კომენტარი N1-4: ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

1921
0

გამარჯობა!

ვაუჩერის დაბეგვრა – რას გულისხმობს კოდექსში შემოტანილი ახალი წესი. ივლისის გამოცემის მეოთხე ვიდეო კომენტარში განვმარტავთ კოდექსში შემოტანილ ახალ ცნებას ვაუჩერს და ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიდეო კომენტარში ჩვენს მიერ მოხდება საგადასახადო კოდექსის §157.ს., §157.ტ. და §157.უ., ასევე §160.3 მუხლების ნაწილობრივი განმარტება.

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ კომენტარში დაფიქსირებული განმარტებები და მოსაზრებები წარმოადგენენ საგადასახადო-სამეცნიერო ვიდეო ჟურნალ TaxInfo -ს პოზიციას, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

1.       ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით  დაბეგვრის სპეციალური წესების შემოღების მიზანი

გაყიდვების გაზრდის და ხელშეწყობის მიზნით მეწარმე სუბიექტები ხშირად გამოსცემენ ინსტრუმენტებს – ვაუჩერებს, რომელთაც გააჩნიათ ნომინალური ფასი და რომლითაც მომხმარებელს მეწარმე სუბიექტთან შეუძლია მომავალში შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება ე.ი. გამოიყენოს ვაუჩერი როგორც ანაზღაურება. უმეტეს შემთხვევაში ვაუჩერების მომხმარებელზე რეალიზაცია ხორციელდება ნომინალურ ფასზე ნაკლებ ფასად ე.ი. ფასდაკლებით, რაც მომხმარებელს უჩენს სურვილს შეიძინოს ინსტრუმენტი იმ შემთხვევაშიც კი, როცა უახლოეს პერიოდში ის არ აპირებს საქონლის და/ან მომსახურების შეძენას, მაგრამ შეძენილ ვაუჩერს გამოიყენებს მომავალი შეძენების დროს, რაც თავის მხრივ ზრდის და ხელს უწყობს მეწარმე სუბიექტის გაყიდვებს. ფასდაკლების ეფექტის გარდა, ვაუჩერის გამოშვებითა და აგენტების მეშვეობით მისი რეალიზაციის გზით, ხდება მეწარმე სუბიექტის ცნობადობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ასევე ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას.

ტრადიციული საგადახადო საშუალებებიდან განსხვავებით (ფული, ელექტრონული ფული, კრიპტო ვალუტა) ვაუჩერების გამოყენება დროში შეზღუდულია ე.ი. ვაუჩერს გააჩნია მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მისი განაღდება – გამოყენება. ასეთი ვადის არ არსებობის შემთხვევაში კი გამოიყენება სამოქ. კოდს.  §129 -ით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 3 წელს შეადგენს.

ვაუჩერის გამოყენების ვადაში შეზღუდვის მიუხედავად ვაუჩერის მეშვეობით შეიძლება საქონლის და/ან მომსახურების შეძენა განხორციელდეს მისი შეძენიდან რამდენიმე წლის შემდეგ ან ვაუჩერს ისე გაუვიდეს გამოყენების ვადა, რომ მისი განაღდება საერთოდ არ განხორციელდეს.  ევროკავშირის საგადასახადო ნორმებში ვაუჩერის დაბეგვრის სპეციალური წესის შემოღების მიზანი იყო, ერთის მხრივ, მეწარმე სუბიექტისთვის გადახდილი თანხა დღგ-ით დაბეგრილიყო იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა მათი რეალიზაცია, ხოლო, მეორეს მხრივ, დღგ-ით დაუბეგრავი არ დარჩენილიყო ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაუჩერში გადახდილი თანხები ვერ ჩაითვლებოდა ავანსად და ვერ დაიბეგრებოდა მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრის  ზოგადი ნორმების მიხედვით, რადგან მომხმარებლის მიერ ვაუჩერის შეძენისას იდენტიფიცირებული არ არის მისაწოდებელი საქონელი ან/და გასაწევი მომსახურება, საქონლის ან/და მომსახურების ერთეულის ფასი და მისაწოდებელი ოდენობა, რაც გამორიცხავს მიღებული თანხის ავანსად აღიარებას.

ვაუჩერების დაბეგვრასთან დაკავშირებით ევროკავშირის ნორმებმა იდენტური ასახვა პოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპრეციების დაბეგვრა

2.       ვაუჩერის დეფინიცია  და მისი სახეები

დღგ-ს მიზნებისთვის, ვაუჩერს წარმოადგენს ინსტრუმენტი (§157.ს.)

  1. რომელიც ერთი ან რამდენიმე მეწარმე სუბიექტის მიერ აღიარებულია როგორც ანაზღაურების საშუალება, ე.ი. მომხმარებელს შესაბამის მეწარმე სუბიექტთან შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდა შეუძლია აღნიშნული ინსტრუმენტით, და
  2. რომელშიც ან რომელთანაც დაკავშირებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებულია
    • მისაწოდებელი საქონლის/მომსახურება, ან
    • საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი მეწარმე სუბიექტი
  3. რომელშიც ან რომელთანაც დაკავშირებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებულია ინსტრუმენტის გამოყენების პირობები.

ვაუჩერები შეიძლება არსებობდეს როგორც მატერიალური ფორმით (მაგ.: ტალონების, ბარათების, პლასტიკური ბარათების და სხვ. მსგავსი ფორმით), ასევე არამატერიალური, ელექტრონული ფორმით.

ქართულ რეალობიდან ვაუჩერს წარმოადგენს მაგალითად სავაჭრო სუბიექტების მიერ გამოცემული სასაჩუქრე ბარათები,  სავაჭრო ცენტრების მიერ გამოცემული, ნომინალური ფასის მქონე, ბრენდირებული პლასტიკური ბარათები, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია საქონელი/მომსახურება შეიძინოს სავაჭრო ცენტრში არსებულ მეწარმე სუბიექტებში. ვაუჩერს წარმოადგენდა ასევე მობილური ოპერატორების მიერ გამოშვებული ნომინალური ფასის მქონე, ტელეფონის ბალანსის შესავსები ბარათები (ე.წ. მონო და ლაი-ლაი ბარათები).

ვაუჩერის განმარტება და ვაუჩერის სახეები

3.       დღგ-ს მიზნებისთვის ვაუჩერს არ განეკუთვნება

ვაუჩერს არ წარმოადგენს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებელს საქონლის/მომსახურების შეძენისას ანაზღაურების თანხაზე მხოლოდ ფასდაკლების მიღების უფლებას ანიჭებენ, რადგანაც ისინი ვერ ჩაითვლებიან ანაზღაურების საშუალებებად.

ვაუჩერს არ წარმოადგენს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებშიც განივთებულია მომხმარებლის მიერ უკვე განხორციელებული შეძენა და მათი წარდგენით მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს მომსახურება. მაგ.: სამგზავრო ბილეთები, კინოს, თეატრის და სხვა ღონისძიების დასასწრები ბილეთები, სასტუმროს ჯავშნის დოკუმენტები, საფოსტო მარკები, ელექტრონული გასაღებები ან კოდი პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომისთვის და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები. ხსენებული ინსტრუმენტები არ წარმოადგენენ ანაზღაურების საშუალებას, როლითაც მოხდება მომავალში შესაძენი საქონლის/მომსახურების ფასის (ან მისი ნაწილის) ანაზღაურება.

ვაუჩერს არ წარმოადგენს ასევე ელექტრონული ფული, კრიპტო ვალუტა, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები.

მაგ.: სამგზავრო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მომხმარებელი ავსებს ბალანსს და რომლითაც იხდის ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას არ წარმოადგენს ვაუჩერს. თუმცა ვაუჩერი იქნებოდა, ნომინალური ფასის მქონე (მაგ.: 100ლარიანი) სამგზავრო ბარათები, რომლითაც მომხმარებელს შეეძლებოდა ბალანსის ამოწურვამდე გადაეხადა ტრანსპორტირების საფასური.

ვაუჩერს დღგ-ს მიზნებისთვის არ წარმოადგენს შეძენილი საქონლის/მომსახურების თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ მომხმარებელზე გაცემული  საკომპენსაციო ინსტრუმენტები.

მაგ.: უამინდობის გამო გაუქმებული სვანეთის ტურის გამო ტუროპერატორის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემული შესაბამისი ნომინალური ფასის საკომპენსაციო ვაუჩერი, რომლითაც მომხმარებელს უფლება აქვს მომავალში ტუროპერატორთან შეიძინოს სხვა მისთვის სასურველი ტური, დღგ-ს მიზნებისთვის არ წარმოადგენს ვაუჩერს.

დღგ-ს მიზნებისთვის ვაუჩერს არ განეკუთვნება

4.       ერთჯერადი vs მრავალჯერადი ვაუჩერი

ვაუჩერები იყოფა ორ ჯგუფად: ერთჯერად (§157.ტ.) და მრავალჯერად ვაუჩერებად (§157.უ.). ერთჯერადია ვაუჩერი, რომელშიც მისი გამოშვებისას იდენტიფიცირებადია ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ადგილი და ასევე იდენტიფიცირებადია ვაუჩერთან დაკავშირებულ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ. ე.ი. ერთჯერადი ვაუჩერის  გამოშვების მომენტში ცნობილია ყველა ის ინფორმაცია, რაც საჭიროა ვაუჩერთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციის (საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა) დღგ-ით დაბეგვრის სტატუსის განსასაზღვრად. ვაუჩერი, რომელიც არ აკმაყოფილებს ერთჯერადი ვაუჩერის კრიტერიუმებს, წარმოადგენს მრავალჯერად ვაუჩერს (§157.უ.).

თუ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების მიწოდება შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოში ისევ მის ფარგლებს გარეთ, მაშინ ვაუჩერი გამოშვებისას საქონლის/მომსახურების მიწოდების ადგილი არა იდენტიფიცირებულად ჩაითვლება გამოცემული ვაუჩერი ვერ დააკმაყოფილებს ერთჯერად ვაუჩერად აღიარების წინაპირობებს.

მაგ.: საერთაშორისო სასტუმროების ქსელის მიერ საქართველოში გამოშვებული ვაუჩერი, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია სასტუმრო მომსახურება შეიძინოს ქსელის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არსებული სასტუმროებიდან არ წარმოადგენს ერთჯერად ვაუჩერს, რადგან ვაუჩერის გამოცემისას იდენტიფიცირებული არ არის ვაუჩერთან დაკავშირებული მომსახურების, კერძოდ –  სასტუმრო მომსახურების გაწევის ადგილი. სასტუმრო მომსახურების გაწევის ადგილი იდენტიფიცირებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვაუჩერი იმოქმედებდა მხოლოდ ქსელის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში მისაღებ მომსახურებებზე. ასეთ შემთხევაში, ვაუჩერი დღგ-ს მიზნებისთვის იქნებოდა ერთჯერადი ვაუჩერი. 

ვაუჩერთან დაკავშირებულ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ არ ჩაითვლება იდენტიფიცირებულად იმ შემთხვევაში, თუ ვაუჩერთან დაკავშირებულია სხვადასხვა კატეგორიის საქონელი/მომსახურება ე.ი. მომხმარებელს ვაუჩერით შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის საქონლის/მომსახურების შეძენა, რომელთაგან ნაწილის მიწოდება იბეგრება დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით, ხოლო ნაწილის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან ჩათვლის უფლებით ან მის გარეშე. შესაბამისად, ვაუჩერის გამოცემისას არ არის იდენტიფიცირებული, თუ რომელ საქონელს/მომსახურებას შეიძენს მომხმარებელი ვაუჩერით და იქნება თუ არა აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრი.

მაგ.: სუპერმარკეტების ქსელის მიერ გამოშვებული ვაუჩერი, რომელზეც მითითებული არ არის საქოლის კატეგორია და მომხმარებელს შეუძლია ვაუჩერით სუპერმარკეტში შეიძინოს როგორც დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონელი, ასევე ის საქონელი, რომლის მიწოდება იბეგრება დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით, არ ჩაითვლება ერთჯერად ვაუჩერად, რადგან მისი გამოცემისას იდენტიფიცირებული არ არის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებაზე დასარიცხი დღგ-ს თანხა. იმ შემთხვევაში, თუ სუპერმარკეტის ვაუჩერი დაკავშირებული იქნებოდა კონკრეტული საქონლის კატეგორიასთან, მაგალითად ალკოჰოლური სასმელებთან და შესაბამისად, საქონლის კატეგორია – „ალკოჰოლური სასმელები“ მითითებული იქნებოდა ვაუჩერში, მაშინ სუპერმარკეტის მიერ გამოცემული ვაუჩერი იქნებოდა ერთჯერადი ვაუჩერი, რადგან იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ალკოჰოლურ სასმელს შეიძენდა მომხმარებელი ვაუჩერით, ალკოჰოლური სასმელის მიწოდება დაიბეგრებოდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით, ე.ი. ვაუჩერის გამოცემის მომენტში იდენტიფიცირებული იქნებოდა ვაუჩერთან დაკავშირებულ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ   გამოცემული ვაუჩერი შეიძლება დაკავშირებული იყოს დღგ-ით დაბეგვრისაგანა გათავისუფლებულ და დღგ-ის 18%-იანი ბრუნვით დასაბეგრ საქონლის კატეგორიებთან, გამოცემული ვაუჩერი წარმოადგენს ერთჯერად ვაუჩერს, თუ მასში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ვაუჩერის ნომინალური ფასი დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების კატეგორიებისთვის პროცენტულად ან თანხობრივად გამიჯნულია.

მაგ.: აფთიაქის მიერ გამოცემული 200 ლარის ნომინალური ფასის მქონე ვაუჩერში მითითებულია, რომ 140 ლარი წარმოადგენს მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილ ნომინალურ ფასს, ხოლო 60 ლარი წარმოადგენს სხეულის მოვლის საშუალებების შესაძენად განკუთვნილ ნომინალურ ფასს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვაუჩერთან დაკავშირებული პირველი კატეგორიის საქონლის – მედიკამენტების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან, ხოლო მეორე კატეგორიის საქონლის მიწოდება იბეგრება დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით, აფთიაქის მიერ გამოშვებული ვაუჩერი წარმოადგენს ერთჯერად ვაუჩერს, რადგან მასში გამიჯნულია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის ფასები, რაც შესაძლებელს ხდის ვაუჩერის გამოცემისას ვაუჩერთან დაკავშირებულ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ს იდენტიფიცირების.

რაც შეეხება საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს, ვაუჩერში საქონლის/მომსახურების მიწმოდებელი პირის ზუსტი იდენტიფიცირება ერთჯერადი ვაუჩერის წინაპირობას არ წარმოადგენს და საკმარისია ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ხდებოდეს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების პოტენციური მიმწოდებელთა წრის იდენტიფიცირება.

მაგ.: სავაჭრო ცენტრში არსებული ტანსაცმლის მაღაზიების გაყიდვების წახალისების მიზნით სავაჭრო ცენტრის მიერ გამოშვებული ვაუჩერები წარმოადგენენ ერთჯერად ვაუჩერს, რადგან ტანსაცმლის მიწოდება იბეგრება დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვაუჩერის გამოცემის მომენტში არ ხდება კონკრეტული მიმწოდებელი პირის იდენტიფიცირება ე.ი. ვაუჩერის გამოცემის მომენტში უცნობია, სავაჭრო ცენტრის რომელ მაღაზიაში მოახდენს მომხმარებელი  გამოცემული ვაუჩერით ტანსაცმლის შეძენას.

ერთჯერად ვაუჩერად აღიარებისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს ვაუჩერში ან მის თანხმლებ დოკუმენტში მასთან დაკავშირებული კონკრეტული საქონლის/მომსახურების ან ერთეულის ფასის მითითება, მეტიც უმრავლეს შემთხვევებში ერთჯერად ვაუჩერში მიეთითება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მხოლოდ კატეგორია. შესაბამისად, ვაუჩერის გამოცემის (ე.ი. მყიდველისთვის გადაცემის) მომენტში უცნობია ვაუჩერთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციის ფარგლებში მომხმარებლისთვის მისაწოდებელი/გასაწევი კონკრეტული საქონელი ან/და მომსახურება და შესაბამისად, მისი ერთეულის ფასი, ამიტომაც როგორც უკვე ვთქვით, ვაუჩერის დაბეგვრის სპეციალური წესებიც რომ არ არსებულიყო, მომხმარებლის მიერ ვაუჩერში გადახდილი თანხა ვერ იქნებოდა მიჩნეული მომხმარებლის მიერ საწარმოსთვის გადახდილ ავანსის თანხად და მასზე მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წესები არ გავრცელდებოდა.

ერთჯერადი ვაუჩერი მრავალჯერადი ვაუჩერი

5.       ერთჯერადი ვაუჩერით განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრა

ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერების ერთმანეთისგან ზუსტი დიფერენცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა სხვადასხვა წესით ხორციელდება.

დავიწყოთ ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრით: საწარმოს მიერ ერთჯერადი ვაუჩერის მომხმარებლისთვის გადაცემა დღგ-ის მიზნებისათვის განიხილება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის „ფიქტიურ“ მიწოდებად ან/და მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევად და იბეგრება დღგ-ით (§1603.1.) ვაუჩერის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება არა ვაუჩერის ნომინალური ფასი დღგ-ს გარეშე, არამედ მყიდველის მიერ ვაუჩერისთვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი დღგ-ს გარეშე (§164.1.).  ამასთან, საწარმოს მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტიური მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტიური გაწევა დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან ის დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.

ერთჯერადი ვაუჩერით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

6.       მაგალითი N1: სასაჩუქრე ბარათები პარფიუმერული მაღაზიისგან

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N1:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) პარფიუმერულმა „მაღაზიამ“ მაისის თვეში მომხმარებელზე 250 ლარად მოახდინა 300ლარის ნომინალური ფასის მქონე სასაჩუქრე ბარათის რეალიზაცია, რომლითაც შემძენს შეეძლო 31 აგვისტომდე მაღაზიაში შეეძინა პარფიუმერული ნაწარმი;

(ბ) მომხმარებელმა, შეძენილი ვაუჩერით, ივლისის თვეში „მაღაზიაში“ იყიდა 300 ლარის ღირებულების (გასაყიდი ფასის) მქონე ერთ-ერთი სუნამო.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, პარფიუმერული „მაღაზიის“ მიერ მაისის თვეში მომხმარებელზე რეალიზებული სასაჩუქრე ბარათი დღგ-ს მიზნებისთვის წარმოადგენს ერთჯერად ვაუჩერს. შესაბამისად, „მაღაზიის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის – პარფიუმერული ნაწარმის „ფიქტიურ“ მიწოდებად და დაიბეგრება დღგ-ით. მაისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 211,86 ლარი (=250ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 38,14ლარი (=211,86 ლარი * 18%).

რაც შეეხება, „მაღაზიის“ მიერ მომხმარებლისთვის ივლისის თვეში 300 ლარის ღირებულების სუნამოს ფაქტიურ მიწოდებას, აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან ის დღგ-ის მიზნებისთვის დამოუკიდებელ ოპერაციად არ განიხილება. შესაბამისად, ივლისის თვეში დარიცხული დღგ იქნება – 0 ლარი.

შენიშვნა:

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთჯერადი ვაუჩერის მომხმარებლისთვის გადაცემა განიხილება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის „ფიქტიურ“ მიწოდებად ან/და მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევად, ვაუჩერის მომხმარებელზე გადაცემა გათავისუფლებული იქნება დღგ-ით დაბეგვრისაგან, თუ თავად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან.

მაგ.:  აფთიაქის მიერ მომხმარებლისთვის მედიკამენტების ვაუჩერის გადაცემას (რეალიზაცია).

მაგალითი: სასაჩუქრე ბარათები პარფიუმერული მაღაზიისგან

7.       ერთჯერადი ვაუჩერის  მეშვეობით საქონლის/მომსახურების ფასის ნაწილობრივი ანაზღაურება

იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულებას მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს ვაუჩერის მეშვეობით, ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტიური მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტიური გაწევა დღგ-ით არ დაიბეგრება საქონლის ან/და მომსახურების ფასის იმ ნაწილში, რომლის ანაზღაურებაც მოხდა ვაუჩერით, ხოლო   საქონლის ან/და მომსახურების იმ ნაწილის მიწოდება, რომლის ანაზღაურებაც არ მომხდარა ვაუჩერით, ჩაითვლება დღგ-ით დამოუკიდებელ ოპერაციად და დაიბეგრება დღგ-ით.

ერთჯერადი ვაუჩერის საქონლის/მომსახურების ფასის ნაწილიბრივი ანაზღაურება

8.       მაგალითი N1 (მე-2 ვარიანტი):

განვიხილოთ პირველი მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N1 (მე-2 ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) პარფიუმერულმა მაღაზიამ მაისის თვეში მომხმარებელზე 250 ლარად მოახდინა 300ლარის ნომინალური ღირებულების მქონე სასაჩუქრე ბარათის რეალიზაცია, რომლითაც მომხმარებელს შეეძლო 31 აგვისტომდე მაღაზიაში შეეძინა პარფიუმერული ნაწარმი;

(ბ) მომხმარებელმა ივლისის თვეში მაღაზიაში შეიძინა 350 ლარის ღირებულების (გასაყიდი ფასის) მქონე ერთ-ერთი სუნამო. შეძენილი სუნამოს ღირებულების ნაწილი – 300 ლარი მომხმარებელმა გადაიხადა ვაუჩერით, ხოლო მეორე ნაწილი – 50 ლარი გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორების გზით – სასაჩუქრე ბარათზე 50 ლარის დამატებით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, „მაღაზიის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის – პარფიუმერული ნაწარმის „ფიქტიურ“ მიწოდებად და დაიბეგრება დღგ-ით. შესაბამისად, მაისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 211,86ლარი (=250ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 38,13ლარი.

რაც შეეხება, მაღაზიის მიერ მომხმარებლისთვის ივლისის თვეში 350 ლარის ღირებულების სუნამოს მიწოდებას, აღნიშნული ოპერაცია 300 ლარის ფარგლებში დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან მომხმარებლის მიერ სუნამოს ღირებულების ნაწილის – 300 ლარის გადახდა მოხდა ვაუჩერით და დღგ-ის მიზნებისთვის სუნამოს მიწოდება ამ ნაწილში დამოუკიდებელ ოპერაციად არ განიხილება.

სუნამოს ფაქტიური მიწოდება სუნამოს ღირებულების იმ ნაწილში, რომლის ანაზღაურებაც მომხმარებლის მიერ არ მომხდარა ვაუჩერით, ჩაითვლება დღგ-ის დამოუკიდებელ ოპერაციად და დაიბეგრება დღგ-ით. შესაბამისად, ივლისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 42,37ლარი (= 50ლარი / 118%), ხოლო დასარიცხი დღგ – 7,63ლარი (=42,37ლარი * 18%).

მაგალითი: სასაჩუქრე ვაუჩერი

9.       მომხმარებლის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობა / უკან დაბრუნება

ერთჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობის ან/და ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ვაუჩერის გადაცემის ოპერაციაზე დარიცხული დღგ კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს არა ერთჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება, არამედ თავად ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა.

მაგ.: თუ მომხმარებელი (პირველ მაგალითში) არ გამოიყენებს პარფიუმერული მაღაზიის ვაუჩერს 31 აგვისტომდე და ვაუჩერს გაუვა გამოყენების ვადა, ვაუჩერის მომხმარებლისთვის გადაცემაზე დარიცხული დღგ მაინც არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

გამონაკლის შემთხვევებში ვაუჩერის გამოყენების პირობები ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებას საწარმოს უკან დაუბრუნოს შეძენილი ვაუჩერი და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მომხმარებლის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის საწარმოსათვის დაბრუნების შემთხვევაში, ვაუჩერის რეალიზაციის ოპერაციაზე დარიცხული დღგ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

მაგ.: თუ გამოშვებული ერთჯერადი ვაუჩერის პირობები ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მისი ყიდვიდან 3 დღის განმავლობაში ვაუჩერის დაბრუნებისა და მასში გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლებას და მომხმარებელი საწარმოს უკან დააბრუნებს ვაუჩერს, ვაუჩერის რეალიზაციის ოპერაციაზე დარიცხული დღგ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

მომხმარებლის მიერ ვაუჩერის გამოუყენებლობა / უკან დაბრუნება

10.     ერთჯერადი ვაუჩერი რამდენიმე საქონლის/მომსახურების კატეგორიით

იმ შემთხვევაში, როცა ერთჯერად ვაუჩერთან დაკავშირებულია როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ საქონელი ან მომსახურება, მაშინ, ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი თანხა განისაზღვრება ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებაში თითეული საქონლის/მომსახურების წილის პროპორციულად.

რამდენიმე კატეგორიის საქონლის/მომსახურების ერთჯერადი ვაუჩერი

11.     მაგალითი N2: სარესტორნო მომსახურების და წიგნების ერთჯერადი ვაუჩერი ლიტერატურული კაფისგან

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N2:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ივლისის თვეში ლიტერატურულმა კაფემ 80 ლარად მომხმარებელზე გაასხვისა 100 ლარის ნომინალური ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერი, რომლითაც მომხმარებელს შეეძლო გადაეხადა ლიტერატურულ კაფეში მიღებული სარესტორნო მომსახურებისა და კაფეში შეძენილი წიგნების საფასური;

(ბ) ვაუჩერის ნომინალური ფასიდან 70 ლარი წარმოადგენდა კაფეში სარესტორნო მომსახურების, ხოლო 30 ლარი წიგნების შესაძენად განკუთვნილ ნომინალურ ფასს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ერთჯერად ვაუჩერის ნომინალურ ფასში სარესტორნო მომსახურების წილი შეადგენს 70%-ს (=70ლარი / 100ლარი * 100%), ხოლო წიგნების  წილი კი – 30%-ს (=30ლარი / 100ლარი * 100%). შესაბამისად, ვაუჩერის სარეალიზაციო ფასიდან – 80 ლარიდან 56 ლარი (=80ლარი * 70%)  წარმოადგენს ვაუჩერის სარესტორნო მომსახურების „ფიქტიური“ გაწევის ანაზღაურების თანხას, ხოლო 24 ლარი (=80ლარი * 30%) –  წიგნების „ფიქტიური“ მიწოდების ანაზღაურების თანხას.

ვინაიდან წიგნების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან (§172.4.წ.), ივლისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 47,46 ლარი (=56ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 8,54 ლარი (=47,46ლარი * 18%).

მაგალითი: სარესტორნო მომსახურების და წიგნების ერთჯერადი ვაუჩერი

12.     ვაუჩერის დამზადების მომსახურების ფარგლებში შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა

ვაუჩერის დამზადების მომსახურების ფარგლებში შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის ვაუჩერების გადაცემა არ წარმოადგენს  დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან ასეთ შემთხვევაში დღგ-ს მიზნებისათვის ადგილი აქვს შემსრულებლის მიერ დაკვეთისათვის არა ვაუჩერის გადაცემას, არამედ ვაუჩერის დამზადების მომსახურების გაწევას.

მაგ.: თუ საწარმო  დაუკვეთავს სტამბას ერთჯერადი ვაუჩერების ბეჭდვის მომსახურებას და სტამბა დაამზადებს და დამზადებულ ერთჯერად ვაუჩერებს გადასცემს საწარმოს, აღნიშნული გადაცემა არ წარმოადგენს ვაუჩერის გადაცემას §1603 მიზნებისთვის და ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ დაბეგვრას დაექვემდებარება სტამბის მიერ საწარმოსთვის ბეჭვდითი მომსახურების გაწევა.

ვაუჩერის დამზადების მომსახურების ფარგლებში ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა

13.     ვაუჩერის რეალიზაცია აგენტების მეშვეობით

ხშირად საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი ერთჯერადი ვაუჩერების რეალიზაციას ახდენს აგენტ(ებ)ის – სხვა მეწარმე სუბიექტ(ებ)ის მეშვეობით, რომელსაც ის მომხმარებელზე რეალიზაციით მიზნით გადასცემს ვაუჩერს ან აგენტი საწარმოს დავალებით თავად ახორციელებს ვაუჩერის გამოშვებას და მომხმარებელზე რეალიზაციას. ამგვარ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს აგენტი ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაციას ახდენს საკუთარი სახელით, თუ საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის სახელით. აგენტი საკუთარი სახელით მოქმედებს, თუ ის ვაუჩერის რეალიზაციისას გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) მხარე თავად არის, წინააღმდეგ შემთხვევაში აგენტი ვაუჩერის რეალიზაციისას გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებაში) უთითებს, რომ მოქმედებს არა საკუთარი, არამედ საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის სახელით და შესაბამისად, გარიგების მხარე არის არა თვითონ, არამედ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი.

ვაუჩერის რეალიზაცია აგენტის მეშვეობით

14.     აგენტის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის სახელით

იმ შემთხვევაში, როცა აგენტი მოქმედებს არა საკუთარი სახელით, არამედ საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის სახელით, საწარმოს მიერ აგენტისათვის ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა დღგ-ით არ დაიბეგრება, ხოლო აგენტის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის მომხმარებელზე რეალიზაცია განიხილება საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის/მომსახურების „ფიქტიურ“ მიწოდებად და დაიბეგრება დღგ-ით. საქონლის/მიმწოდებლის მიერ მომავალში მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება დღგ-ს მიზნებისთვის დამოუკიდებელ ოპერაციად აღარ განიხილება და არ დაიბეგრება.

აგენტის მიერ ვაუჩერის რეალიზაცია მიმწოდებლის სახელით

15.     მაგალითი N3: ვაუჩერების რეალიზაცია სავაჭრო წარმომადგენლის მეშვეობით

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N3:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) იანვრის თვეში სასტუმრომ ფასდაკლების „ვებგვერდს“ სარეალიზაციოს გადასცა 300 ლარის ნომინალური ფასის მქონე 100 ცალი ერთჯერადი ვაუჩერი;

(ბ) ვებგვერდს თითეული ვაუჩერის მომხმარებელზე რეალიზაცია უნდა მოეხდინა 250 ლარად. ამასთან, ვებგვერდს ვაუჩერების რეალიზაცია უნდა მოეხდინა სასტუმროს სახელით, რის გამოც ვაუჩერების ყიდვის პროცესში მომხმარებლისთვის ვებგვერდზე პირდაპირი მინიშნება იყო, რომ ვაუჩერის ნასყიდობაზე გარიგება იდებოდა სასტუმროსა და მომხმარებელს შორის, რომ ვებგვერდი წარმოადგენდა მხოლოდ მინდობილ პირს – სავაჭრო წარმომადგენელს. ვებგვერდის მომსახურების ღირებულება შეადგენდა რეალიზებული ვაუჩერების სარეალიზაციო ფასის 10%-ს ე.ი. ერთ ვაუჩერზე – 25 ლარს (=250ლარი * 10%),;

(გ) ვებგვერდმა მომხმარებელზე 30 ცალი ვაუჩერის რეალიზაცია მოახდინა თებერვალში 7 500 ლარად (=250ლარი * 30ცალი), დანარჩენი 70 ვაუჩერის რეალიზაცია ვებ გვერდმა განახორციელა მარტის თვეში 17 500 ლარად (=250ლარი * 70ცალი);

(დ) მომხმარებლების მიერ ასივე ვაუჩერის გამოყენება მოხდა აპრილის თვეში. სასტუმრომ მომხმარებლებს აპრილის თვეში გაუწია 35 000 ლარის სასტუმრო მომსახურება. სასტუმრო მომსახურების ღირებულების ნაწილი – 30 000 ლარი (=100ვაუჩერი * 300ლარი) მომხმარებლების მიერ ანაზღაურებული იქნა შეძენილი ვაუჩერების მეშვეობით, ხოლო 5 000ლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ვებგვერდი წარმოადგენს სასტუმროს სავაჭრო წარმომადგენელს/შუამავალს, რომელიც სასტუმროს სახელით ახდენს ვაუჩერების რეალიზაციას მოხმარებელზე. იანვრის თვეში სასტუმროს მიერ ვებგვერდისთვის რეალიზაციის მიზნით ერთჯერადი ვაუჩერების გადაცემა დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან მათი გადაცემა ხდება პირისთვის (სავაჭრო წარმომადგენელი/შუამავალი), რომელიც მოქმედებს სასტუმროს სახელით.

თებერვლის თვეში ვებგვერდის მიერ, სასტუმროს სახელით, მომხმარებელზე 30 ცალი ვაუჩერის 7 500 ლარად (=250ლარი * 30ცალი)  რეალიზაცია, დღგ-ს მიზნებისთვის განიხილება სასტუმროს მიერ მომხმარებლისთვის 7 500 ლარის სანაცვლოდ სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევად. შესაბამისად, თებერვლის თვეში სასტუმროსათვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 6 355, 93 ლარი (=7 500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 1 144, 07 ლარი (=6355,93 ლარი *18%). თებერვლის თვეში დაბეგვრას დაექვემდებარება ასევე ვებგვერდის მიერ სასტუმროსთვის გაწეული 750 ლარის (=250ლარი * 30ცალი * 10%) ღირებულების  მარკეტინგული მომსახურება. შესაბამისად, ვებგვერდის მიერ თებერვლის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 635,59 ლარი (=750ლარი / 118%), ხოლო გადასახდელი დღგ – 114,41ლარი (=635,59ლარი * 18%).

მარტის თვეში სასტუმროსთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 14 830,51 ლარი (=250ლარი * 70ცალი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 669,49 ლარი (=14 830,51ლარი *18%). ვებგვერდისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 1 483,05 ლარი (=250ლარი * 70ცალი * 10% / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 266,95 ლარი (=1 483,05ლარი * 18%).

აპრილის თვეში სასტუმროს მიერ მომხმარებლისთვის გაწეული 35 000 ლარის სასტუმრო მომსახურებიდან, მომხმარებელმა 30 000 ლარი აანაზღაურა ვაუჩერით და ამ ნაწილში სასტუმრო მომსახურების გაწევა დღგ-ს დამოუკიდებელ ოპერაციად არ განიხილება და არ დაიბეგრება. დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება აპრილის თვეში სასტუმროს მიერ მომხმარებლისთვის ფაქტიურად გაწეული მომსახურების ის ნაწილი, რომლის ანაზღაურება მომხმარებლის მიერ მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, აპრილის თვეში სასტუმროსათვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 4 237,29 ლარი (=5 000ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 762,71 ლარი (=4 237,29ლარი * 18%).

აპრილის თვეში ვებგვერდს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

ვაუჩერის რეალიზაცია წარმომადგენლის მეშვეობით

16.     აგენტის მიერ ვაუჩერის რეალიზაცია საკუთარი სახელით

იმ შემთხვევაში, როცა ერთჯერადი ვაუჩერების რეალიზაციისას აგენტი მოქმედებს საკუთარი სახელით, საწარმოს მიერ აგენტისათვის ვაუჩერის სარეალიზაციოდ გადაცემა განიხილება საწარმოს მიერ აგენტისათვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიურ“ მიწოდებად. თავის მხრივ აგენტის მიერ მომხმარებელზე ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია განიხილება აგენტის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიურ“ მიწოდებად. ამ შემთხვევაშიც, საქონლის/მიმწოდებლის მიერ მომავალში მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება დღგ-ს მიზნებისთვის დამოუკიდებელ ოპერაციად აღარ განიხილება და არ დაიბეგრება.

აგენტის მიერ ვაუჩერის რეალიზაცია საკუთარი სახელით

17.     მაგალითი N3 (მეორე ვარიანტი): ვაუჩერების რეალიზაცია კომისიონერი მეშვეობით

განვიხილოთ მე-3 მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N3 (მეორე ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) იანვრის თვეში სასტუმრომ ფასდაკლების „ვებგვერდს“ სარეალიზაციოს გადასცა 300 ლარის ნომინალური ფასის მქონე 100 ცალი ერთჯერადი ვაუჩერი;

(ბ) ვებგვერდს თითეული ვაუჩერის მომხმარებელზე რეალიზაცია უნდა მოეხდინა 250 ლარად. ამასთან, ვებგვერდს ვაუჩერების რეალიზაცია უნდა მოეხდინა საკუთარი სახელით, ე.ი. ვაუჩერის შეძენისას მომხმარებელი გარიგებას აფორმებდა ვებგვერდთან და არა სასტუმროსთან. ვებგვერდის მომსახურების ღირებულება შეადგენდა რეალიზებული ვაუჩერების სარეალიზაციო ფასის 10%-ს ე.ი. ერთ ვაუჩერზე – 25 ლარს (=250ლარი * 10%);

(გ) ვებგვერდმა მომხმარებელზე 30 ცალი ვაუჩერის რეალიზაცია მოახდინა თებერვალში 7 500 ლარად (=250ლარი * 30ცალი), დანარჩენი 70 ვაუჩერის რეალიზაცია ვებ გვერდმა განახორციელა მარტის თვეში 17 500 ლარად (=250ლარი * 70ცალი);

(დ) მომხმარებლების მიერ ასივე ვაუჩერის გამოყენება მოხდა აპრილის თვეში. სასტუმრომ მომხმარებლებს აპრილის თვეში გაუწია 35 000 ლარის სასტუმრო მომსახურება. სასტუმრო მომსახურების ღირებულების ნაწილი – 30 000 ლარი (=100ვაუჩერი * 300ლარი) მომხმარებლების მიერ ანაზღაურებული იქნა შეძენილი ვაუჩერების მეშვეობით, ხოლო 5 000ლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ვებგვერდი წარმოადგენს კომისიონერს, რომელიც არა სასტუმროს სახელით, არამედ საკუთარი სახელით, ახდენს საწარმოს მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერების მომხმარებელზე რეალიზაციას.

შესაბამისად, იანვრის თვეში სასტუმროს მიერ ვებგვერდისათვის სარეალიზაციოდ 100 ცალი ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება სასტუმროს მიერ ვებგვერდისათვის სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევად. „ფიქტიურად“ გაწეული მომსახურების ანაზღაურების თანხა იქნება –  22 500ლარი (=25000ლარი – 25000ლარი * 10%), ვაუჩერის მომხმარებელზე სარეალიზაციო თანხა შემცირებული ვებგვერდთან შეთანხმებული საკომისიო მომსახურების ფასით. შესაბამისად, სასტუმროსთვის იანვრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს – 19 067,80ლარს (=22 500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 3 432,20ლარს (=19 067,80ლარი * 18%). ვებგვერდი, სასტუმროს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, განახორციელებს აღნიშნული დღგ-ს თანხების ჩათვლას.

იანვრის თვეში ვებგვერდს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

თებერვლის და მარტის თვეში ვებგვერდის მიერ მომხმარებლებზე საკუთარი სახელით ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია განიხილება კომისიონერის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული მომსახურების – ე.ი. სასტუმრო მომსახურების ფიქტიურ გაწევად, შესაბამისად, კომისიონერისთვის თებერვლის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 6 355, 93 ლარი (=250ლარი * 30ცალი / 118%), დარიცხული დღგ – 1 144, 07 ლარი (=6355,93 ლარი *18%), ხოლო მარტის თვეში  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 14 830,51 ლარი (=250ლარი * 70ცალი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 669,49 ლარი (=14 830,51ლარი *18%). მომხმარებელი, სასტუმროს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, განახორციელებს აღნიშნული დღგ-ს თანხების ჩათვლას, თუ მომხმარებელი მეწარმე სუბიექტია და კმაყოფილდება დღგ-ს ჩათვლის მიღების ზოგადი წინაპირობები.

სასტუმროს თებერვლის და მარტის თვეებში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება. სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით ვებგვერდის მიერ თებერვლის და მარტის  თვეებში სასტუმროსათვის გაწეული საკომისიო მომსახურება დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება.

აპრილის თვეში სასტუმროს მიერ მომხმარებლისთვის გაწეული 35 000 ლარის სასტუმრო მომსახურებიდან, მომხმარებელმა 30 000ლარი აანაზღაურა ვაუჩერით და ამ ნაწილში სასტუმრო მომსახურების გაწევა დღგ-ს დამოუკიდებელ ოპერაციად არ განიხილება და არ დაიბეგრება. დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება სასტუმრო მომსახურების ის ნაწილი, რომელიც

შესაბამისად, აპრილის თვეში სასტუმროსათვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 4 237,29 ლარი (=5 000ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 762,71 ლარი.

კომისიონერს აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

შენიშვნა N1:

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდი ვერ მოახდენდა სასტუმროს მიერ მისთვის გადაცემული ერთჯერადი ვაუჩერების სრულად რეალიზაციას და გადაცემული ვაუჩერების ნაწილს უკან დაუბრუნებდა სასტუმროს, სასტუმრო მოახდენდა ერთჯერადი ვაუჩერის ვებგვერდისათვის გადაცემაზე დარიცხული დღგ-ის კორექტირებას (შემცირებას), ხოლო ვებგვერდი მოახდენდა მიღებული დღგ-ს ჩათვლის ნაწილობრივ გაუქმებას.

შენიშვნა N2:

შეიძლება სასტუმროსა და ვებგვერდს შორის გაფორმებული ყოფილიყო არა საკომისიო მომსახურების ხელშეკრულება, არამედ ერთჯერადი ვაუჩერის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვებგვერდის მიერ გაუყიდავი ვაუჩერების უკან დაბრუნების უფლებით ან მის გარეშე, რა შემთხვევაშიც დღგ-ით დაბეგვრის აღწერილი პრინციპი უცვლელი დარჩებოდა.

ვაუჩერის რეალიზაცია კომისიონერის მეშვეობით

18.     ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ

თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება ხორციელდება არა საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის, არამედ მიმწოდებელთან შეთანხმებით თავად აგენტის მიერ, აგენტის მიერ მომხმარებელზე ვაუჩერის რეალიზაციის მომენტში,  დღგ-ის მიზნებისთვის ერთდროულად ადგილი აქვს დღგ-ით დასაბეგრ ორ ოპერაციას (ე.წ. „დღგ-ს ორმაგ ოპერაციას“), კერძოდ: ერთის მხრივ საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ აგენტისათვის, მეორეს მხრივ აგენტის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიურ“ მიწოდებას. როგორც ხედავთ ასეთ შემთხვევაში,  აგენტის მიერ განხორციელებული ქმედება – მომხმარებლისთვის ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა წარმოშობს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას როგორც აგენტისთვის, ასევე საქონლის/მომსახურების მიმწოდებლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას აგენტმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს ინფორმაცია რეალიზებული ერთჯერადი ვაუჩერების ოდენობების შესახებ.

ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ

19.     მაგალითი N3 (მესამე ვარიანტი): ერთჯერადი ვაუჩერების გამოშვება კომისიონერის მიერ

განვიხილოთ მე-3 მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N3 (მესამე ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) იანვრის თვეში ფასდაკლების ვებგვერდმა სასტუმროსთან შეთანხმებით გამოუშვა 300 ლარის ნომინალური ფასის მქონე 100 ცალი ერთჯერადი ვაუჩერი, რომლითაც მყიდველს შეეძლო სასტუმროში გადაეხადა სასტუმრო მომსახურების ღირებულება;

 (ბ) ვებგვერდს თითეული ვაუჩერის მომხმარებელზე რეალიზაცია უნდა მოეხდინა 250 ლარად. ამასთან, ვებგვერდს ვაუჩერების რეალიზაცია უნდა მოეხდინა საკუთარი სახელით, ე.ი. ვაუჩერის შეძენისას მომხმარებელი გარიგებას აფორმებდა ვებგვერდთან და არა სასტუმროსთან. ვებგვერდის მომსახურების ღირებულება შეადგენდა რეალიზებული ვაუჩერების სარეალიზაციო ფასის 10%-ს ე.ი. ერთ ვაუჩერზე – 25 ლარს (=250ლარი * 10%);

(გ) ვებგვერდმა მომხმარებელზე 30 ცალი ვაუჩერის რეალიზაცია მოახდინა თებერვალში 7 500 ლარად (=250ლარი * 30ცალი), დანარჩენი 70 ვაუჩერის რეალიზაცია ვებ გვერდმა განახორციელა მარტის თვეში 17 500 ლარად (=250ლარი * 70ცალი);

(დ) მომხმარებლების მიერ ასივე ვაუჩერის გამოყენება მოხდა აპრილის თვეში. სასტუმრომ მომხმარებლებს აპრილის თვეში გაუწია 35 000 ლარის სასტუმრო მომსახურება. სასტუმრო მომსახურების ღირებულების ნაწილი – 30 000 ლარი (=100ვაუჩერი * 300ლარი) მომხმარებლების მიერ ანაზღაურებული იქნა შეძენილი ვაუჩერების მეშვეობით, ხოლო 5 000ლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, თებერვლის თვეში ვებგვერდის მიერ მომხმარებლებზე საკუთარი სახელით 30 ცალი ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ორმაგ ოპერაციად, კერძოდ: ადგილი აქვს, ერთის მხრივ, სასტუმროს მიერ ვებგვერდისათვის 6 750 ლარის (=30ცალი * 250ლარი – 30ცალი * 250ლარი * 10%), ხოლო მეორეს მხრივ ვებგვერდის მიერ მომხმარებლისთვის 7 500ლარის (=30ცალი * 250ლარი)  სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევას. შესაბამისად, თებერვლის თვეში სასტუმროსათვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 5 720, 34 ლარი (= 6 750ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 1 029, 66 ლარი (= 5 720, 34 ლარი * 18%). ვებგვერდისთვის, თებერვლის თვეში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 6 355, 93 ლარი (=7 500 ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 1 144, 07 ლარი (=6 355, 93ლარი * 18%).

იგივე პრინციპით მარტის თვეში ვებგვერდის მიერ მომხმარებლებზე 70 ცალი ერთჯერადი ვაუჩერის რეალიზაციისას ადგილი აქვს, ერთის მხრივ, სასტუმროს მიერ ვებგვერდისათვის 15 750 ლარის (=70ცალი * 250ლარი – 70ცალი * 250ლარი * 10%) სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევას, ხოლო მეორეს მხრივ ვებგვერდის მიერ მომხმარებლისთვის 17 500ლარის (=70ცალი * 250ლარი)  სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევას. შესაბამისად, მარტის თვეში სასტუმროსათვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 13 347,46 ლარი (= 15 750ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 402, 54 ლარი (= 13 347, 46 ლარი * 18%). ვებგვერდისთვის, თებერვლის თვეში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 14 830, 51 ლარი (=17 500ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 669, 49ლარი (=14 830,51ლარი * 18%).

ვებგვერდი, სასტუმროს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, თებერვლის და მარტის თვეში განახორციელებს დღგ-ს თანხების ჩათვლას.

სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით კომისიონერის მიერ თებერვლის და მარტის  თვეებში სასტუმროსათვის გაწეული საკომისიო მომსახურება დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის მხედველობაში არ მიიღება.

აპრილის თვეში სასტუმროს მიერ მომხმარებლისთვის ფაქტიურად გაწეული სასტუმრო მომსახურებიდან, სასტუმროსთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 4 237,29 ლარი (=[35 000 ლარი – 30 000ლარი] / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 762,71 ლარი.

ვებგვერდს აპრილის თვეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

შენიშვნა N1:

ხშირად აგენტების მიერ გამოშვებული ერთჯერადი ვაუჩერებით მომხმარებელს შეუძლია ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების შეძენა რამდენიმე მეწარმე სუბიექტთან და შესაბამისად, აგენტის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერის გადაცემის მომენტში უცნობია, თუ რომელ მეწარმე სუბიექტიდან მოახდენს მომხმარებელი ვაუჩერით საქონლის/მომსახურების შეძენას. ასეთ შემთხვევაში, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ აგენტისათვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიური“ მიწოდება დაიბეგრება მომხმარებლის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელთან შეძენის მომენტში. შეამჩნევდით, რომ ასეთ შემთხვევაში აგენტის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიური“ მიწოდება, წინ უსწრებს მიმწოდებლის მიერ აგენტისათვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიური“ მიწოდებას.

ჩვენს მაგალითზე, თუ ვებგვერდის მიერ გამოშვებული ვაუჩერით მომხმარებელს შეეძლებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებიდან – მაგალითად: რამდენიმე სასტუმროდან შეეძინა სასტუმრო მომსახურება, მაშინ ვებგვერდის მიერ მომხმარებლისთვის ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემის მომენტში უცნობი იქნებოდა, თუ რომელ სასტუმროში მოახდენდა მომხმარებელი ერთჯერადი ვაუჩერით სასტუმრო მომსახურების შეძენას. აღნიშნულის იდენტიფიცირება მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მომხმარებელი სასტუმროსგან ფაქტიურად შეიძენდა სასტუმრო მომსახურებას, სწორედ ამიტომ, სასტუმრო ვაუჩერთან დაკავშირებული სასტუმრო მომსახურების „ფიქტიურ“ გაწევას დაბეგრავს მომხმარებლის მიერ მისგან სასტუმრო მომსახურების ვაუჩერით შეძენის მომენტში ე.ი. აპრილის თვეში. რაც შეეხება ვებგვერდს, ის ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემას ჩვეულებრივ დაბეგრავს თებერვლისა და მარტის თვეებში, როგორც ეს მაგალითში უკვე განვიხილეთ.

ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება კომისიონერის მიერ

20.     რამდენიმე აგენტი ერთჯერადი ვაუჩერის სარეალიზაციო ჯაჭვში

ხშირად მომხმარებელზე რეალიზაციამდე ვაუჩერი სარეალიზაციო ჯაჭვში გადის რამდენიმე აგენტს, რა დროცას აგენტის ვაუჩერს შეიძლება გადასცემდეს სხვა აგენტს. ასეთ შემთხვევაშიც აგენტის მიერ სხვა აგენტისათვის ვაუჩერის ყოველი მიწოდება განიხილება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების „ფიქტიურ“ მიწოდებად და დაიბეგრება დღგ-ით. ამასთან, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტიური მიწოდება დღგ-ით დასაბეგრ დამოუკიდებელ ოპერაციას არ წარმოადგენს და არ დაიბეგრება.

რამდნიმე აგენტი ერთჯერადი ვაუჩერის სარეალიზაციო ჯაჭვში

21.     საქონლის/მომსახურების მიწოდებები, რომელზეც არ ვრცელდება ერთჯერადი ვაუჩერის დაბეგვრის სპეციალური წესი

ერთჯერადი ვაუჩერის დაბეგვრის წესი არ ვრცელდება ისეთი ვაუჩერების გადაცემაზე, რომლებთანაც დაკავშირებულ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ხორციელდება უწყვეტად ან რეგულარულად (მაგ.: დენი, გაზი წყალი, დასუფთავება, იჯარა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება და სხვ).

ერთჯერადი დაბეგვრის წესი, ასევე, არ ვრცელდება ისეთი ვაუჩერების გადაცემაზე, რომელთანაც დაკავშირებულ საქონელს წარმოადგენს ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები საკომპრესორო სადგურის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტები, ბიოდიზელი და ბუნებრივი აირი (მათ შორის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის).

ასეთ შემთხვევებში ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემის დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება მრავალჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის წესი.

საქონლის მიწოდება / მომსახურების გაწევა, რომელზეც არ ვრცელდება ვაუჩერის დაბეგვრის წესი

22.     მრავალჯერადი ვაუჩერით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

რაც შეეხება მრავალჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრას, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის მომხმარებელზე ან აგენტზე რეალიზაცია არ განიხილება  დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაიბეგრება დღგ-ით. ამასთან საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის ან/და მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და დაიბეგრება დღგ-ით. დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება მოხდება არა ვაუჩერის ნომინალური ღირებულებიდან არამედ მომხმარებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერში გადახდილი თანხიდან.

მრავალჯერადი ვაუჩერით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

23.     მაგალითი N4: სუპერმარკეტების ქსელის მიერ გამოშვებული მრავალჯერადი ვაუჩერი

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N4:

ფაქტიური გარემოებები:

(ა) იანვარში სუპერმარკეტების ქსელმა მომხმარებლებზე მოახდინა 200 ლარიანი ნომინალური ღირებულების მქონე 100ცალი მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია. 1ცალი ვაუჩერის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა – 195 ლარს, ე.ი. ვაუჩერის ნომინალურ ფასზე 2,5%-ით ნაკლებს;

(ბ) მომხმარებლებმა ნაყიდი ვაუჩერებით თებერვლის თვეში სუპერმარკეტში შეიძინეს 20 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. მომხმარებლების მიერ სუპერმარკეტში შეძენილი საქონლიდან 5 000 ლარის საქონელი წარმოადგენდა საქონლის კატეგორიას, რომლის მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ით დაბეგვრისაგან. დანარჩენი, 15 000 ლარის საქონელი წარმოადგენდა საქონლის კატეგორიას, რომლის მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, იანვარში სუპერმარკეტების ქსელის მიერ მომხმარებლებზე 100ცალი მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაიბეგრება დღგ-ით. შესაბამისად, იანვარში სუპერმარკეტების ქსელისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა და დარიცხული დღგ იქნება – 0 ლარი.

თებერვლის თვეში სუპერმარკეტის ქსელის მიერ მომხმარებლისთვის 100ცალი 200 ლარის ნომინალური ღირებულების ვაუჩერის სანაცვლოდ 20 000 ლარის (=200ლარი * 100ცალი) საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომლიდანაც 15 000 ლარის მიწოდება იბეგრება დღგ-ით, ხოლო 5 000 ლარის საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან. თუმცა დღგ-ს გაანგარიშება მოხდება არა მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ მომხმარებლის მიერ ვაუჩერში გადახდილი თანხიდან, რომელიც 2,5%-ით ნაკლები იყო ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებაზე. შესაბამისად, სუპერმარკეტების ქსელისთვის თებერვალში დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული თანხა იქნება – 4 875 ლარი (=5000ლარი – 5000ლარი * 2,5%) (=195ლარი * 25ცალი),  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 12 394,07ლარი (=[15 000ლარი – 15 000ლარი * 2,5%] /118%) (=195ლარი * 75ცალი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 230,93 ლარი (=12 394,07ლარი * 18%).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები ვაუჩერის მოქმედების ვადაში არ მოახდენდნენ ვაუჩერით საქონლის/მომსახურების შეძენას და შესაბამისად, ისინი დაკარგავდნენ ვაუჩერის გამოყენების უფლებას,  სუპერმარკეტების ქსელის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერების რეალიზაციით მიღებული თანხები დღგ-ით არ დაიბეგრებოდა, რადგან მრავალჯერადი ვაუჩერით განხორციელებული ოპერაციების დროს დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება საქონლის/მომსახურების ფაქტიური მიწოდება, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა.

მაგალითი: სუპერმარკეტების ქსელის მიერ გამოშვებული მრავალჯერადი ვაუჩერი

24.     მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია აგენტის მეშვეობით

დღგ-ით დაბეგვრის იგივე წესი ვრცელდება  მრავალჯერადი ვაუჩერის აგენტის მეშვეობით რეალიზაციის შემთხვევებშიც: აგენტის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია არ განიხილება  დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაიბეგრება დღგ-ით. ამასთან, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/ მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და დაიბეგრება დღგ-ით. მიწოდებულ საქონელზე ან/და გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ს გაანგარიშება მოხდება არა იმ ფასიდან, რა ფასადაც საქონლის/მომსახურების მიმწოდებელმა აგენტს მიაწოდა ვაუჩერი, არამედ ფასიდან, რაც მომხმარებელმა გადაუხადა აგენტს ვაუჩერის შეძენისას. ამასთან, აგენტის მიერ საქონლის/მომსახურების მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას დღგ-ით დაბეგვრის ზოგადი წესით.

მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია აგენტის მეშვეობით

25.     მაგალითი N5: სუპერმარკეტის ქსელის მრავალჯერადი ვაუჩერების გამოშვება აგენტის მიერ

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N5:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) იანვარში აგენტმა – ფასდაკლებების ვებგვერდმა სუპერმარკეტების ქსელის დავალებით გამოუშვა და საკუთარი სახელით  მომხმარებლებზე მოახდინა 200 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე 100ცალი მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია. 1ცალი ვაუჩერის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა – 195 ლარს, ე.ი. ვაუჩერის ნომინალურ ფასზე 2,5%-ით ნაკლებს;

(ბ) თებერვლის თვეში მომხმარებლებმა ნაყიდი ვაუჩერებით სუპერმარკეტში შეიძინეს 20 000 ლარის (=200ლარი * 100ცალი) ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. მომხმარებლების მიერ სუპერმარკეტში შეძენილი საქონლიდან 5 000 ლარის საქონელი წარმოადგენდა საქონლის კატეგორიას, რომლის მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ით დაბეგვრისაგან. დანარჩენი, 15 000 ლარის საქონელი წარმოადგენდა საქონლის კატეგორიას, რომლის მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით;

(გ) ფასდაკლებების ვებგვერდმა, სუპერმარკეტების ქსელთან შეთანხმებისამებრ, მომხმარებლისგან მიღებული თანხიდან დააკავა მარკეტინგული მომსახურების საკომისიო რეალიზებული ვაუჩერების ჯამური ნომინალური ფასის 3% – 600 ლარი (=200ლარი * 100ცალი * 3%) და დარჩენილი – 18 900 ლარი (=195ლარი * 100ცალი – 600ლარი) გადაურიცხა სუპერმარკეტების ქსელს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, იანვრის თვეში ვებგვერდის მიერ მომხმარებლებისთვის მრავალჯერადი ვაუჩერის რეალიზაცია სუპერმარკეტისთვის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას არ წარმოშობს. იანვრის თვეში ვებგვერდის მიერ სუპერმარკეტისთვის გაწეული მარკეტინგული მომსახურების ღირებულება შეადგენს – 600 ლარს, შესაბამისად, იანვარში ვებგვერდისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 508,47 ლარი (= 600 ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 91,53 ლარი (=508,47ლარი * 18%).

თებერვლის თვეში სუპერმარკეტის ქსელის მიერ მომხმარებლისთვის 100ცალი 200 ლარის ნომინალური ღირებულების ვაუჩერის სანაცვლოდ 20 000 ლარის (=200ლარი * 100ცალი) საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომლიდანაც 15 000 ლარის (=200ლარი * 75ცალი) მიწოდება იბეგრება დღგ-ით, ხოლო 5 000 ლარის (=200ლარი * 25ცალი) საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან. თუმცა დღგ-ს გაანგარიშება მოხდება არა მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ მომხმარებლის მიერ აგენტისათვის ვაუჩერში გადახდილი თანხიდან, რომელიც 2,5%-ით ნაკლები იყო ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებაზე. შესაბამისად, სუპერმარკეტების ქსელისთვის თებერვალში დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული თანხა იქნება – 4 875 ლარი (=5000ლარი – 5000ლარი * 2,5%) (=195ლარი * 25ცალი),  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 12 394,07ლარი (=[15 000ლარი – 15 000ლარი * 2,5%] /118%) (=195ლარი * 75ცალი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 2 230,93 ლარი (=12 394,07ლარი * 18%). ვებგვერდს თებერვლის თვეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

მაგალითი სუპერმარკეტის ქსელის მრავალჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ

26.     მომხმარებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობა

მომხმარებლის მიერ შეძენილი მრავალჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობლობა საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის პირისთვის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას არ წარმოშობს. შესაბამისად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისგან ან აგენტისგან მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ მიღებული შემოსავალი საბოლოოდ დღგ-ით დაუბეგრავი დარჩება.

რაც შეეხება აგენტს, მომხმარებლის მიერ შეძენილი მრავალჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობლობის შემთხვევაში, თუ აგენტს საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიმართ წარმოეშვება მოთხოვნა მომხმარებლის მიერ ვაუჩერში გადახდილ თანხაზე ან მის ნაწილზე, ასეთ შემთხვევაში აგენტის მიერ მიღებული შემოსავალი ჩაითვლება მარკეტინგული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ დამატებით შემოსავლად და დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მრავალჯერად ვაუჩერს გაუვიდა გამოყენების ვადა. 

მომხმარებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის გამოუყენებლობა

27.     მაგალითი N6: მომხმარებლის მიერ აგენტისგან შეძენილი ვაუჩერის გამოუყენებლობა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N6:

(ა) იანვრის თვეში აგენტმა – სავაჭრო ცენტრმა მოახდინა მის 500 ლარის ნომინალური ფასის მქონე მრავალჯერადი ვაუჩერის გამოცემა და მომხმარებელზე მისი რეალიზაცია 450 ლარად;

(ბ) მომხმარებელს შეძენილი მრავალჯერადი ვაუჩერით შეეძლო იმავე წლის დეკემბრის ბოლომდე  გადაეხადა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ სუპერმარკეტში შეძენილი საქონლის ან მომსახურების ღირებულება;

(გ) სავაჭრო ცენტრსა და სუპერმარკეტს შორის გაფორმებული მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, სავაჭრო ცენტრმა სუპერმარკეტს იანვრის თვეში ჩაურიცხა ვაუჩერის სარეალიზაციო ფასის 90% – 405 ლარი (=450ლარი * 90%), ხოლო ვაუჩერის სარეალიზაციო ფასის 10% ე.ი. 45 ლარი (=450ლარი * 10%) სავაჭრო ცენტრმა დააკავა მარკეტინგული მომსახურების ღირებულების სახით;

(დ) მომხმარებელმა არ მოახდინა შეძენილი მრავალჯერადი ვაუჩერის განაღდება დეკემბრის ბოლომდე და ვაუჩერს გაუვიდა მოქმედების ვადა.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, იანვრის თვეში სავაჭრო ცენტრი დღგ-ით დაბეგრავს სუპერმარკეტისთვის გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებას და დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 38,16 ლარის (=45ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 6,87 ლარი (=38,16ლარი * 18%). იანვრის თვეში სუპერმარკეტს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

სუპერმარკეტს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არც დეკემბრის თვეში წარმოეშვება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დეკემბრის თვეში მრავალჯერად ვაუჩერს ისე გაუვიდა მოქმედების ვადა, რომ მომხმარებელს არ მოუხდენია ვაუჩერის გამოყენება.

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ცენტრსა და სუპერმარკეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აგენტი – სავაჭრო ცენტრი სუპერმაკეტს ვაუჩერის სარეალიზაციო ფასის 90%-ს ე.ი. 405 ლარს აუნაზღაურებდა მხოლოდ მომხმარებლის მიერ სუპერმარკეტში ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში და მომხმარებლის მიერ ვაუჩერის გამოუყენებლობის გამო არ მოახდენდა ვაუჩერის სარეალიზაციო ფასის 90%-ის ე.ი. 405 ლარის სუპერმარკეტისთვის გადახდას, ვაუჩერის ვადის საანგარიშო პერიოდში, დეკემბრის თვეში სავაჭო ცენტრმა დამატებით უნდა მოახდინოს სუპერმარკეტისთვის გაწეული მარკეტინგული მომსახურების თანხის კორექტირება და დამატებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება 405 ლარი, რომელიც ჩაითვლება მარკეტინგული მომსახურების დამატებით საზღაურად. შესაბამისად, სავაჭრო ცენტრისთვის დეკემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 343,22  ლარი (=405ლარი / 118%), ხოლო დარიცხული დღგ – 61,78 ლარი (=343,22ლარი * 18%).  სუპერმარკეტს არც იანვრის და არც დეკემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ წარმოეშვება.

მაგალითი: მომხმარებლის მიერ აგენტისგან შეძენილი ვაუჩერის გამოუყენებლობა

28.     დღგ-ით დასაბეგრი თანხა, მომხმარებლის მიერ ვაუჩერში გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის არ არსებობისას

მომხმარებელზე რეალიზაციის მომენტამდე მრავალჯერადი ვაუჩერი ხშირად დიდ გზას -რამდენიმე აგენტს გადის და რადგანაც საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა იბეგრება მომხმარებლის მიერ აგენტისთვის ვაუჩერში გადახდილი ფასიდან, ხშირია შემთხვევები (უმეტესად მაშინ, როცა აგენტები დამოუკიდებელი მოვაჭრეები არიან), როცა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი არ ფლობს დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ვაუჩერის შეძენის ფასის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა უნდა მოხდეს ვაუჩერის ნომინალური ფასიდან.

დღგ-ით დასაბეგრი თანხა, მომხმარებლის მიერ ვაუჩერში გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის არ არსებობისას

29.     ერთჯერად და მრავალჯერად ვაუჩერებზე ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში მისათითებელი სავალდებულო ინფორმაცია

როგორც უკვე განვმარტეთ ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერები დღგ-ით იბეგრებიან სხვადასხვა წესით, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაუჩერის გამომცემმა ვაუჩერზე მიუთითოს, რომ ვაუჩერი წარმოადგენს ერთჯერად თუ მრავალჯერად ვაუჩერს. ერთჯერად ვაუჩერში მიუთითოს საქონლის კატეგორია ან გამოსაყენებელი დღგ-ს განაკვეთი, რათა აგენტებისთვის (კომისიონერი, დამოუკიდებელი მოვაჭრეები) იდენტიფიცირებადი იყოს დაბეგროს თუ არა დღგ-ით ვაუჩერის გადაცემა/რეალიზაცია და რა განაკვეთით.

რაც შეეხება ვაუჩერების რეალიზაციისას პირველად საგადასახადო დოკუმენტებში შესატან მონაცემებს, როგორც უკვე ვთქვით, უმეტეს შემთხვევაში ერთჯერადი ვაუჩერის გამოცემისას უცნობია ვაუჩერთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციის ფარგლებში მომხმარებლისთვის მისაწოდებელი კონკრეტული საქონელი ან/და მისთვის გასაწევი კონკრეტული მომსახურება, სწორედ ამიტომ ერთჯერადი ვაუჩერის მიწოდებაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ვერ ჩაიწერება მისაწოდებელი კონკრეტული საქონელი ან/და მომსახურება, მათი რაოდენობები და მოცულობები და ერთეულის ფასები. ერთჯერადი ვაუჩერის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მიეთითება მიწოდებული ვაუჩერის რაოდენობა და ვაუჩერის ფასი, საქონლის/მომსახურების გრაფაში მიეთითება მაგალითად „ერთჯერადი ვაუჩერი“, „500 ლარის ნომინალური ფასის ერთჯერადი ვაუჩერი“ ან „ერთჯერადი ვაუჩერი საგ.კოდ.-ის §157.ტ. შესაბამისად“. საწარმოს მიერ მომხმარებლისთვის საქონლის ფაქტიური მიწოდებისას ან/და მომსახურების ფაქტიური გაწევისას მომხმარებელზე გაწერილ ზედნადებსა თუ მიღება-ჩაბარების აქტში შენიშვნის სახით მიეთითება, რომ „ანაზღაურებულია ერთჯერადი ვაუჩერით“.

ერთჯერად და მრავალჯერად ვაუჩერებზე მისათითებელი სავალდებულო ინფორმაცია

30.     დასასრული

წინამდებარე ვიდეო კომენტარში შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხები. კითხვების, შენიშვნების ან კრიტიკის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ქვემოთ მოცემულ მისამართებზე. ჩვენ ეს დაგვეხმარება პროექტის კიდევ უფრო განვითარებაში.

მადლობა, რომ გვისმენდით!

შემდეგი სტატიაკომენტარი N1-3: თანამშრომელთა კვების დაბეგვრა