კომენტარი N1-2: თანამშრომლისთვის ავტომობილის გადაცემის დაბეგვრა

1882
0

გამარჯობა!

ივლისის გამოცემის მეორე ვიდეო კომენტარში განვმარტავთ თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით ავტომობილის გადაცემის დაბეგვრის საკითხებს.

ვიდეო კომენტარში ჩვენს მიერ მოხდება საგადასახადო კოდექსის §101.2, §159.1.ბ.,  §1601.1., §1601.2.ა., §164.1. და 164.3.ა. ნაწილობრივი განმარტება.

კომენტარი ეხება თანამშრომლისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მსუბუქი ავტომობილის  პირად სარგებლობაში გადაცემის დაბეგვრის საკითხებს. კომენტარი არ განმარტავს თანამშრომლისთვის იჯარის ან სხვა მსგავსი ხელშეკრულების საფუძველზე მსუბუქი ავტომობილის გადაცემის დაბეგვრის საკითხებს. კომენტარი ასევე არ განმარტავს საწარმოს ბალანსზე რიცხული იმ მსუბუქი ავტომობილების თანამშრომლისთვის გადაცემის საკითხებს, რომელიც ფიქტიურად არის აღრიცხული საწარმოს ბალანსზე და უმეტესწილად გამოიყენება საწარმოს თანამშრომლების ან საზოგადოების პარტნიორების/დამფუძნებლების პირადი ინტერესებისთვის.

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ სტატიაში დაფიქსირებული განმარტებები და მოსაზრებები წარმოადგენენ საგადასახადო-სამეცნიერო ვიდეო ჟურნალ TaxInfo -ს პოზიციას, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

1.       თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით მსუბუქი ავტომობილის გადაცემა

თანამშრომლისთვის, პირადი სარგებლობის მიზნით, საწარმოს საკუთრებაში ან მის დროებით მფლობელობაში (მაგ.: ლიზინგით, იჯარით და სხვ. მსგავსი სახით) არსებული მსუბუქი ავტომობილის გადაცემა დაიბეგრება როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით. თანამშრომლისთვის ავტომობილის გადაცემა ძირითადად ხორციელდება წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულება, სამუშაო აღწერილობა, საწარმოს დირექტორის ბრძანება, საწარმოს წესდება ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტი, თუმცა თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი დოკუმენტის არსებობის გარეშეც მხარეთა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, რა შემთხვევაშიც ავტომობილის გადაცემა ასევე ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას. განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს საგადასახადო ადმინისტრაცია N996 ბრძანების §38.11.ა., რომლის მიხედვითაც ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემა პირადი სარგებლობის მიზნით დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი გადაცემა ხორციელდება წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.

2.       საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხები ავტომობილის ძრავის მოცულობების მიხედვით

პირადი სარგებლობის მიზნით მსუბუქი ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემისას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარე ის სარგებელი, რომელიც თანამშრომელმა მიიღო ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობით. §101.21 ადგენს ასეთი გადაცემისთვის ბიუჯეტში გადასახდელ საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობებს და შესაბამისად, ირიბად განსაზღვრავს ავტომობილის გადაცემით თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებლის თანხებს, რომლებიც

3500 სმ3-ზე მეტი ძრავი მოცულობის მქონე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში შეადგენს – 1 500ლარს (=300ლარი/20%) (1 საანგარიშო პერიოდში – კალენდარულ თვეში), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს – 300 ლარს;

2500 სმ3-დან – 3500 სმ3-მდე ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის გადაცემისთვის სარგებელი შეადგენს – 1 000 ლარს (=200ლარი/20%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 200 ლარს;

2500 სმ3-ზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის გადაცემისთვის სარგებელი შეადგენს – 500 ლარს (=100ლარი / 20%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 100ლარს;

ნებისმიერი ძრავის მოცულობის მქონე ჰიბრიდული  ავტომობილის გადაცემისთვის სარგებელი შეადგენს – 300 ლარს (=60ლარი / 20%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 60ლარს;

ელექტრო ძრავიანი ავტომობილის გადაცემისთვის სარგებელი და საშემოსავლო გადასახადი შეადგენს – 0 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაკავება არ ხდება თანამშრომელზე გასაცემი ხელფასის თანხიდან, მაშინ დაბეგვრას დაექვემდებარება ასევე საგადასახადო ვალდებულების პატიებით თანამშრომლის მიერ საწარმოსგან მიღებული სარგებელი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სულ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი იქნება:

3500 სმ3-ზე მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემისთვის – 375 ლარი (=300ლარი / 80%);

2500 სმ3-დან – 3500 სმ3-მდე ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის გადაცემისთვის – 250 ლარი (=200ლარი / 80%);

2500 სმ3-ზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის გადაცემისთვის – 125 ლარი (=100ლარი / 80%);

ნებისმიერი ძრავის მოცულობის მქონე ჰიბრიდული  ავტომობილის გადაცემისთვის – 75 ლარი (=60ლარი / 80%);

ელექტრო ძრავიანი ავტომობილის გადაცემისთვის – 0 ლარი.

3.       ავტომობილის თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა (სასყიდლიანი გადაცემა)

პირადი სარგებლობის მიზნით ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემისას დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ადგილი ქონდა თანამშრომლისთვის ავტომობილის სასყიდლიან (ანაზღაურების სანაცვლოდ) თუ უსასყიდლო გადაცემას.  თანამშრომლისთვის სასყიდლიან გადაცემას  ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილის გადაცემით თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი წარმოადგენს თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ნაწილს, კერძოდ: საწარმოს მიერ მანქანის გადაცემა ხორციელდება თანამშრომლის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ ე.ი. ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით მიღებული სარგებელი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა დოკუმენტით თანამშრომლისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემა შრომის ანაზღაურების ნაწილია ან ამგვარი დოკუმენტის არარსებობას, თუ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ავტომობილის თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემით მიღებული სარგებელი შეიძლება განხილული იქნეს შრომის ანაზღაურების ნაწილად.

ასეთ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება მოხდება ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან. გამარტივების მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველჯერზე თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასის შეფასებები,  დასაშვებია საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხებისგან გამოთვლილი სარგებლის თანხები (§101.21) მიჩნეული იქნას თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასად (დღგ-ს ჩათვლით) და შესაბამისად,

3500 სმ3-ზე მეტი ძრავი მოცულობის მქონე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს ჩათვლით) იქნება თვეში – 1 500 ლარი (=300ლარი / 20% ), დღგ-ით დასაბეგრი თანხა – 1 271,19 ლარი (=1500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ თვეში – 228,81 ლარი;

2500 სმ3-დან – 3500 სმ3-მდე ძრავი მოცულობის მქონე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით  საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს ჩათვლით) იქნება თვეში  – 1 000 ლარი (=200ლარი / 20% ) , დღგ-ით დასაბეგრი თანხა – 847,46 ლარი (=1000ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ თვეში – 152,54 ლარი;

2500 სმ3-ზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით  საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს ჩათვლით) იქნება თვეში  – 500 ლარი (=100ლარი / 20% ), დღგ-ით დასაბეგრი თანხა – 423,73 ლარი (=500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ თვეში – 76,27 ლარი;

რაც შეეხება ელექტრო და ჰიბრიდულ ძრავიან ავტომობილების გადაცემით საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასს, მათი გაანგარიშება არ უნდა განხორციელდეს ამ ტიპის ავტომობილების გადაცემისთვის გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხებისგან, რადგან  მათზე საშემოსავლო გადასახადის კუთხით მოქმედებს შეღავათიანი ფიქსირებული გადასახადის თანხები და აღნიშნული თანხებიდან მომსახურების საბაზრო ფასის გაანგარიშება მნიშვნელოვან ცდომილებას გამოიწვევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ ან/და ელექტრო ძრავიან ავტომობილის გადაცემით საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასის გამოთვლა უნდა მოხდეს  2500 სმ3-ზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილის სარგებლობაში გადაცემისთვის დაწესებული საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხისგან. შესაბამისად:

ჰიბრიდული ან/და ელექტრო ძრავიანი ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით  საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი (დღგ-ს ჩათვლით) იქნება თვეში – 500 ლარი (=100ლარი / 20% ), დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 423,73 ლარი (=500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 76,27.

4.       მაგალითი N1: ფილიალის მენეჯერის პირად სარგებლობაში ავტომობილის გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით.

მაგალითი N1:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „კომპანიამ“ ფილიალის მენეჯერს, 1 წლით, 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობაში გადასცა 3 500სმ3-ის ძრავის მქონე სამსახურეობრივი ავტომობილი, რომლის გამოყენების უფლება თანამშრომელს გააჩნდა არასამსახურებრივი – პირადი მიზნებისთვისაც;

(ბ) „კომპანიასა“ და ფილიალის მენეჯერს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით თანამშრომლის მიერ შრომის ანაზღაურებასთან ერთად „კომპანიიდან“ მისაღებ ბენეფიტების ჩამონათვალში ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად მითითებული იყო სამსახურეობრივი ავტომობილით პირადი მიზნით სარგებლობის უფლება;

(გ) ფილიალის მენეჯერისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემი ხელფასიდან და არც აღნიშნული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიის თანამშრომლის მიმართ.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში ფილიალის მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული ყოველთვიური სარგებელი (საპენსიო თანხის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 1 000 ლარს (=200ლარი / 20%), ხოლო ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 250 ლარს (=200ლარი / 80%). შესაბამისად, ყოველთვიურად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება – 1 250 ლარი (=1000ლარი + 250ლარი), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი –  250 ლარი.

შრომითი ხელშეკრულების მიხედვით იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ფინანსური დირექტორისთვის ავტომობილის ნაწილობრივ პირადი მიზნებისთვის გამოყენების უფლების გადაცემა წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ თანხა იქნება „კომპანიის“ მიერ ფინანსური დირექტორისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე, რომელიც გამარტივების მიზნით შეიძლება გამოთვილი იქნას საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხიდან, და იქნება თვეში – 847,46 ლარი (=200ლარი / 20% / 118%), ხოლო ყოველთვიურად დარიცხული დღგ – 152,54 ლარი (=847,46ლარი * 18%).

ყოველთვიური საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებული ერთად) იქნება – 51,02 ლარი (=1250ლარი / 98% * 2% + 1250ლარი / 98% * 2%) .

ყოველთვიური დარიცხული ხელფასი (საპენსიოს ჩათვლით) იქნება – 1 275,51 ლარი (=1250ლარი / 98%);

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება – 0 ლარი.

5.       შეთანხმებული ანაზღაურების თანხა vs საბაზრო ფასი, ავტომობილის სასყიდლიანი გადაცემისას

როგორც უკვე აღვნიშნეთ იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილის გადაცემით თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი წარმოადგენს თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ნაწილს ე.ი. დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი აქვს ავტომობილის სასყიდლიან გადაცემას, დღგ-ით დასაბეგრ თანხას წარმოადგენს გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით ან მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით იდენტიფიცირებადია საწარმოსა და თანამშრომელს შორის შეთანხმებული ანაზღაურების თანხა, რომელიც აღემატება გაწეული მომსახურების საბაზრო ფასს, მაშინ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება შეთანხმებული ანაზღაურება დღგ-ს გარეშე.   

6.       მაგალითი N1 (მე-2 ვარიანტი): ფინანსური მენეჯერის პირად სარგებლობაში ავტომობილის გადაცემა (შეთანხმებული ანაზღაურება > საბაზრო ფასი)

განვიხილოთ მაგალითი N1 შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N1 (მე-2 ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „კომპანიამ“ ფილიალის მენეჯერს 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობაში გადასცა 3 500სმ3-ის ძრავის მქონე სამსახურეობრივი ავტომობილი, რომლის გამოყენების უფლება თანამშრომელს გააჩნდა არასამსახურებრივი – პირადი მიზნებისთვისაც;

(ბ) „კომპანიასა“ და ფილიალის მენეჯერს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით თანამშრომლის მიერ შრომის ანაზღაურებასთან ერთად „კომპანიიდან“ მისაღებ ბენეფიტების ჩამონათვალში ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად მითითებული იყო სამსახურეობრივი ავტომობილით პირადი მიზნით სარგებლობის უფლება;

(გ) ფილიალის მენეჯერისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემი ხელფასიდან და არც აღნიშნული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიის თანამშრომლის მიმართ;

(დ) შრომითი ხელშეკრულების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ფილიალის მენეჯერი სამსახურებრივ ავტომობილს უკან გადაცემდა „კომპანიას“ და შესაბამისად, უარს იტყობა ავტომობილის პირადის სარგებლობის მიზნით გამოყენების უფლებაზე თანამშრომლის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) გაიზრდებოდა – 1400 ლარით

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, შრომით ხელშეკრულებაში არსებული ნორმა, რომლითაც განსაზღვრულია ხელფასის დანამატი ფილიალის მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ „კომპანიასა“ და ფილიალის მენეჯერს შორის შეთანხმებულია ანაზღაურება ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გადაცემისთვის. შეთანხმებული ანაზღაურების თანხა ტოლი იქნება სახელფასო დანამატის თანხის საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო შენატანის თანხის გარეშე ე.ი. 1097,6 ლარის (=1400ლარი * 98% * 80%).

ვინაიდან კომპანისა და ფილიალის მენეჯერს მანქანის პირად სარგებლობაში გადაცემისთვის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული  ანაზღაურების თანხა – 1097,6 ლარი აღემატება გაწეული მომსახურების საბაზრო ფასს – 1 000 ლარს (=200ლარი / 20%), დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება მოხდება არა მომსახურების საბაზრო ფასიდან, არამედ მხარეებს შორის შეთანხმებული ანაზღაურებიდან.  „კომპანიასა“ და ფილიალის მენეჯერს შორის შეთანხმებული ანაზღაურება გავლენას არ ახდენს საშემოსავლო გადასახადის ოდენობაზე, რადგან ავტომობილის გადაცემისთვის დადგენილია საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხები.

შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში ფილიალის მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული ყოველთვიური სარგებელი (სადაზღვევო თანხის გაუთვალისწინებლად), საშემოსავლო გადასახადის პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, ამ შემთხვევაშიც იქნება – 1250 ლარი (=200ლარი / 20% + 200ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი –  250 ლარი (=1250ლარი * 20%).

დღგ-ით დასაბეგრ თანხა იქნება თვეში – 930,17 ლარი (=1097,60 / 118%), ხოლო ყოველთვიურად დარიცხული დღგ – 167,43 ლარი (=930,17ლარი * 18%).

ყოველთვიური საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 51,02 ლარი (=1250ლარი / 98% * 2% + 1250ლარი / 98% * 2%) .

ყოველთვიური დარიცხული ხელფასი (საპენსიოს ჩათვლით) იქნება – 1 275,51 ლარი (=1250ლარი / 98%);

სარგებელი/ნივთმოგება – 0 ლარი.

7.       ავტომობილის თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა (უსასყიდლო გადაცემა)

იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გადაცემით თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ნაწილს, მაშინ დღგ-ის მიზნებისათვის ადგილი აქვს საწარმოს მიერ მისი თანამშრომლისთვის მომსახურების უსასყიდლო გაწევას, რა დროსაც დღგ-ის დასაბეგრი თანხა იქნება, არა მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე, არამედ მომსახურების გაწევასთან ე.ი. ავტომობილის თანამშრომლისთვის ნაწილობრივ პირად სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება დღგ-ს გარეშე, მიუხედავად იმ გარემოებისა მიღებული აქვს თუ არა საწარმოს დღგ-ს ჩათვლა აღნიშნულ დანახარჯებზე. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ დღგ-ს მიზნებისთვის ამორტიზაციის/ცვეთის ხარჯის გამოთვლა უნდა მოხდეს  §177.6. -ით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების ექსპლოატაციის ვადების მიხედვით.

8.       მაგალითი N2: თანამშრომლისთვის ავტომობილის მოკლევადიანი გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N2:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) საწარმომ თანამშრომელს საკუთარი/პირადი ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო ნება დართო 1 თვით – 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გამოეყენებინა სამსახურეობრივი ავტომობილი პირადი მიზნებისთვის. სამსახურებრივი ავტომობილის ძრავის მოცულობა შეადგენდა – 2 000 სმ3;

(ბ) სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენების უფლების გადაცემას თანამშრომლის ანაზღაურებაზე გავლენა არ მოუხდენია, ე.ი. თანამშრომლის მიერ მარტის თვეში ხელზე ასაღები ხელფასი დარჩა უცვლელი;

(გ) თანამშრომლისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემი ხელფასიდან და არც აღნიშნული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია საწარმოს თანამშრომლის მიმართ;

(დ) მარტის თვეში ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა (საწვავი, ზეთის შეცვლა, რეცხვა, მიმდინარე შეკეთება და სხვ.) დღგ-ს გარეშე შეადგინა – 300 ლარი, ხოლო (თვიური) ცვეთის ხარჯმა – 450 ლარი;

(ე) ოდომეტრის ჩვენების რეესტრების მიხედვით, ავტომობილის მიერ მარტის თვეში მთლიანად განვლილი მანძილის მხოლოდ 20%-ი წარმოადგენს თანამშრომლის მიერ პირადი მიზნით ავტომობილის სარგებლობისას განვლილ მანძილს.        

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, სამსახურეობრივი ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემით თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი გავლენას არ ახდენს თანამშრომლის ხელფასზე და არ წარმოადგენს თანამშრომლის ხელფასის ნაწილს. შესაბამისად, დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი აქვს საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის ავტომობილის უსასყიდლოდ გადაცემას ე.ი. სახეზეა საწარმოს მომსახურების უსასყიდლო გაწევა. სწორედ ამიტომ დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლა მოხდება არა გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან, არამედ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ჯამური ღირებულებიდან:

მარტის თვეში, სამსახურეობრივ ავტომობილთან დაკავშირებულმა მთლიანმა დანახარჯმა (დღგ-ს გარეშე) შეადგინა – 750 ლარი (=300ლარი + 450 ლარი). ავტომობილის ოდომეტრის ჩვენებების რეესტრების მიხედვით მარტის თვეში ავტომობილის მიერ მთლიანად განვლილი მანძილის მხოლოდ 20%-ი წარმოადგენს თანამშრომლის მიერ პირადი მიზნით ავტომობილის სარგებლობისას განვლილ მანძილს, შესაბამისად, სამსახურეობრივი ავტომობილის თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე იქნება – 150 ლარი (=750ლარი * 20%), რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თანხას, ხოლო დარიცხული დღგ იქნება – 27ლარი (=150ლარი * 18%).

საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის მარტის თვეში თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული ყოველთვიური სარგებელი (საპენსიო შენატანის თანხის გაუთვალისწინებლად), საშემოსავლო გადასახადის პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, იქნება – 625 ლარი (=100ლარი / 20% + 100ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი –  125 ლარი (=625ლარი * 20%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 25,51 ლარი (=625ლარი / 98% * 2% + 625ლარი / 98% * 2%) .

დარიცხული ხელფასი (საპენსიოს ჩათვლით) იქნება – 0 ლარი;

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიოს ჩათვლით)  – 637,76 ლარი (=625ლარი / 98%).

9.       პირად სარგებლობაში გადაცემულ ავტომობილთან დაკავშირებული დანახარჯების დაბეგვრა

თანამშრომლისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე გაანგარიშებული გადასახადები მოიცავს ავტომობილის ექსპლუატაციასთან უშუალოდ დაკავშირებულ ყველა სახის ხარჯს, კერძოდ: ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯებს, საწვავის და ზეთის შეცვლის ხარჯებს, მიმდინარე რემონტის ხარჯებს, საბურავებს, ავტომობილის დაზღვევის ხარჯებს, ასევე ავტომობილის შესაძენად აღებული სესხის პროცენტის ხარჯებს, იჯარის და ლიზინგის ხარჯებს, როცა საწარმოს თანამშრომლისთვის  გადაცემული მანქანა იჯარით ან ლიზინგით აქვს აღებული. შესაბამისად, აღნიშნული დანახარჯებზე დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადების დამატებით გაანგარიშება არ ხორციელდება (დამატებით არ დაიბეგრება). ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე გაანგარიშებული გადასახადები არ მოიცავს მგზავრთა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ხარჯებს, პარკირებისა და ავტობანებით სარგებლობის გადასახადებს, პარკირებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების ხარჯებს და სხვა არაპირდაპირ დანახარჯებს.

10.     მაგალითი N3: გენერალური დირექტორისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი N3 შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით.

მაგალითი N3:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „კომპანიამ“ გენერალურ დირექტორს 1 წლით – 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცა 3 700 სმ3 მოცულობის ძრავის მქონე სამსახურებრივი ავტომანქანა, რომლის გამოყენების უფლებაც გენერალურ დირექტორს გააჩნდა არასამსახურებრივი – პირადი მიზნებისთვის;

(ბ) გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემ ხელფასიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია „კომპანიას“ გენერალური დირექტორისთვის;

 (გ) ავტომობილით სარგებლობის 1 წლიანი  პერიოდის (01 იანვარი – 31 დეკემბერი) განმავლობაში სარგებლობასთან დაკავშირებულმა საექსპლუატაციო ხარჯმა (საწვავი, ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა, რეცხვა, მიმდინარე შეკეთების ხარჯი) დღგ-ს გარეშე შეადგინა – 6 000 ლარი, ავტომობილის დაზღვევის ხარჯმა – 500 ლარი, ხოლო ცვეთის ხარჯმა – 4 000 ლარი;

(დ) ავტომობილით სარგებლობასთან დაკავშირებულმა სხვა ხარჯებმა დღგ-ს გარეშე შეადგინა – 300 ლარი, მ.შ. თბილისის ტერიტორიაზე მანქანის პარკირების 12 თვიანმა აბონიმენტმა დღგ-ს გარეშე – 120 ლარი (1 თვე – 12 ლარი), სავაჭრო მოლის (რომელსაც პირადი მიზნებისთვის სტუმრობს გენერალური დირექტორი) კერძო პარკინგის 12 თვიანმა აბონიმენტმა კი – 80 ლარი (1 თვე – 6,67 ლარი);

(ე) თებერვლის თვეში ავტომობილის მოძრაობის წესების 2-ჯერ დარღვევისათვის საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილმა ჯარიმის ხარჯმა შეადგინა – 100 ლარი: პირველი 50 ლარიანი ჯარიმა გამოწერილი იქნა დირექტორის მიერ მომწოდებლებთან შესახვედრად მგზავრობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე, ხოლო მე-2 50 ლარიანი პირადი მიზნით ავტომობილით მგზავრობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე. ორივე ჯარიმა საწარმოს მიერ გადახდილი იქნა სრულად თებერვლის თვეში;

(ვ) ავტომობილის ოდომეტრის ჩვენებების რეესტრების მიხედვით ავტომობილის მიერ წლის განმავლობაში მთლიანად განვლილი მანძილის 10%-ი წარმოადგენს თანამშრომლის მიერ პირადი მიზნით ავტომობილის სარგებლობისას განვლილ მანძილს, ხოლო 90% წარმოადგენს საწარმოო მიზნებისთვის განვლილ მანძილს (სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ეს პროპორცია ყველა თვეში უცვლელი იყო).

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისთვის პირადი სარგებლობის მიზნით ავტომობილის გადაცემა დაიბეგრება, როგორც საშემოსავლო გადასახადით ისე დღგ-ით.

ტოპ მენეჯმენტის წევრებისთვის ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით სამსახურებრივი ავტომობილის გრძელვადიანი გადაცემისას ივარაუდება, რომ ავტომობილის გადაცემა წარმოადგენს თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ნაწილს და ავტომობილის სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება თანამშრომლის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დღგ-ის მიზნებისათვის სახეზეა „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისთვის არა უსასყიდლო, არამედ სასყიდლიანი მომსახურების გაწევა (§§159.1.ბ.; 164.1.). დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულება დღგ-ს გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიას“ არ ექნება გენერალური დირექტორისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულების შეფასების დოკუმენტი, საწარმოს შეუძლია დღგ-ს დასაბეგრი თანხა გაიანგარიშოს ავტომობილის გადაცემისთვის დადგენილი საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული თანხებიდან. შესაბამისად, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გადაცემისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება წელიწადში – 15 254,18 ლარი (=300ლარი / 20% / 118% * 12თვე).

ავტომობილის თანამშრომელის პირად სარგებლობაში გადაცემა არ მოიცავს ავტომობილის პარკირებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. შესაბამისად, „კომპანიის“ მიერ თანამშრომლისთვის ავტომობილის პარკირების უფლების გადაცემით გაწეულ მომსახურებაზე  დღგ-ს გაანგარიშება უნდა მოხდეს დამატებით. გენერალური დირექტორისთვის პარკირების უფლების გადაცემა ჩაითვლება მისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დღგ-ს თანხა იქნება პარკირების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება (§§160 1.2.ა.; 164.3.ა.):

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირების ხარჯი (120ლარი) მთლიანად ვერ იქნება განხილული გენერალური დირექტორისათვის გადაცემული ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯად, რადგან  გენერალურ დირექტორს თბილისის ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირება შეეძლო განეხორციელებინა როგორც ავტომობილის  საწარმოო, ისე პირადი მიზნით სარგებლობისას. შესაბამისად, „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისათვის თბილისის ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირების უფლების გადაცემით გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გამოთვლა მოხდება პროპორციულად და (დღგ-ს გარეშე) იქნება წელიწადში – 12 ლარი (=120ლარი * 10%). სავაჭრო ცენტრის კერძო პარკინგს გენერალური დირექტორი იყენებდა მხოლოდ პირადი მიზნით ავტომობილით სარგებლობისას. შესაბამისად, „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისთვის სავაჭრო ცენტრის კერძო პარკინგზე ავტომობილის პარკირების უფლების გადაცემით გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები (დღგ-ს გარეშე) იქნება – 80 ლარი. სულ, „კომპანიის“ მიერ გენერალური დირექტორისთვის პარკირების უფლებებით გადაცემით გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები (დღგ-ს) გარეშე, და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა იქნება წელიწადში – 92 ლარი (=12ლარი + 80ლარი).

რაც შეეხება მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებს, აღნიშნულიდან მხოლოდ ერთი 50 ლარიანი ჯარიმა წარმოადგენს გენერალური დირექტორის მიერ ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობასთან დაკავშირებულ ხარჯს, თუმცა „კომპანიის“ მიერ აღნიშნული ადმინისტრაციული ჯარიმის თანხის ბიუჯეტის გადახდისას ადგილი არ აქვს დღგ დასაბეგრ ოპერაციას (საქონლის/მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ წლის განმავლობაში „კომპანიის“ მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 15 346,18 ლარი (=15 254,18ლარი + 92ლარი), ხოლო დარიცხული დღგ – 2 762,31 ლარი (=15 346,18ლარი * 18%). შესაბამისად, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში, დარიცხული დღგ იქნება თვეში – 230,19 ლარი (=2 762,31ლარი / 12თვე).

რაც შეეხება ავტომობილის გადაცემის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას,  წლის განმავლობაში გენერალური დირექტორის მიერ ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული სარგებელი (საპენსიო შენატანის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 18 000ლარს (=300ლარი / 20% * 12თვე), ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 4 500 ლარს (=300ლარი / 80% * 12თვე), თბილისის ტერიტორიაზე და სავაჭრო ცენტრში პარკირების უფლების ფლობით მიღებული სარგებელი – 135,7 ლარი (=[120ლარი * 10% + 80ლარი] * 118% / 80%), პირადი მიზნით ავტომობილით სარგებლობისას საგზაო წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმის ანაზღაურებით მიღებული სარგებელი – 62,50 ლარს (=50ლარი / 80%).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ წლის განმავლობაში გენერალური დირექტორის მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა – 22 698,20 ლარი (=18 000ლარი + 4 500ლარი + 135,7ლარი + 62,50ლარი), ხოლო დარიცხულმა საშემოსავლო გადასახადმა – 4 539,64 ლარი (=22 698,20ლარი * 20%).  შესაბამისად, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში (თებერვლის თვის გარდა), საშემოსავლო გადასახადი იქნება 377,26 ლარი (=[18 000ლარი + 4 500ლარი + 17,7 +118ლარი] * 20% / 12თვე), ხოლო თებერვლის თვეში საშემოსავლო გადასახადი – 389,76 ლარი (=[18 000ლარი + 4 500ლარი + 17,7ლარი +118ლარი] / 12თვე + 62,50ლარი] * 20%).

დარიცხული ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება წელიწადში – 22 959,18 ლარი (=[18 000ლარი + 4 500ლარი] / 98%);

ხოლო თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიოს ჩათვლით) წელიწადში – 202,24 ლარი (=[17,7ლარი +118ლარი + 62,50ლარი] / 98%), რადგან გენერალური დირექტორისთვის პარკირების უფლებების გადაცემა და მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის ანაზღაურება არ ჩაითვლება შრომის ანაზღაურების ნაწილად. წლის განმავლობაში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 926,46 ლარი (=[22 959,18ლარი + 202,24ლარი] / 98% * 2% + [22 959,18ლარი + 202,24ლარი] / 98% * 2%) . შესაბამისად, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში (თებერვლის თვის გარდა), საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 76,99 ლარი (=[18 000ლარი + 4 500ლარი + 17,7ლარი + 118ლარი] / 98% * 4% / 12თვე), ხოლო თებერვლის თვეში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 79,54 ლარი (=[18 000ლარი + 4 500ლარი + 17,7ლარი+118ლარი] / 98% / 12თვე + 62,50ლარი / 98%] * 4%).

11.     მაგალითი N3 (მეორე ვარიანტი): გაყიდვების მენეჯერისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში მოკლევადიანი გადაცემა

განვიხილოთ მე-3 მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით, როცა საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი ავტომობილის გადაცემა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. 

მაგალითი N3 (მეორე ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „კომპანიამ“ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე   ნება დართო გაყიდვების მენეჯერს  სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული „ავტომობილის“ პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების, 1 თვით – 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. ავტომობილის ძრავის მოცულობა შეადგენდა – 3 700 სმ3. აღნიშნული ნებართვა თავად ითხოვა თანამშრომელმა მისი პირადი ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო. თებერვლის თვეში თანამშრომლის მიერ „კომპანიისთვის“ დამატებითი სამუშაოს შესრულებას ან კომპანიის მიერ თანამშრომლისთვის ხელფასის შემცირებას ადგილი არ ქონია;

(ბ) ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემ ხელფასიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია საწარმოს თანამშრომლისთვის;

 (გ) ავტომობილით სარგებლობის 1 თვიანი  პერიოდის (1 თებერვალი – 28 თებერვალი) განმავლობაში სარგებლობასთან დაკავშირებულმა საექსპლუატაციო ხარჯმა (საწვავის, ზეთის შეცვლის, რეცხვის, მიმდინარე რემონტის ხარჯმა) დღგ-ს გარეშე შეადგინა – 500 ლარი, ავტომობილის დაზღვევის ხარჯმა – 41,67 ლარი, ხოლო ცვეთის ხარჯმა – 333,33 ლარი;

(დ) საექსპლუატაციო ხარჯების გარდა ავტომობილით სარგებლობასთან დაკავშირებულმა სხვა ხარჯებმა დღგ-ს გარეშე შეადგინა – 16,67 ლარი, მ.შ. თბილისის ტერიტორიაზე მანქანის პარკირების 1 თვიანმა აბონიმენტმა დღგ-ს გარეშე – 10 ლარი (1 თვე – 10 ლარი), სავაჭრო მოლის კერძო პარკინგის 1 თვიანმა აბონიმენტმა კი – 6,67 ლარი;

(ე) თებერვლის თვეში ავტომობილის მოძრაობის წესების 2-ჯერ დარღვევისათვის საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილმა ჯარიმის ხარჯმა შეადგინა – 100 ლარი: პირველი 50 ლარიანი ჯარიმა გამოწერილი იქნა გაყიდვების მენეჯერის მიერ კლიენტებთან შესახვედრად მგზავრობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე, ხოლო მე-2 50 ლარი პირადი მიზნით ავტომობილით მგზავრობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე. ორივე ჯარიმა საწარმოს მიერ გადახდილი იქნა სრულად თებერვლის თვეში;

(ვ) ავტომობილის ოდომეტრის ჩვენებების რეესტრების მიხედვით თებერვლის თვეში ავტომობილის მიერ მთლიანად განვლილი მანძილის 10%-ი წარმოადგენს თანამშრომლის მიერ პირადი მიზნით ავტომობილის სარგებლობისას განვლილ მანძილს, ხოლო 90% წარმოადგენს საწარმოო მიზნებისთვის განვლილ მანძილს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაყიდვების მენეჯერისთვის ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების უფლების გადაცემა არ წარმოადგენს თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ნაწილს, რადგან უფლების გადაცემა დაკავშირებული არ იყო თანამშრომლის მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულებასთან და ამასთან ხელზე გასაცემი ხელფასი დარჩა უცვლელი, დღგ-ის მიზნებისთვის ადგილი აქვს „კომპანიის“ მიერ თანამშრომლისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევას. შესაბამისად, დღგ-ის დასაბეგრი თანხა იქნება არა მომსახურების საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე, არამედ მომსახურების გაწევასთან ე.ი. ავტომობილის თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება დღგ-ს გარეშე. თებერვლის თვეში ავტომობილის მთლიანმა დანახარჯმა (დღგ-ს გარეშე) შეადგინა – 875 ლარი (=500ლარი + 41,67ლარი + 333,33ლარი). ავტომობილის ოდომეტრის ჩვენებების რეესტრების მიხედვით თებერვლის თვეში ავტომობილის მიერ მთლიანად განვლილი მანძილის მხოლოდ 10%-ი წარმოადგენს თანამშრომლის მიერ პირადი მიზნით ავტომობილის სარგებლობისას განვლილ მანძილს, შესაბამისად, ავტომობილის თანამშრომლისთვის ნაწილობრივ პირად სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება დღგ-ს გარეშე იქნება – 87,50 ლარი (=[500ლარი + 41,67ლარი + 333,33ლარი] * 10%), რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თანხას. თებერვლის თვეში ავტომობილის პარკირების მთლიანი დანახარჯი შეადგენს – 16,67 ლარს (=10ლარი + 6,67ლარი), რომლიდანაც თანამშრომლის პირადი მიზნებისთვის გაწეულ პარკინგის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს – 7,67 ლარს (=10ლარი * 10% + 6,67ლარი). რაც შეეხება თებერვლის თვის პატრულის ჯარიმებს, საწარმოს მიერ აღნიშნული თანხების ანაზღაურება არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

შესაბამისად, თებერვლის თვეში სულ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 95,17 ლარი (=87,50ლარი + 7,67ლარი), ხოლო დარიცხული დღგ –  17,13 ლარი (=95,17ლარი * 18%).

რაც შეეხება ავტომობილის გადაცემის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, თებერვლის თვეში გაყიდვების მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული ყოველთვიური სარგებელი (საპენსიო შენატანის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 1 500ლარს (=300ლარი / 20%), ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 375 ლარს (=300ლარი / 80%), თბილისის ტერიტორიაზე და სავაჭრო ცენტრში პარკირების უფლების ფლობით მიღებული სარგებელი იქნება, შესაბამისად, 1,47 ლარი და 9,84 ლარი, სულ – 11,31 ლარი (=[10ლარი * 10% + 6,67ლარი] * 118% / 80%), პირადი მიზნით ავტომობილით სარგებლობისას საგზაო წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმის ანაზღაურებით მიღებული სარგებელი – 62,50 ლარს (=50ლარი / 80%).   სულ თებერვლის თვეში გაყიდვების მენეჯერის მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა – 1948,81ლარი (=1500ლარი + 375ლარი + 1,47ლარი + 9,84ლარი + 62,50ლარი), ხოლო დარიცხულმა საშემოსავლო გადასახადმა – 389,76ლარი (=1948,81ლარი * 20%).

თებერვლის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება  0 ლარი, რადგან გაყიდვების მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს ანაზღაურების ნაწილს.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 1 988,58 ლარი (=1948,81ლარი / 98%).

თებერვლის თვეში საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 79,54 ლარი (=1 988,58ლარი * 2% + 1 988,58ლარი * 2%) .

შენიშვნა:

განხილული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ პირველ ვარიანტში, სადაც ავტომობილის გადაცემა წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს და დარიცხული დღგ-ს გაანგარიშება მოხდა მომსახურების საბაზრო ფასიდან, კომპანიისთვის თებერვლის თვეში დარიცხული დღგ შეადგენდა – 230,19 ლარს, ხოლო მეორე ვარიანტში, სადაც ავტომობილის გადაცემა არ წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს და დარიცხული დღგ-ს გაანგარიშება მოხდა მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულებიდან, თებერვლის თვეში დარიცხული დღგ იყო 17,13 ლარი, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თებერვლის თვეში გადაცემულ ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯი ორივე ვარიანტში იდენტური იყო. ამიტომ, დაბეგვრის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ავტომობილის თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემა წარმოადგენს თუ არა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

12.     თანამშრომლის მიერ პირად სარგებლობაში გადაცემული ავტომობილის გამოუყენებლობა

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ §101.21.-ის გრამატიკული გამოხატვის მიხედვით დაბეგვრას ექვემდებარება თანამშრომლის მიერ საწარმოს ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენება, შინაარსობრივად კანონმდებელს სურს დაბეგროს თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენების უფლების გადაცემა იმისდა მიუხედავად, ისარგებლებს თუ არა თანამშრომელი აღნიშნული უფლებით. სწორედ ამიტომ, ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემა დაბეგვრას დაექვემდებარება იმ შემთხვევაშიც, როცა თანამშრომლის მიერ ავტომობილის პირადი მიზნით ფაქტიურ გამოყენებას ადგილი არ ქონია და საწარმოს რაიმე სახის დამატებითი ხარჯი ამგვარი გამოყენებით არ წარმოშვებია, რადგან თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენების უფლების გადაცემისას ივარაუდება (Prima facie), რომ თანამშრომელმა ავტომობილი გამოიყენა პირადი მიზნით.

13.     მაგალითი N4: ფილიალის მენეჯერის მიერ პირად სარგებლობაში გადაცემული ავტომობილის ფაქტიური გამოუყენებლობა (ავტომობილის გადაცემა არ წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების ნაწილს)

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით.

მაგალითი N4

(ა) კომპანიამ ფილიალის მენეჯერს უფლება მისცა 1 თვით (1 მარტიდან – 31 მარტის პერიოდში) გამოიყენებინა 2500სმ3-ის მოცულობის ძრავის მქონე კომპანიის ავტომობილი პირადი სარგებლობის მიზნით, რადგან ფილიალის მენეჯერის პირადი/საკუთარი ავტომობილი მწყობრიდან იყო გამოსული;

(ბ) ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემ ხელფასიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია საწარმოს თანამშრომლისთვის;

(გ) მიუხედავად მისთვის მინიჭებული უფლებისა, ფილიალის მენეჯერს „კომპანიის“ ავტომობილი პირადი სარგებლობის მიზნით არ გამოუყენებია, რადგან მარტის დასაწყისშივე მოახდინა საკუთარი ავტომობილის შეკეთება. თანამშრომლის მიერ ავტომობილის გამოყენება მოხდა მხოლოდ საწარმოო მიზნებისთვის;

(დ) მარტის თვეში ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა (საწვავის, ზეთის შეცვლა, რეცხვა და სხვ.) დღგ-ს გარეშე შეადგინა – 300 ლარი, ხოლო ამორტიზაციის ხარჯმა – 450 ლარი.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენებაზე უფლების გადაცემა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, ე.ი. დღგ-ის მიზნებისთვის სახეზეა მომსახურების უსასყიდლო გაწევა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება (დღგ-ს გარეშე). მარტის თვეში ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა (დღგ-ს გარეშე) შეადგინა – 300 ლარი, ხოლო ცვეთის ხარჯმა – 450 ლარი. თუმცა ავტომობილის გამოყენება განხორციელდა სრულად საწარმოო მიზნებისთვის და კომპანიის მიერ თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების უფლების გადაცემასთან დაკავშირებულმა დანახარჯმა შეადგინა – 0 ლარი. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და დარიცხული დღგ იქნება – 0 ლარი.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მარტის თვეში ფილიალის მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენების უფლების ფლობით მიღებული სარგებელი (საპენსიო შენატანის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 1 000 ლარს (=200ლარი / 20%),  ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 250 ლარს (=200ლარი / 80%). შესაბამისად, სულ თებერვლის თვეში ფილიალის მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი შეადგენს – 1 250 ლარს (=1 000ლარი + 250ლარი ე.ი. =1 000ლარი / 80% ), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 250ლარს (=1250ლარი * 20%).

მარტის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება  0 ლარი, რადგან ფილიალის მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების ნაწილს. თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 1 275,51 ლარი (=1250ლარი / 98%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 51,02 ლარი (=1 275,51ლარი * 2% + 1 275,51ლარი * 2%).

14.     მაგალითი N4 (ვარიანტი N2): ფილიალის მენეჯერის მიერ პირად სარგებლობაში გადაცემული ავტომობილის ფაქტიური გამოუყენებლობა (ვარიანტი N2: სარგებელი წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების ნაწილს)

განვიხილოთ იგივე მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N4 (ვარიანტი N2):

ფაქტობრივი გარემოებები:

 (ა) კომპანიამ ფილიალის მენეჯერს უფლება მისცა 1 წლით (1 იანვრიდან – 31 დეკემბრამდე პერიოდში) გამოიყენებინა 2500სმ3-ის მოცულობის ძრავის მქონე სამსახურებრივი ავტომობილი, რომლის გამოყენებაც თანამშრომელს შეეძლო პირადი სარგებლობის მიზნითაც.

(ბ) ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემ ხელფასიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია საწარმოს თანამშრომლისთვის.

(გ) მიუხედავად მისთვის მინიჭებული უფლებისა, მარტის თვეში ფილიალის დირექტორმა კომპანიის ავტომობილი პირადი სარგებლობის მიზნით არ გამოუყენებია, რადგან მარტის თვეში აიღო კუთვნილი შვებულება და გაემგზავრა საზღვარგარეთ;

(დ) მარტის თვეში ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა (საწვავის, ზეთის შეცვლა, რეცხვა და სხვ.) დღგ-ს გარეშე შეადგინა – 0 ლარი, რადგან კომპანიის სხვა თანამშრომლის მიერ ავტომობილის საწარმოო ან პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ მომხდარა. მარტის თვის ავტომობილის ცვეთის ხარჯმა შეადგინა – 450 ლარი;

(ე) ავტომობილის ფილიალის მენეჯერის პირად სარგებლობაში გადაცემა  ერთ-ერთ ბენეფიტად გაწერილი იყო ფილიალის მენეჯერთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, დღგ-ის მიზნებისთვის სახეზეა მომსახურების სასყიდლიანი გაწევა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება მომსახურების საბაზრო ღირებულება (დღგ-ს გარეშე). მარტის თვეში „კომპანიისთვის“ დღგ-ით დასაბეგრი თანხა – 847,46 ლარი (=200ლარი / 20% / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 152,54 ლარი.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მარტის თვეში ფილიალის მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადის სარგებლობის უფლების ფლობით მიღებული ყოველთვიური სარგებელი (საპენსიო შენატანის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 1 000 ლარს (=200ლარი / 20%),  ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 250 ლარს (=200ლარი / 80%). შესაბამისად, სულ თებერვლის თვეში ფილიალის მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი შეადგენს – 1 250 ლარს (=1 000ლარი + 250ლარი ე.ი. =1 000ლარი / 80% ), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 250ლარს (=1250ლარი * 20%).

მარტის თვეში დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება  1 275,51 (=1250ლარი / 98%) ლარი, რადგან ფილიალის მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს სახელფასი ანაზღაურების ნაწილს. თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 0 ლარი.

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 51,02 ლარი (=1 275,51ლარი * 2% + 1 275,51ლარი * 2%) .

15.     ავტომობილით სარგებლობის შეუძლებლობა

ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემა ნაწილობრივ პირადი სარგებლობის მიზნით არ დაიბეგრება, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლის მიერ საწარმოდან მიღებული ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობის უფლების გამოყენებას. ასეთ გარემოებას წარმოადგენს მაგალითად ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა ან/და თანამშრომლის მართვის უუნარობა, რომელსაც ადგილი აქვს მაგალითად პირისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევისას ან სტაციონარში მკურნალობისას ან სხვ. მსგავსი გარემოების არსებობისას.

16.     მაგალითი N5: მწყობრიდან გამოსული ძრავა და ჩამორთმეული მართვის მოწმობა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით.

მაგალითი N5:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ გაყიდვების მენეჯერს 1 წლით – 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცა 2500სმ3-ის მოცულობის ძრავის მქონე  სამსახურეობრივი ავტომობილი, რომლის გამოყენებაც თანამშრომელს შეეძლო პირადი სარგებლობის მიზნითაც;

(ბ) ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემ ხელფასიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია საწარმოს თანამშრომლისთვის;

(გ) 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაყიდვების მენეჯერმა ავტომობილი მწყობრიდან  გამოსული ძრავის შესაკეთებლად გააჩერა ავტოსახელოსნოში;

(დ) არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო საპატრულო პოლიციამ გაყიდვების მენეჯერს 6 თვით – 1 ივლისიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეუჩერა მართვის მოწმობის მოქმედება. მართვის მოქმედების შეჩერების პერიოდში ავტომობილი გაჩერებული იქნა საწარმოს კუთვნილ ავტოსადგომზე;

(ე) ავტომობილის გაყიდვების მენეჯერის პირად სარგებლობაში გადაცემა  ერთ-ერთ ბენეფიტად გაწერილი იყო ფილიალის მენეჯერთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების ნაწილს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში,  1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით და 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში გაყიდვების მენეჯერის მიერ ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობის უფლების გამოყენების შესაძლებლობა თეორიულად გამოირიცხა, რადგან 1 მარტიდან –  31 მარტის ჩათვლით პერიოდში ავტომობილი მწყობრიდან იყო გამოსული, ხოლო 01 ივლისიდან –  31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მას არ გააჩნდა ავტომობილის მართვის უფლება, სწორედ ამიტომ ვერ ჩაითვლება, რომ მარტისა და ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში თანამშრომელმა რაიმე სახის სარგებელი მიიღო ან/და კომპანიამ თანამშრომელს რაიმე სახის მომსახურება გაუწია, შესაბამისად მარტში და ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში ავტომობილის გადაცემა დაბეგვრას არ დაექვემდებარება.

ყველა დანარჩენ თვეებში ავტომობილის გადაცემა დაიბეგრება: დღგ-ით დასაბეგრი თანხა თვეში იქნება 847,46 ლარი (=200ლარი / 20% / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 152,54 ლარი. თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი თვეში იქნება 1250 ლარი (=200ლარი / 20% / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 250ლარი (=1250ლარი * 20%)

ავტომობილის გადაცემით გაყიდვების მენეჯერის მიერ მიღებული ყოველთვიური სარგებელი (საპენსიო შენატანის გაუთვალისწინებლად) შეადგენს – 1 000 ლარს (=200ლარი / 20%),  ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებელი – 250 ლარს (=200ლარი / 80%). შესაბამისად, სულ ყოველთვიურად გაყიდვების მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი შეადგენს – 1 250 ლარს (=1 000ლარი + 250ლარი ე.ი. =1 000ლარი / 80% ), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 250ლარს (=1250ლარი * 20%).

დარიცხული  ხელფასი (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება  1 275,51 (=1250ლარი / 98%) ლარი, რადგან ფილიალის მენეჯერის მიერ მიღებული სარგებელი წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების ნაწილს.

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება (საპენსიო შენატანის ჩათვლით) იქნება – 0 ლარი.

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთად) იქნება – 51,02 ლარი (=1 275,51ლარი * 2% + 1 275,51ლარი * 2%) .

17.     თანამშრომლის მიერ ავტომობილის უნებართვო გამოყენება

თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ დაიბეგრება, თუ  აღნიშნული ხორციელდება საწარმოს ნებართვის გარეშე – მასთან შეუთანხმებლად და საწარმოს რეგულარულად ახდენს ავტომობილების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს. ასეთ შემთხვევაში, ერთის მხრივ, თანამშრომლის მიერ ავტომობილის უნებართვო გამოყენებით მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გადაცემულ სარგებელს, ხოლო, მეორეს მხრივ, დღგ-ის მიზნებისათვის ადგილი არ აქვს საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის მომსახურების გაწევას, რადგან მომსახურების გაწევის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს მომსახურების გამწევის ნება გასწიოს მომსახურება, რაც პირადი მიზნით ავტომობილის უნებართვო გამოყენებისას მოცემული არ არის.

18.     მაგალითი N6: საწარმოს ავტომობილის უნებართვო გამოყენება პირადი მიზნით

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით.

მაგალითი N6:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ საკუთარ თანამშრომელს გადასცა სამსახურებრივი ავტომობილი საწარმოო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. საწარმოს თანამშრომლისთვის ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენების უფლება არ გადაუცია;

(ბ) სამუშაო აღწერილობის მიხედვით, თანამშრომელი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტომობილის პარკირებას ახდენდა საწარმოს კუთვნილ ავტოსადგომზე, რისი კონტროლი და აღრიცხვა ხდებოდა საწარმოს ადმინისტრაციის მიერ ყოველი თვის ბოლოს;

(გ) სამუშაო საათების პერიოდში თანამშრომლის მიერ საწარმოსაგან ფარულად სამსახურეობრივი ავტომობილის გამოყენება ხდებოდა პირადი მიზნებისთვის.

(დ) თვის ბოლოს ოდომეტრის ჩვენებების აღრიცხვის რეესტრების საფუძველზე კომპანიამ გამოავლინა თანამშრომლის მიერ საწარმოს ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში თანამშრომლის მიერ საწარმოს ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ დაიბეგრება, რადგან თანამშრომლის მიერ ავტომობილის პირადი მიზნებისათვის გამოყენება მოხდა უნებართვოდ – გამოყენებაზე შესაბამისი უფლების გაცემის გარეშე. ამასთან კომპანია რეგულარულად ახორციელებდა თანამშრომლის მიერ ავტომობილის დანიშნულებისამებრ – საწარმოოს მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგს/კონტროლს. 

19.     პირადი მიზნებისთვის ავტომობილის გამოყენების აკრძალვა შრომითი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით

საწარმოში ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლის მექანიზმების არ არსებობის შემთხვევაში, თანამშრომლისთვის სამსახურებრივი ავტომობილის გადაცემა დაიბეგრება იმ შემთხვევაშიც, როცა მართალია საწარმოსა და თანამშრომელს მიერ გაფორმებული შრომითი ან/და სხვა დოკუმენტებით თანამშრომელს ეკრძალება ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენება, რადგან ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ თანამშრომელზე გაცემულია ავტომობილის პირად მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

20.     პირადი მიზნებისთვის ავტომობილის გამოყენების აკრძალვა სამუშაო აღწერილობაში 

განვიხილოთ მე-5 მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N5 (მეორე ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ თანამშრომელს გადასცა ავტომობილი საწარმოო მიზნებისთვის გამოსაყენებლად;

(ბ) თანამშრომლის სამუშაო აღწერილობასა და ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითა ნორმა, რომელიც თანამშრომელს უკრძალავდა ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. თანამშრომელს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტომობილის პარკირება უნდა მოეხდინა საწარმოს კუთვნილ ავტოსადგომზე, ამასთან პერიოდულად წარმოედგინა ავტომანქანით განვლილი მანძილების რეესტრები;

(გ) კომპანია არ ახდენდა თანამშრომლის მიერ ავტომობილის კომპანიის ავტოსადგომზე პარკირებისა და ავტომობილის განვლილი მანძილების აღრიცხვა/კონტროლს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტებში არსებული აკრძალვების მიუხედავად არ ჩაითვლება, რომ თანამშრომლის მიერ კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ხდებოდა უნებართვოდ, კომპანიის ნების საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ კომპანიას თანამშრომელზე გაცემული აქვს სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენების უფლება და დაიბეგრება.

21.     ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემა

იმ შემთხვევაში, როცა საწარმო თანამშრომელს პირადი სარგებლობის მიზნით გადასცემს ერთდროულად რამდენიმე ავტომობილს, დაბეგვრას ექვემდებარება ცალ-ცალკე თითეული ავტომობილის სარგებლობაში გადაცემა.

22.     მაგალითი N6: დირექტორისთვის ერთდროულად ორი ავტომობილის გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N6:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ დირექტორს 1 წლით (1 იანვრიდან – 31 დეკემბრამდე პერიოდში) გადასცა ერთდროულად 2 ავტომობილი ე.ი. დირექტორს შეეძლო დღის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა  გადაცემული ავტომობილიდან ერთ-ერთი ან ორივე დღის სხვადასხვა მონაკვეთში. გადაცემული ავტომობილებიდან პირველი ავტომობილი წარმოადგენდა სედანის ტიპის ავტომობილს, რომლის ძრავის მოცულობა იყო 1800სმ3, ხოლო მეორე წარმოადგენდა ჯიპის ტიპის ავტომობილს, რომლის ძრავის მოცულობა იყო 3600სმ3. დირექტორს საწარმოო მიზნით გამოყენების გარდა შეეძლო ავტომობილები გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის;

(ბ) დირექტორების მიერ მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა დირექტორზე გასაცემი ხელფასის თანხიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიას მისთვის;

(გ) მთელი წლის განმავლობაში დირექტორის მიერ პირადი მიზნებისთვის მოხდა მხოლოდ სედანის ტიპის ავტომობილი გამოყენება. ჯიპის ტიპის ავტომობილის პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენება არ მომხდარა.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დირექტორისთვის 2 ავტომობილის ერთდროულ გადაცემას, რადგან დღის განმავლობაში შეეძლო დირექტორს ესარგებლა მისთვის სასურველი ერთ-ერთი ავტომობილით ან დღის სხვადასხვა მონაკვეთში ორივე ავტომობილით. შესაბამისად, გადასახადით დაიბეგრება ცალ-ცალკე ორივე ავტომობილის გადაცემა, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში დირექტორს ჯიპის ტიპის ავტომობილი პირადი მიზნით არ გამოუყენებია.  სულ დირექტორის მიერ ყოველთვიურად მიღებული სარგებელი, საგადასახადო ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, იქნება – 2 500 ლარი (=[300ლარი + 100ლარი] / 20% 80%), დარიცხული საშემოსავლო გადასახადი კი – 500 ლარი (=2 500 * 20%). ვინაიდან დირექტორი წარმოადგენს კომპანიის ტოპ მენეჯმენტის წევრს, მისთვის ავტომობილის გრძელვადიანად გადაცემისას ივარაუდება, რომ ასეთი გადაცემა წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს, ე.ი. დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი აქვს მომსახურების სასყიდლიან გაწევას და დღგ-ის გაანგარიშება მოხდება გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან, რომელიც დღგ-ს ჩათვლით იქნება  (≈) 2000 ლარი. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება თვეში – 1 694,92 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ – 305,08 ლარი (= 1694,92ლარი * 18%)

ყოველთვიური საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებული ერთად) იქნება – 102,04 ლარი (=2 551,02ლარი / 98% * 2% + 2 551,02ლარი / 98% * 2%) .

ყოველთვიური დარიცხული ხელფასი (საპენსიოს ჩათვლით) იქნება – 2 551,02 ლარი (=2500ლარი / 98%);

თანამშრომელზე გაცემული სარგებელი/ნივთმოგება – 0 ლარი.

23.     საანგარიშო პერიოდის (თვის) სხვადასხვა მონაკვეთში თანამშრომლისთვის  რამდენიმე ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემა

იმ შემთხვევაში, როცა ერთ საანგარიშო პერიოდში თანამშრომლისთვის ავტომობილების პირა სარგებლობაში გადაცემა ხდება არა ერთდროულად, არამედ თვის სხვადასხვა მონაკვეთში, მაშინ საშემოსავლო დაიბეგრება იმ ავტომობილის გადაცემა, რომელიც თვის ჭრილში უფრო მეტი დროით ე.ი. უფრო მეტი დღით გადაეცა თანამშრომელს, ხოლო თუ ავტომობილების თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემის დღეების ოდენობა თანაბარია, მაშინ დაიბეგრება იმ ავტომობილის გადაცემა, რომლის ძრავის მოცულობა უფრო დიდია. დღგ-ის მიზნებისთვის კი, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულება უნდა გაანგარიშდეს  თითეულ ავტომობილთან მიმართებაში თანამშრომლის მიერ მათი ფლობის პერიოდში წარმოშობილი დანახარჯების დაჯამებით.

24.     მაგალითი N7: თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემული ავტომობილის შეცვლა სხვა ავტომობილით

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N7:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ თანამშრომელს ერთი თვით (პირველი აპრილიდან – 30 აპრილამდე) გადასცა 1800სმ3 მოცულობის ძრავის მქონე სამსახურეობრივი ავტომობილი, რომელიც თანამშრომელს საწარმოო მიზნით გამოყენების გარდა შეეძლო გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის;

(ბ) ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 17 აპრილს კომპანიამ თანამშრომელს შეუცვალა ავტომობილი 3500სმ3 მოცულობის ძრავის მქონე ახალი (მეორე) ავტომობილით, რომელსაც თანამშრომელი სამსახურეობრივი და პირადი მიზნებისთვის იყენებდა 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში;

(გ) თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომელზე გასაცემი ხელფასის თანხიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიას მისთვის;

(დ) პირველი ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა დღგ-ს გარეშე პირველი აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეადგინა – 300 ლარი, ხოლო აპრილის თვის ცვეთის ხარჯმა – 400 ლარი;

(ე) მეორე ავტომობილის ექსპლოატაციის ხარჯმა 17 აპრილიდან – 30 აპრილის პერიოდში შეადგინა – 350 ლარი, ხოლო აპრილის თვის ცვეთის ხარჯმა – 500 ლარი;

(ვ) ავტომობილით პირადი და საწარმოო მიზნებისათვის სარგებლობის პროპორცია აპრილის თვეში შეადგენდა 10%-ს – 90%-თან: 10% – პირადი, 90% – საწარმოო მიზნებისთვის;

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თანამშრომელს თვის განმავლობაში გადაეცა 2 სხვადასხვა ავტომობილი, დაბეგვრას დაექვემდებარება პირველი ავტომობილის – 1800სმ3 მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის გადაცემა, რადგან თვის განმავლობაში აღნიშნული ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემა მოხდა უფრო მეტი დროით – 16 დღით.

შესაბამისად, აპრილის თვეში თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი, ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით იქნება – 625 ლარი (=100ლარი / 20% + 100ლარი / 80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება – 125 ლარი (=625ლარი * 20%).

რაც შეეხება დღგ-ით დაბეგვრას, 1 აპრილიდან – 16 აპრილამდე პირველ ავტომობილთან (1800სმ3), ხოლო 17 აპრილიდან 30 აპრილამდე მეორე ავტომობილთან (3500სმ3)  დაკავშირებულმა დანახარჯებმა შეადგინა – 1096,66ლარი (=300ლარი + 400ლარი * 16დღე / 30დღე  + 350ლარი + 500ლარი * 14დღე / 30დღე). რადგანაც ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობის წილი მთლიან სარგებლობაში შეადგენს – 10%-ს, აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 109,67ლარი (=1096,66ლარი * 10%), ხოლო დარიცხული დღგ – 19,74 ლარი (=109,67ლარი * 10%).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებული ერთად) იქნება – 25,51 ლარი (=637,76ლარი * 4%).

დარიცხული ხელფასი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 0 ლარი;

დარიცხული სარგებელი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 637,76ლარი (=650ლარი / 98%).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლებისთვის გადაცემული ავტომობილების დღეთა რაოდენობა იქნებოდა თანაბარი 15დღე-15დღე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებოდა უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის გადაცემა, ე.ი. 3500სმ3 მქონე ავტომობილის გადაცემა.

25.     საანგარიშო პერიოდში (თვე) ერთი ავტომობილის ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემა

როდესაც თვის გამავლობაში ერთი ავტომობილის გადაცემა ხდება ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით, მაშინ გადაცემულ ავტომობილზე გაანგარიშებული საქონლის მთლიანი თანხა გაიყოფა და თანაბრად გადანაწილდება თითეულ თანამშრომელზე. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯების თითეული თანამშრომლისთვის მიკუთვნება, თანაბარი იქნება ასევე საწარმოს მიერ თითეული თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება.

განსხვავებული პოზიცია აქვს საგადასახადო ადმინისტრაციას ხსენებულ საკითხთან მიმართებაში, კერძოდ 996 ბრძანების §394.3.ა. მიხედვით, საწარმოს მიერ რამდენიმე თანამშრომლისთვის პირადი მიზნებისათვის ავტომობილის გადაცემის შემთხვევაში, გადაცემულ ავტომობილზე გაანგარიშებული სარგებლის მთლიანი თანხა განიხილება თითეული თანამშრომლის მიერ ინდივიდუალურად მიღებულ სარგებლად.

26.     მაგალითი N8 (პირველი ვარიანტი): ავტომობილის ერთდროულად 2 თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N8:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ მის 2 თანამშრომელს უფლება მისცა 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამოეყენებინა 1800სმ3  ძრავის მქონე სამსახურეობრივი ავტომობილი პირადი მიზნებისთვისაც;

(ბ) კომპანიის სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით შეუძლებელი იყო აპრილის თვეში თანამშრომლებისთვის გადაცემულ ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯის კომპანიის ავტოპარკის საერთო საექსპლუატაციო ხარჯიდან ცალკე გამიჯვნა, შესაბამისად შეუძლებელი იყო გადაცემულ ავტომობილის პირადი მიზნით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრა და თითეულ თანამშრომლისთვის მიკუთვნება;

(გ) თანამშრომლების მიერ მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასის თანხიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიას მათთვის.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, სულ აპრილის თვეში თანამშრომლების მიერ მიღებული სარგებელი, ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, იქნება – 625ლარი (=100ლარი / 20% /80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება – 125 ლარი (=625ლარი * 80%). შესაბამისად, თითეული თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი იქნება – 312,5ლარი, ხოლო დარიცხული საშემოსავლო – 62,50ლარი.

რაც შეეხება დღგ-ით დაბეგვრას, რადგანაც, ერთის მხრივ, ზუსტად არ იმიჯნება კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულებები, დღგ-ს გაანგარიშება შეიძლება განხორციელდეს გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან, რომელიც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს ≈ 500 ლარს (=100ლარი / 20%). შესაბამისად, აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 423,73 ლარი (=500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ იქნება – 76,27 ლარი (=423,73ლარი * 18%). რადგანაც შეუძლებელია პირად სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯის თითეული თანამშრომლისთვის მიკუთვნება, კომპანიის მიერ თითეული თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურება დღგ-ს გარეშე იქნება – 211,87 ლარი (=423,73ლარი / 2თანამშრ.), ხოლო მასზე დარიცხული დღგ 38,14 (=76,27ლარი / 2თანამშრ.).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებული ერთად) იქნება – 25,51 ლარი (=637,76ლარი * 4%).

დარიცხული ხელფასი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 0 ლარი;

დარიცხული სარგებელი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 637,76ლარი (=625ლარი / 98%).

საგადასახადო ადმინისტრაციის პოზიციის მიხედვით კი დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ცალ-ცალკე სრული ფიქსირებული თანხით დაერიცხება თითეეულ თანამშრომელს და იქნება 250ლარი (=100ლარი / 80% * 2). ე.ი. თითეულ თანამშრომელზე – 125ლარი-125ლარი.

27.     რამდენიმე ავტომობილის ერთი თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემა vs ერთი ავტომობილის რამდენიმე თანამშრომლის პირად სარგებლობაში გადაცემა

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხები წარმოადგენენ თანხებს, რომლებიც გაანგარიშებული და გამოყვანილია თითო ავტომობილთან და არა თითო თანამშრომელთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ საწარმოს მიერ 1 თანამშრომლისთვის ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის გადაცემის შემთხვევაში, თითეულ ავტომობილზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის გადახდა ხდება ცალ-ცალკე, ხოლო საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის  რამდენიმე თანამშრომლისთვის გადაცემისას გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ შეიძლება იყოს ავტომობილის გადაცემისთვის გათვალისწინებულ ფიქსირებულ საშემოსავო გადასახადზე მეტი ე.ი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხა თანაბრად გადანაწილდება თანამშრომლებზე ავტომობილის რამდენიმე თანამშრომლისთვის ერთდროული გადაცემისას და გამოყენების ვადის პროპორციულად ავტომობილის რამდენიმე თანამშრომლისთვის თვის სხვადასხვა მონაკვეთში გადაცემისას. იგივე წესით მოხდება დარიცხული დღგ-ს გაანგარიშება.

28.     ერთი ავტომობილის რამდენიმე თანამშრომლისთვის, საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა მონაკვეთში, პირად სარგებლობაში გადაცემა

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ავტომობილი რამდენიმე თანამშრომელს გადაეცემა საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა მონაკვეთში, მაშინ გადაცემულ ავტომობილზე გაანგარიშებული სარგებლის და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის თანხა ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემის დღეების პროპორციულად გადანაწილდება თითეულ თანამშრომელზე.

განსხვავებული პოზიცია აქვს საგადასახადო ადმინისტრაციას ხსენებულ საკითხთან მიმართებაშიც, კერძოდ 996 ბრძანების §394.3.ბ. მიხედვით, საწარმოს მიერ რამდენიმე თანამშრომლისთვის პირადი მიზნებისათვის ავტომობილის გადაცემის შემთხვევაში, გადაცემულ ავტომობილზე გაანგარიშებული სარგებლის მთლიანი თანხა განიხილება თითეული თანამშრომლის მიერ ინდივიდუალურად მიღებულ სარგებლად.

29.     მაგალითი N8 (ვარიანტი N2): ავტომობილის 2 თანამშრომლისთვის, დროის სხვადასხვა პერიოდში პირად სარგებლობაში გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N8 (ვარიანტი N2):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა)        კომპანიამ აპრილის თვეში მის 2 თანამშრომელს უფლება გამოეყენებინა 1800სმ3  ძრავის მქონე სამსახურეობრივი ავტომობილი პირადი მიზნებისთვის, კერძოდ: პირველი თანამშრომელს უფლება ქონდა ავტომობილი გამოეყენებინა 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ხოლო მეორე თანამშრომელს უფლება ქონდა ავტომობილი გამოეყენებინა 11 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში;

(ბ)        კომპანიის სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით შეუძლებელი იყო აპრილის თვეში თანამშრომლებისთვის გადაცემულ ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯის კომპანიის ავტოპარკის საერთო საექსპლუატაციო ხარჯიდან ცალკე გამიჯვნა;

(გ)        თანამშრომლების მიერ მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა არ მომხდარა თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასის თანხიდან და არც შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგენია კომპანიას მათთვის.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, სულ აპრილის თვეში თანამშრომლების მიერ მიღებული სარგებელი, ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, იქნება – 625ლარი (=100ლარი / 20% /80%), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება – 125 ლარი (=625ლარი * 80%). პირველი თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი, ვალდებულების პატიებით მიღებული სარგებლის ჩათვლით, იქნება – 208,33 ლარი (=625ლარი * 10დღე / 30 დღე), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 41,67ლარი (=125ლარი * 10დღე / 30დღე). მეორე თანამშრომლის მიერ სარგებელი იქნება – 416,67 ლარი (=625ლარი * 20დღე / 30დღე), ხოლო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი – 83,33 ლარი (=125ლარი * 20დღე / 30დღე).

რაც შეეხება დღგ-ით დაბეგვრას, რადგანაც ზუსტად არ იმიჯნება კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ღირებულებები, დღგ-ს გაანგარიშება შეიძლება განხორციელდეს გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან, რომელიც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს ≈ 500 ლარს (=100ლარი / 20%). შესაბამისად, აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 423,73 ლარი (=500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ იქნება – 76,27 ლარი (=423,73ლარი * 18%). კომპანიის მიერ პირველი თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე იქნება – 141,24 ლარი (=423,73ლარი * 10დღე / 30დღე), ხოლო მასზე დარიცხული დღგ 25,42 ლარი (=76,27ლარი * 10დღე / 30დღე). კომპანიის მიერ მეორე თანამშრომლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე იქნება – 282,49 ლარი (=423,73ლარი * 20დღე / 30დღე), ხოლო მასზე დარიცხული დღგ 50,85 ლარი (=76,27ლარი * 20დღე / 30დღე).

საპენსიო შენატანები (დამსაქმებლის და დასაქმებული ერთად) იქნება – 25,51 ლარი (=637,76ლარი * 4%).

დარიცხული ხელფასი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 0 ლარი;

დარიცხული სარგებელი (დასაქმებული საპენსიოს ჩათვლით) – 637,76ლარი (=625ლარი / 98%).

საგადასახადო ადმინისტრაციის პოზიციის მიხედვით კი დარიცხული საშემოსავლო გადასახადი იქნება 250ლარი (=100ლარი / 80% * 2). ე.ი. თითეულ თანამშრომელზე – 125ლარი-125ლარი (=100ლარი / 80%).

30.     უპირატესი საწარმოო ინტერესის არსებობა თანამშრომლისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემისას

საწარმოს მიერ ავტომობილის გადაცემა თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით არ დაიბეგრება, თუ ავტომობილის თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით გადაცემა უპირატესად წარმოადგენს  საწარმოო ინტერესს. პირადი სარგებლობის მიზნით თანამშრომლისთვის ავტომობილის გადაცემა უპირატესად  წარმოადგენს საწარმოო ინტერესს იმ შემთხვევაში, როცა არსებული ობიექტური გარემოებების შეფასებით ასეთი გადაცემა უპირატესად ემსახურება საწარმოო ინტერესს და არა თანამშრომლისთვის სარგებლის გადაცემის მიზანს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თანამშრომელი საწარმოს ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენებისას ცხადია იღებს სარგებელს.

31.     მაგალითი N9: ჰიდროელექტროსადგურის ადმინისტრატორისთვის სამსახურებრივი ავტომობილის გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N9:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კომპანიამ, რომელსაც გააჩნდა ჰიდროელექტროსადგური დასახლებული პუნქტიდან მოშორებით,  ელექტროსადგურის ადმინისტრატორს გადასცა სამსახურებრივი ავტომობილი;

(ბ) საწარმოო მიზნებისთვის გამოყენებასთან ერთად თანამშრომელი უფლებამოსილი იყო ავტომობილი გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის, კერძოდ: გამოეყენებინა ავტომობილი სახლიდან სამუშაო ადგილზე მისასვლელად და პირიქით, ესარგებლა ავტომობილით შესვენების პერიოდში დასახლებულ პუნქტში არსებულ სასადილოში მისასვლელად და სხვ. მსგავსი საჭიროებისთვის.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ თანამშრომლისთვის სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად გადაცემა წარმოადგენს უპირატეს საწარმოს ინტერესს და არ დაიბეგრება.

შენიშვნა:

ავტომობილის თანამშრომლისთვის გადაცემა დაიბეგრებოდა, თუ კომპანია, მაგალითად, უფლებას მისცემდა თანამშრომელს ავტომობილი გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის უქმე დღეებში (მაგ.: აგარაკზე ვიზიტისთვის და ა.შ.).

32.     თანამშრომლისთვის ავტომობილის პირად სარგებლობაში გადაცემა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, წინამდებარე ვიდეო არ გამოიყენება საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის ავტომობილის საწარმოსა და თანამშრომელს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემისას. თანამშრომლისთვის პირად სარგებლობაში საწარმოს ავტომობილის გადაცემა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე §101.21-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება, რადგან ასეთ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ავტომობილის გადაცემას ადგილი არ აქვს.

33.     დასასრული

წინამდებარე ვიდეო კომენტარში შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა საწარმოს მიერ თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით ავტომობილის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები. კითხვების, შენიშვნების ან კრიტიკის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მისამართებზე. ჩვენ ეს დაგვეხმარება პროექტის კიდევ უფრო განვითარებასა და სრულყოფაში.

მადლობა, რომ გვისმენდით.

წინა სტატიაშიკომენტარი N1-3: თანამშრომელთა კვების დაბეგვრა
შემდეგი სტატიაკომენტარი N1-1: საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა