(+995) 558 929 929
15:25 ორშაბათი, 11 დეკემბერი
მთავარი მთავარი სტატია N20/1 მიღებული ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის დეტალური ანალიზი
სტატია N20/1 მიღებული ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის დეტალური ანალიზი

2017 წლის 1 იანვრიდან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საქონლის ან მომსახურების შემძენისაგან მიღებული ავანსები. მიღებული ავანსის თანხიდან ავანსის მიმღებმა უნდა მოახდინოს დღგ-ს გაანგარიშება (დღგ-ს ამოღება) და იმ საანგარიშო თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახვა, რომელშიც მოხდა ავანსის თანხის მიღება. იმ შემთხვევაში როცა ავანსის სახით ხდება მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილის მიღება, საქონლის/მომსახურების ღირებულების ის ნაწილი, რომლის მიღებაც მოხდება ავანსის სახით, დაიბეგრება ავანსის თანხის მიღების საანგარიშო პერიოდში, ხოლო  საქონლის/მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაბეგვრა  უნდა მოხდება იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც განხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა (საგ. კოდ. §161.1.ა.ა §161.1.ა.ბ.დ). ავანსის მიმღები მიღებულ ავანსის თანხაზე გამოწერს საგადასახადო ანგარი-ფაქტურას, ხოლო ავანსის გამცემი ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელებს ავანსის ჩათვლას.

 

მაგალითი:  მობილურის დისტრიბუტორი - „ტელეთრეიდი" & მაღაზიათა ქსელი „სმარტფონი"

მობილური ტელეფონების დისტრუბუტურმა კომპანიამ „ტელეთრეიდმა"(რომელიც მოცემულ მაგალითში წარმოადგენს გამყიდველს)  მაღაზიათა ქსელ „სმარტფონისაგან" 2017 წლის მაისის თვეში ავანსის სახით მიიღო მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 30%-ი - 90 000 ლარი. საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 210 000 ლარის გადახდა განხორციელდა 2017 წლის აგვისტოს თვეში, საქონლის მიწოდების მომენტში.

მოცემულ შემთხვევაში ავანსად მიღებული 90 000 ლარი დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება 2017 წლის მაისის თვეში, ხოლო საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილი 210 000 ლარი დაიბეგრება 2017 წლის აგვისტოს თვეში.

 

მიღებული ავანსის თანხა არ დაიბეგრება დღგ-ით, თუ საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულების ნაწილსაც წარმოადგენს მიღებული ავანსი, გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან.

მაგალითი: ქართული კომპამია „ეკოლიმონათი" & არარეზიდენტი (უკრაინული) კომპანია „Ukraine Trade"

ქართულმა კომპანია „ეკო ლიმონათმა" (შემდეგში - გამყიდველი) არარეზიდენტ (უკრაინულ) კომპანია - "Ukraine Trade" -თან (შემდეგში - მყიდველი) გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის მარტის თვეში მიიღო 200 000აშშ დოლარის ავანსი, რომელიც წარმოადგენდა, მაისის თვეში მყიდველისათვის უკრაინაში მისაწოდებელი საქონლის ღირებულების (500 000 აშშ) ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება, რადგან საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან.

 

მაგალითი:  გამომცემლობა „ჰარი პოტერი" & საბავშვო ბიბლიოთეკა „ცეროდენა"

გამომცემლობა „ჰარი პოტერმა" საბავშვო ბიბლიოთეკა - „ცეროდენასაგან" 2017 წლის მარტის თვეში ავანსის სახით მიიღო მისაწოდებელი საქონლის - 500 ცალი წიგნის ღირებულება 5 000 ლარი სრულად. გამყიდველმა მყიდველს საქონელი მიაწოდა 1 თვის შემდეგ 2017 წლის აპრილის თვეში.

მოცემულ შემთხვევაში გამყიდველი არც მარტის თვეში და არც აპრილის თვეში დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგანაც წიგნების მიწოდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად  გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან.

 

საქონლის/მომსახურების შემძენისაგან მიღებული თანხა ჩაითვლება ავანსად და დაიბეგრება დღგ-ით იმ შემთხვევაშიც, როცა საქონლის/მომსახურების შემძენს მომწოდებლის მიმართ თანხის გადახდის მომენტში ერიცხება დავალიანება, თუმცა მხარეთა შეთანხმებით გადახდილი თანხა ჩაითვლება არა ძველი, უკვე არსებული დავალიანების გასტუმრების ანგარიშში, არამედ განხილული იქნება მომავალში მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების ღირებულებად (ან მის ნაწილად).

 

მაგალითი: სამშენებლო კომპანია „მშენებელი" & დეველოპერული კომპანია „თბილი სახლი"

დეველოპერულმა კომპანიამ „თბილმა სახლმა" სამშენებლო კომპანია „მშენებელს", რომლისგანაც რეგულარულად იძენდა სამშენებლო მომსახურებას, 2017 წლის ივნისის თვეში ჩაურიცხა 250 000 ლარი. თანხის ჩარიცხვის მომენტში დეველოპერულ კომპანიას სამშენებლო კომპანიის მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 300 000 ლარი, რომელიც წარმოქმნილი იყო 2017 წლის აპრილისა და მაისის თვეებში სამშენებლო კომპანიის მიერ დეველოპერული კომპანიისათვის შესრულებული სამშენებლო სამუშაოები საფუძველზე.  სააღრიცხვო დოკუმენტებიდან (ინვოისი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადახდა; ბანკის საგადახდო დავალება და სხვ.) ირკვევა, რომ ივნისის თვეში გადახდილი თანხა წარმოადგენდა არა ძველი დავალიანების დასაფარად განკუთვნილ თანხას, არამედ 2017 წლის აგვისტოს თვეში განსახორციელებელი სამშენებლო პროექტის ღირებულების ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვეში სამშენებლო კომპანიის მიერ მიღებული თანხა ჩაითვლება მომავალში გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ავანსად და დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას მისი მიღების საანგარიშო პერიოდში, ანუ 2017 წლის ივნისის თვეში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თანხის გადახდის მომენტში დეველოპერულ კომპანიის დავალიანება სამშენებლო კომპანიის მიმართ აღემატებოდა გადახდილ თანხას.

 

თუ ავანსის გადახდა არ ხორციელდება კონკრეტული, თანხის გადახდის მომენტამდე შეთანხმებული საქონლის ან მომსახურების შესაძენად და შესაბამისად თანხის მიღების მომენტში, შეუძლებელია მოხდეს მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების იდენტიფიცირება ან თუ ვერ დგინდება მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა ან ფასი, მიღებული  ავანსის თანხა არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, რადგან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. როგორც წესი, ასეთ ავანსის თანხას წარმოადგენს დებიტორებისაგან ზედმეტად მიღებული ფულადი სახსრები, რომელთა ჩათვლა ხდება მომავალში მათთან ანგარიშსწორების ანგარიშში  ან/და კლიენტებისაგან მიღებული ბალანსის/დეპოზიტის თანხები.

 

მაგალითი: ონლაინ მაღაზია „Amazon საქართველო"

ონლაინ მაღაზიის Amazon "საქართველო"-ს მომხმარებელი ვებგვერდზე ვაჭრობის მიზნით ავსევს მის ვირტუალურ საფულეს (ბალანსს), რომელსაც მომხმარებელი იყენებს შემდგომში შეკვეთების განსახორციელებლად. მომხმარებელმა შაკო მაისურაძემ 2017 წლის სექტემბრის თვეში ონლაინ მაღაზიას გადაურიცხა 500 ლარი საკუთარი ვირტუალური საფულის (ბალანსის) შესავსებად. თუმცა მას სექტემბრის თვეში შეკვეთა (ანუ საქონლის შეძენა) არ განუხორციელებია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა - 500 ლარი არ წარმოადგენს კონკრეტული, გადახდის მომენტში იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, რადგან მომხმარებელს აღნიშნული თანხის გამოყენება ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტში არსებული ნებისმიერი საქონლის შესაძენად შეუძლია. შესაბამისად ონლაინ მაღაზიის მიერ სექტემბრის თვეში მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება.

სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მაგ.: ონლაინ მაღაზიაში ფულის გადახდა ხდება კონკრეტული, გადახდის მომენტში იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ, ასეთ შემთხვევაში მიღებული საქონლის თანხა დაიბეგრება დღგ-ით.

 

მაგალითი: სატელეკომუნიკაციო კომპანია „იაფი ქსელი"

სატელეკომუნიკაციო კომპანიის „იაფი ქსელი"-ს მომხმარებელმა 2017 წლის 10 აგვისტოს შეავსო ბალანსი მობილურ ტელეფონზე 300 ლარით. მას აგვისტოს თვეში მობილური მომსახურებით არ უსარგებლია.

მოცემულ შემთხვევაში გადახდილი 300 ლარი არ წარმოადგენს კონკრეტული, გადახდის მომენტში იდენტიფიცირებადი მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, რადგან  მომხმარებელმა აღნიშნული ბალანსი შეიძლება გამოიყენოს სმს-მომსახურების, შიდა მობილური ან საერთაშორისო ზარის განსახირციელებლად, შესაბამისად აგვისტოს გადახდილი ავანსის თანხა  დაბეგვრას არ ექვემდებარება.

სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მაგ.: მომხმარებლის მიერ თანხის გადახდა ხდება სხვადასხვა პაკეტების (წუთობრივი, სმს, კომბინირებული ან სხვ.) შესაძენად, ასეთ შემთხვევაში მიღებული ავანსის თანხა დაიბეგრება დღგ-ით.

 

მაგალითი: სადისტრიბუციო კომპანია & მაღაზიათა ქსელი „იაფი მარკეტი"

„ჯეო დისტრიბუციას" მისმა ერთ-ერთმა დებიტორმა „იაფმა მარკეტმა" 2017 წლის სექტემბრის თვეში არსებული დავალიანების -  5 000 ლარის ნაცვლად ჩაურიცხა 7 000 ლარი. 2000 ლარი ჩაითვალა „იაფი მარკეტის" მიერ მომავალში შესაკვეთი საქონლის ანგარიშში.

მოცემულ შემთხვევაში მიღებული ავანსის თანხა - 2000 ლარი დაბეგვრას არ ექვემდებარება, რადგან „იაფი მარკეტის" მიერ გადახდილი 2 000 ლარი, არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის შესაძენად გადახდილ ავანსს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავანსის მიღების მომენტში შეიძლება უცნობი იყოს მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების დამატებითი მახასიათებლები, აღნიშნული გარემოება საქონლის მომსახურების დაბეგვრის რეჟიმზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

მაგალითი: ბადრი ჯორბენაძე & სამშენებლო კომპანია სახლი ტბის პირას

ბადრი ჯორბენაძემ (შემდეგში - მყიდველი) სამშენებლო კომპანიას „სახლი ტბის პირას" (შემდეგში - გამყიდველი) 2017 წლის აგვისტოს თვეში ჩაურიცხა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N1-ში მშენებარე კორპუსში 200კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება - 200 000 ლარი სრულად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სართულის შერჩევა მოხდებოდა მშენებლობის დასრულების შემდეგ 2018 წლის მაისის თვეში.

მოცემულ შემთხვევაში, მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ფასი თანხის ჩარიცხვის მომენტში ჩაითვლება იდენტიფიცირებულად და ის გარემოება, რომ მყიდველს კონკრეტული სართული არჩეული არ აქვს არ შეცვლის ავანსის დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმს (ესეიგი 2017 წლის აგვისტოს თვეში მიღებული ავანსი დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას).

სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მაგ.: თანხის გადახდის მომენტში არ ფორმდება ნასყიდობა, რადგან იდენტიფიცირებული არ არის გამყიდველის მფლობელობაში არსებული რომელი პროექტიდან მოახდენს მყიდველი საცხოვრებელი ფართის არჩევას, ან როცა მაგ.:  მყიდველს ავანსად გადახდილი თანხიდან საკუთარი ოფციით შეუძლია აირჩიოს ან საცხოვრებელი ან კომერციული ფართი.

 

საქონლის/მომსახურების შემძენისგან მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება, თუ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად და უწყვეტად.

 

მაგალითი: მეიჯარე „სიტი რენტი"  & „Art გალერია"

მეიჯარე „სიტი რენტმა" 2017 წლის იანვრის თვეში მოიჯარე „Art გალერიასაგან" ავანსის სახით მიიღო 12 თვის ჯარის თანხა - 12 000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში იანვრის თვეში მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება და მეიჯარემ გაწეული საიჯარო მომსახურება უნდა დაბეგროს ყოველთვიურად, რადგანაც მომსახურება ხორციელდება რეგულარულად და უწყვეტად.

 

მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესი ასევე არ ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე გარიგებულ/შეთანხმებულ და 2017 წელში გარდამავალ დასაბეგრ ოპერაციებზე, თუ მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების ღირებულების (ან მისი ნაწილის) გადახდა განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე.

 

მაგალითი:  სამშენებლო კომპანია „მშენებელი" & დეველოპერული კომპანია „ტიფლის დეველოპერი"

სამშენებლო კომპანია „მშენებელსა" და დეველოპერულ კომპანია „ტიფლის დეველოპერს" (შემდეგში დამკვეთი) შორის 2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა გენერალური ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სამშენებლო კომპანია დამკვეთს ქ. თბილისში უშენებს 2 საცხოვრებელ კორპუსს. პირველი კორპუსის მშენებლონის ღირებულება - 700 000 ლარი სამშენებლო კომპანიას ჩაერიცხა 2016 წლის 5 დეკემბერს ავანსის სახით. კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 5 იანვარს და დამკვეთს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა 2017 წლის აპრილში. მე-2 კორპუსის მშენებლობის ღირებულება - 900 000 ლარი, დამკვეთმა „სამშენებლო კომპანიას" გადაუხადა 2017 წლის თებერვლის თვეში, რომელიც დასრულდა 2017 წლის აგვისტოს თვეში.

მოცემულ თვეში პირველი კორპუსის მშენებლობის ავანსის თანხა დაბეგვრას არ დაექვემდებარება, რადგან მისი გადახდა მოხდა 2017 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2017 წლის თებერვლის თვეში გადახდილი თანხა - 900 00 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის იმავე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ ავანსი, წარმოადგენს დამოუკიდებელ მომსახურების გასაწევად გადახდილ ავანსს და დაიბეგრება დღგ-ით.

 

მაგალითი: მაღაზია „საკანცელარიო სახლი" & იურიდიული ოფისი „ჩემი ადვოკატი"

2016 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მაღაზია „საკანცელარიო სახლმა" (შემდეგში - გამყიდველი) იურიდიულ ოფისს „ჩემ ადვოკატს" (შემდეგში - მყიდველი) 2017 წლის 2 თებერვალს მიაწოდა 5000 ლარის საკანცელარიო ნივთები. მყიდველის მიერ საქონლის ღირებულების გადახდა მოხდა ავანსის სახით 2 ეტაპად, 2016 წლის 25 დეკემბერს - 3000 ლარი, 2017 წლის 17 იანვარს- 2000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში არც 2016 წლის დეკემბერსა და არც 2017 წლის იანვარში გადახდილი ავანსის თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება, რადგან მისაწოდებელ საქონელზე პირველი ავანსის გადახდა მოხდა 2017 წლის 1 იანვრამდე.

 

 

მიღებული ავანსის თანხაზე გადახდილი/გადასახდელი დღგ ბუღალტრულად გატარდება 3341(-ავანსებზე გადახდილი/გადასახდელი დღგ) ანგარიშზე, ხოლო მიღებულ ავანსებზე დარიცხული დღგ 3331(-მიღებულ ავანსებზე დარიცხული დღგ) ანგარიშზე. გაცემულ ავანსზე მიღებული დღგ-ს ჩასათვლელი თანხები ბუღალტრულად გატარდება 3342(-გაცემულ ავანსის თანხებზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა) ანგარიშზე, ხოლო წინასწარ მიღებული დღგ-ს ჩათვლა დაირიცხება 3332(-გაცემულ ავანსზე მიღებული წინასწარი ჩათვლა) ანგარიშზე.

 

მაგალითი:  მობილურის დისტრიბუტორი - „ტელეთრეიდი" & მაღაზიათა ქსელი „სმარტფონი"

მობილური ტელეფონების დისტრუბუტურმა კომპანიამ „ტელეთრეიდმა" მაღაზიათა ქსელ „სმარტფონისაგან" (მყიდველი) 2017 წლის მაისი თვეში ავანსის სახით მიიღო მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 30%-ი - 90 000 ლარი. საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდა 2017 წლის აგვისტოს თვეში, საქონლის მიწოდების მომენტში. ავანსზე დარიცხული დღგ-ს - 13 728, 81 ლარის გადახდა, ავანსის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდა 2017 წლის 10 ივნისს.

 

მოცემულ შემთხვევაში გამყიდველისათვის/ავანსი მიმღებისათვის გატარებებს ექნება შემდეგი სახე:

2017 წლის მაისი (ავანსის მიღების მომენტი): 1210 / 3120"სმარტფონი"  - 90 000 ლარი;      

2017 წლის მაისი (ავანსის მიღების მომენტი):    3341 / 3331 - 13 728, 81 ლარი (= 90 000 * 18 / 118);

2017 წლის 10 ივნისი (ავანსზე დარიცხული დღგ-ს გადახდა ბიუჯეტში): 3331 / 1210 - 13 728, 81 ლარი;

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიწოდების მომენტი): 1410"სმარტფონი"/6110 - 254 237, 29 ლარი   = (300 000 / 1,18);

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიწოდების მომენტი):  1410"სმარტფონი"/3330 - 45 762, 71 ლარი (= 300 000 ლარი * 18 / 118);

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიწოდების მომენტი): 3330/3341 - 13 728,81ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მყიდველისათვის/ავანსის გამცემისათვის გატარებებს ექნება შემდეგი სახე:

2017 წლის მაისი (ავანსის გაცემის მომენტი): 1480"ტელეთრეიდი" / 1210   - 90 000 ლარი;

2017 წლის მაისი (ავანსის გაცემის მომენტი): 3342 / 3332   - 13 728,81 ლარი;

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიღების მომენტი): 1610/ 3110"ტელეთრეიდი" - 254 237, 29 ლარი   = (300 000 / 1,18);

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიღების მომენტი): 3340/3110"ტელეთრეიდი" - 45 762, 71 ლარი;

2017 წლის აგვისტო (საქონლის მიღების მომენტი): 3332 / 3340 - 13 728,81 ლარი.

 

მიღებული ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის წესი ნორმატიული აქტის სახით დეტალურად - მაგალითების დონეზე განიმარტა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (იხ. ფინ.მინ 15.02.2017 N49 ბრძანება).

TaxInfo-ს მიერ დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესი მოკლედ ახსნილი იქნა ვიდეო გადაცემაში (იხილეთ: ვიდეო გადაცემა)

 

            



Developed By Aleksandre Chiabrishvili. Designed By mrGOTT