიის მიერ „საწარმოსათვის“ სასყიდლიანი კვების მომსახურების, ხოლო მეორეს მხრივ „საწარმოს“ მიერ მისი თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების მომსახურების გაწევას. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის კი, ამ შემთხვევაშიც სახეზეა „საწარმოს“ მიერ თანამშრომლებისთვის უსასყიდლო კვების სახით არაფულადი სარგებლის გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მოხდება არა სუბსიდიის თანხიდან, არამედ კვების მომსახურების საბაზრო ფასიდან.

თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების გაწევა ქეითერინგ კომპანიების მეშვეობით. თანამშრომელთა კვება

17.     რა შემთხვევაში არ დაიბეგრება თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა

საწარმოს მიერ თანამშრომელების უფასო კვებით უზრუნველყოფა დაბეგვრას არ ექვემდებარება, თუ თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფა წარმოადგენს უპირატეს საწარმოო ინტერესს.

უპირატესის საწარმოო ინტერესი სახეზეა, თუ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა უპირატესად ემსახურება საწარმოს ინტერესს და არა თანამშრომლებისთვის სარგებლის გადაცემის მიზანს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ უფასო კვების მომსახურების სახით თანამშრომლები იღებენ სარგებელს. ასეთ შემთხვევაში არ ჩაითვლება, რომ კვების პროდუქტების მიწოდება ან კვების მომსახურების გაწევა ხდება თანამშრომლის პირადი სარგებლობისთვის.

კანონმდებელმა საგადასახადო კოდექსში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, განსაზღვრა რამდენიმე შემთხვევა, თუ როდის არის მოცემული უპირატესი საწარმოოს ინტერესი და როდის არ ჩაითვლება თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის პირადი მიზნებისთვის სარგებლის გადაცემად, კერძოდ:

უპირატესი საწარმოო ინტერესი მოცემულია და დაბეგვრას არ ექვემდებარება (§101.3.3.) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა, თუ ის ხორციელდება საწარმოს საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ წინაპირობას (მაგ.: მედ პერსონალის სპეც-კვება დახურული ტიპის ლაბორატორიებსა და საკარანტინე სივრცეებში, ავარიის ჯგუფის საკვებით უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციის დროს და სხვ.) ან თუ საწარმოსგან დამოუკიდებლად საკვების შეძენა თანამშრომლების მხრიდან საჭიროებს არაგონივრულ დროის ხარჯვას ან არაგონივრული ხარჯების გაწევას (მაგ.: სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტიდან სიშორის გამო და სხვ.). ზემოხსენებულ შემთხვევებში, კვებით უზრუნველყოფის მიზნით გაწეულ დანახარჯებზე საწარმოს შეუძლია მიიღოს დღგ-ს ჩათვლა.

დაბეგვრას არ დაექვემდებარება თანამშრომლების მიერ საკვების მოხმარება საწარმოს სახელით გამართულ პრეზენტაციებსა და მიღებებზე (მ.შ. ხსენებული ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ ვახშმებსა თუ ბანკეტებზე მოხმარებული კვების პროდუქტების ან/და მიღებული კვების მომსახურების ჩათვლით), ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სტუმრის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებებზე, ბანკეტებსა და ვახშმებზე თანამშრომლების მიერ საკვების მოხმარება.  თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ხსენებული დანახარჯები წარმოადგენენ წარმომადგენლობით ხარჯებს (§8.33.) და მათზე დღგ-ს ჩათვლა არ უნდა განხორციელდეს (§178.ა.).

დაბეგვრას არ ექვემდებარება თანამშრომლების მიერ კლიენტებთან შეხვედრის ოთახებში არსებული  წვენების, მინერალური წყლების, გამაგრილებელი სასმელების, ჩაის, ყავის, ხილისა და მცირეფასიანი ტკბილეულის მოხმარებაც. ასეთ დანახარჯებზე დღგ-ს ჩათვლა შესაძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში ამგვარი დანახარჯების მოცულობა შეზღუდულია. რადგანაც საგადასახადო ადმინისტრაციას ჯერ არ დაუდგენია თანამშრომლების მიერ ოფისში მოხმარებული მსგავსი მცირე ღირებულების საქონლის დაუბეგრავი ოდენობა, შესაძლებელია ლიმიტად გამოყენებული იქნას მცირე ღირებულების საჩუქრისთვის (§157.ი.) ერთ ფიზიკურ პირზე დადგენილი წლიური ლიმიტი – 50 ლარი (დღგ-ს გარეშე) ერთ თანამშრომელზე წლიურად.

რა შემთხვევაში არ დაიბეგრება თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა. თანამშრომელთა კვება

18.     დასასრული

დღევანდელ ვიდეო კომენტარში შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები. კითხვების, შენიშვნების ან კრიტიკის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მისამართებზე. ჩვენ ეს დაგვეხმარება პროექტის კიდევ უფრო განვითარებასა და სრულყოფაში.

მადლობა, რომ გვისმენდით.

წინა სტატიაშიკომენტარი N1-4: ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა
შემდეგი სტატიაკომენტარი N1-2: თანამშრომლისთვის ავტომობილის გადაცემის დაბეგვრა