კომენტარი N1-1: საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა

2203
0

გამარჯობა!

დღეიდან TaxInfo იწყებს საგადასახადო კოდექსის ვიდეო კომენტარების ყოველთვიურ გამოცემას და ივლისის გამოცემის პირველ ვიდეო კომენტარში განვმარტავთ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხებს.

კომენტარში ჩვენს მიერ მოხდება საგადასახადო კოდექსის §159.1.ა., §160.1., §160.3.ა. და 164.2.ა. ნაწილობრივი განმარტება.

კომენტარი არ განმარტავს საწარმოს მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის საქონლის უსასყიდლო მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხებს.

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ სტატიაში დაფიქსირებული განმარტებები და მოსაზრებები წარმოადგენენ საგადასახადო-სამეცნიერო ვიდეო ჟურნალ TaxInfo -ს პოზიციას, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

1.       საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების კატეგორიები

საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება, თუ უსასყიდლოდ მიწოდებულ საქონელზე მიმწოდებელს მისი შეძენისას მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს დღგ-ს ჩათვლის არ მიღება გამოწვეული იყო ჩათვლის წინაპირობების არ არსებობის გამო (მაგ.: საქონელი გამოიყენებოდა დღგ-ით დაბეგვრისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში), თუ საქონლის შეძენა განხორციელდა დღგ-ს გადამხდელად არარეგისტრირებული პირისგან.

შესაბამისად, საქონლის უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე პირს დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი,  მიუხედავად იმ გარემოებისა, საქონლის უსასყიდლო მიწოდება ხორციელდება (ა) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში,   (ბ) თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობის მიზნით თუ (გ) ეკონომიკური საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული საქმიანობის მიზნით.

2.       დღგ-ით დასაბეგრი თანხა

საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას დღგ-ით დასაბეგრ თანხას წარმოადგენს არა მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება, როგორც ეს განსაზღვრული იყო დღგ-ს ძველი რეგულაციებით ან არა უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის შესყიდვის ფასი – ე.წ. თვითღირებულება (როგორც ეს ახალი ნორმის გრამატიკული გამოხატვის გამო ხშირად ეშლებათ), არამედ დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის „ფიქტიური“ შესყიდვის ფასი მისი უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში ე.ი. თანხა, რომელსაც გადაიხდიდა საქონლის მიმწოდებელი პირი, საქონელი უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში რომ შეეძინა (§164.2.ა.).  შესყიდვის ფასის იგნორირებით და „ფიქტიური“ შესყიდვის ფასის შემოღებით კანონმდებელს სურს საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დაბეგვრისას გაითვალისწინოს საქონლის შესყიდვის ფასის კლება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში – მისი შეძენიდან მის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტამდე პერიოდში. ამასთან, თუ უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში საქონლის „ფიქტიური“ შესყიდვის ფასი აღემატება საქონლის ფაქტიურ შესყიდვის ფასს (ე.ი. საქონლის შესყიდვის ფასი მისი შეძენის მომენტიდან მის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტამდე პერიოდში გაიზარდა),  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება საქონლის ფაქტიური შესყიდვის ფასი დღგ-ს გარეშე. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის კანონმდებლის მიერ შემოღებულ „ფიქტიური“ შესყიდვის ფასს, ხშირად ნარჩენ შესყიდვის ფასსაც უწოდებენ.

3.       მაგალითი N1 : საცალო მაღაზიის მიერ მომხმარებლებისთვის 10 ცალი მაკბუქის უსასყიდლო მიწოდება

განვიხილოთ პირველი მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:       

მაგალითი N1:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) აგვისტოს თვეში 1 ცალი მაკბუქის კონკრეტული მოდელის („მაკბუქი“) გასაყიდი ფასი (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა: „იმპორტიორისგან“ „მებითუმე მოვაჭრეზე“ – 2 000 ლარს (დღგ-ს გარეშე), „მებითუმე მოვაჭრისგან“ „საცალო მაღაზიაზე“ – 2 200 ლარს(დღგ-ს გარეშე) და „საცალო მაღაზიიდან“ მომხმარებელზე – 2 500 ლარს (დღგ-ს გარეშე);

(ბ) სექტემბრის თვეში „მაკბუქის“ გასაყიდი ფასები შემცირდა 10%-ით და (დღგ-ს გარეშე შეადგენდა) შეადგენდა: „იმპორტიორისგან“ „მებითუმე მოვაჭრეზე“ – 1 818 ლარს (დღგ-ს გარეშე), „მებითუმე მოვაჭრისგან“ „საცალო მაღაზიაზე“ – 2 000 ლარს(დღგ-ს გარეშე) და „საცალო მაღაზიიდან“ მომხმარებელზე – 2 273 ლარს (დღგ-ს გარეშე)

(გ) სექტემბრის ბოლოს „საცალო მაღაზიამ“ აგვისტოს თვეში „მებითუმე მოვაჭრისგან“ შეძენილი 10 „მაკბუქი“, რეკლამისა და კომპანიის იმიჯის ამაღლების მიზნით საჩუქრად, უსასყიდლოდ გადასცა მის 10 ერთგულ მომხმარებელს;

(დ) კლიენტებისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ „მაკბუქებზე“ „საცალო მოვაჭრეს“ აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციაში მიღებული ქონდა დღგ-ს ჩათვლა – 3 960 ლარის (= 2 200ლარი* 10 * 18%) ოდენობით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, აგვისტოს თვეში „მაკბუქების“ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენის მომენტიდან მის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტამდე პერიოდში შესყიდვის ფასმა განიცადა 10%-იანი კლება, შესაბამისად საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი დღგ-ს გარეშე მათი უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში განსხვავდება ფაქტიური შესყიდვის ფასისგან (ე.წ. თვითღირებულებისაგან)  და იქნება არა 22 000 ლარი (=2 200ლარი * 10%), არამედ – 20 000 ლარი (=2 000ლარი * 10მაკბუქი) – თანხა, რომლითაც სექტემბრის თვეში  „საცალო მაღაზია“ „საბითუმო მოვაჭრისგან“ შეიძენდა 10 ცალ „მაკბუქს“. შესაბამისად, სექტემბრის თვეში, საცალო მაღაზიისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 20 000 ლარი (=2 000 ლარი * 10მაკბუქი), ხოლო დარიცხული დღგ იქნება – 3 600ლარი (=20 000ლარი * 18%). უსასყიდლოდ მიწოდებულ მაკბუქებზე, აგვისტოს თვეში მათი შეძენისას მიღებული დღგ-ს ჩათვლა – 3 960 ლარი (= 2 200ლარი* 10 * 18%) რჩება უცვლელი.

შენიშვნა N1:

იმ შემთხვევაში, თუ სექტემბერში მაკბუქის სარეალიზაციო ფასი აგვისტოს თვესთან მიმართებაში დარჩებოდა უცვლელი, მაშინ „ფიქტიური“ შესყიდვის ფასი ტოლი იქნებოდა ფაქტიური შესყიდვის ფასის (ე.წ. თვითღირებულების) და შესაბამისად, საცალო მაღაზიისთვის სექტემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნებოდა – 22 000 ლარი (=2 200ლარი * 10მაკბუქი), ხოლო დარიცხული დღგ – 3 960ლარი, ზუსტად ის თანხა რა თანხის დღგ-ს ჩათვლაც მიიღო საცალო მაღაზიამ აგვისტოს თვეში „მაკბუქების“ შეძენისას.

შენიშვნა N2:

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექტემბერში მაკბუქის სარეალიზაციო ფასი აგვისტოს თვესთან მიმართებაში მოიმატებდა 10%-ით და სექტემბერში 10 ცალი მაკბუქის „ფიქტიური“ შესყიდვის ფასი (დღგ-ს გარეშე) იქნებოდა 24 200ლარი (=22 000ლარი + 22 000ლარი*10%), რაც მეტი იქნებოდა საქონლის ფაქტიურ შესყიდვის ფასზე (ე.წ. თვითღირებულებაზე) – 22 000 ლარზე  (=2 200ლარი * 10მაკბუქი), ამიტომ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნებოდა საქონლის ფაქტიური ფასი დღგ-ს გარეშე. შესაბამისად, საცალო მაღაზიისთვის სექტემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნებოდა  – 22 000 ლარი (=2 200ლარი * 10მაკბუქი), ხოლო დარიცხული დღგ – 3 960ლარი, ზუსტად ის თანხა რა თანხის დღგ-ს ჩათვლაც მიიღო საცალო მაღაზიამ აგვისტოს თვეში მაკბუქების შეძენისას.

4.       მაგალითი N2: ძირითადი საშუალების – ავტობუსის უსასყიდლო მიწოდება

რაც შეეხება ძირითადი საშუალებების უსასყიდლო მიწოდების დაბეგვრას, უმეტეს შემთხვევაში საწარმოს მიერ ძირითადი საშუალებების მიწოდება ხორციელდება ეკონომიკურ საქმიანობაში მათი რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ, შესაბამისად, მიწოდებული საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეკონომიკური საქმიანობის განმავლობაში მათი გამოყენების პერიოდი.

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N2:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „სატრანსპორტო კომპანიამ“ 2021 წლის იანვრის თვეში 35 000 ლარად (დღგ-ს გარეშე) შეიძინა კონკრეტული მარკის და მოდელის მეორადი ავტობუსი („ავტობუსი“), რომლის გამოშვების წელი იყო – 2015წ;

(ბ) „ავტობუსის“ შეძენისას „სატრანსპორტო კომპანიამ“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა – 6 300 ლარის (= 35 000 ლარი * 18%) ოდენობით;

(გ) 3 წელი „სატრანსპორტო კომპანია“ ავტობუსს იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, ხოლო 3 წლის შემდეგ, 2024 წლის იანვრის თვეში სოციალური პროექტის ფარგლებში „სატრანსპორტო კომპანიამ“ „ავტობუსი“ უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთი სოფლის კერძო „სკოლა-პანსიონს“;

(დ) გადაცემის მომენტში, 2024 წლის იანვრის თვეში, 2015 წელს გამოშვებული „ავტობუსის“ საბაზრო ფასი საქართველოში შეადგენდა 20 000 ლარს დღგ-ს გარეშე. კომპანია მეორადი ავტობუსების მომწოდებლებთან არ სარგებლობდა რაიმე სახის ფასდაკლებით, რომელიც გავრცელდებოდა კომპანიის მიერ ავტობუსის საბაზრო ფასზე მისი შეძენის შემთხვევაში.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „სკოლა-პანსიონისთვის“ „ავტობუსის“ უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით დაიბეგრება, რადგან „კომპანიას“ „ავტობუსის“ შეძენისას მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება არა 35 000 ლარი ე.ი. „ავტობუსის“ შესყიდვის ფასი, არამედ „ავტობუსის“ „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში, ე.ი. ფასი, რომლითაც „კომპანია“ 2024 წლის იანვრის თვეში შეიძენდა 2015 წლის გამოშვების „ავტობუსს“ მსგავს მდგომარეობაში. რადგანაც უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში – 2024 წლის იანვრის თვეში 2015 წელს გამოშვებული „ავტობუსის“ საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენდა – 20 000 ლარს და კომპანია მეორადი ავტობუსების მომწოდებლებთან არ სარგებლობდა რაიმე სახის ფასდაკლებით, რომელიც გავრცელდებოდა კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასზე მისი შესყიდვის შემთხვევაში, „ავტობუსის“ „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი  და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 20 000 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ იქნება – 3 600 ლარი (=20 000ლარი * 18%).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომწოდებლებთან ისარგებლებდა რაიმე სახის ფასდაკლებით, რომელიც გავრცელდებოდა კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასზე მათი შესყიდვისას, მაშინ ავტობუსის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი (დღგ-ს გარეშე) და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნებოდა სწორედ ამგვარი ფასდაკლებით შემცირებული საბაზრო ფასი (დღგ-ს გარეშე).

5.       საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას

მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრი იყოფა იმ საკითხთან მიმართებაში, რამდენად უფლებამოსილია მიმწოდებელი საქონლის უსასყიდლო მიწოდებისას საქონლის მიმღებს გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საქონლის მიმღებმა განახორციელოს უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე დღგ-ს ჩათვლა, თუ არსებობს ჩათვლის მიღების წინაპირობები. პირველი ნაწილი, თვლის, რომ ჩათვლა მიღებული საქონლის უსასყიდლო მიწოდება დღგ-ს საერთო მიზნებისთვის წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ  საქონლის საბოლოო მოხმარებას და ამ შემთხვევაში დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა არ უნდა გამოიწეროს, რადგან მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და საქონლის მიმღების მიერ მისი ჩათვლის შემთხვევაში საქონლის საბოლოო მოხმარება დაუბეგრავი დარჩება, რაც წინააღმდეგობაში მოვა დღგ-ს საერთო მიზანთან დაიბეგროს საქონლის საბოლოო მოხმარება. ამ პოზიციას იზიარებს მაგალითად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაცია თავის საჯარო დირექტივაში. ამ პოზიციის მიხედვით, საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეღავათი (ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლება) უსასყიდლო მიწოდების შემთხვევაში არ გამოიყენება და ჩათვლა მიღებული საქონლის უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით იბეგრება იმ შემთხვევაშიც,  როცა მიმწოდებელი საქონლის ექსპორტის გზით არარეზიდენტი პირისთვის ახდენს საქონლის უსასყიდლო მიწოდებას.

პრაქტიკოსები და მეცნიერების მეორე ნაწილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ საქონლის უსასყიდლოდ მიმღები პირი საქონელს იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, მაშინ საქონლის საბოლოო მოხმარებას ადგილი არ აქვს და შესაბამისად საქონლის მიმწოდებელმა დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოწეროს და საქონლის მიმღებმა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელოს დღგ-ს ჩათვლა. ასეთ შემთხვევაში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ოპერაციის ფისკალური შედეგი იქნება – 0 ლარი, რადგან საქონლის მიმწოდებელი დაბეგრავს უსასყიდლო მიწოდებას, ხოლო საქონლის მიმღები ჩაითვლის უსასყიდლო მიწოდებაზე დარიცხულ დღგ-ს თანხას. მეორე და უფრო გაბატონებულ პოზიციას მიუერთდა საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია თავისი N11119 სიტუაციურ სახელმძღვანელოში დაფიქსირებული პოზიციით ჯერ კიდევ დღგ-ს ძველი ნორმების მოქმედების პერიოდში. საგადასახადო ადმინისტრაციის ამ პოზიციამ, გრამატიკული გამოხატვის თვალსაზრისით, ასახვა ჰპოვა დღგ-ს ახალ ნორმებში, რომელთა მიხედვით  საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას მიმწოდებელი უფლებამოსილია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო საქონლის მიმღები უფლებამოსილია, ჩათვლის წინაპირობების არსებობისას, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელოს დღგ-ს ჩათვლა (§180.1.;  §174; §175.1.ბ.;).

6.       მაგალითი N1 (ვარიანტი N2): „მებითუმე მოვაჭრის“ მიერ „საცალო მაღაზიისთვის“ 10 ცალი მაკბუქის უსასყიდლო გადაცემა

განვიხილოთ პირველი მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებით:

მაგალითი N1 (ვარიანტი N2):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) აგვისტოს თვეში მაკბუქის კონკრეტული მოდელის („მაკბუქი“) გასაყიდი ფასი (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა – „იმპორტიორისგან“ „მებითუმე მოვაჭრეზე“ – 2 000ლარს (დღგ-ს გარეშე), „მებითუმე მოვაჭრისგან“ „საცალო მაღაზიაზე“ – 2 200 ლარს(დღგ-ს გარეშე) და „საცალო მაღაზიიდან“ მომხმარებელზე – 2 500ლარს დღგ-ს გარეშე;

(ბ) სექტემბრის თვეში „მაკბუქის“ გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და უცვლელი დარჩა აგვისტოს თვის გასაყიდი ფასები;

(გ) სექტემბრის ბოლოს „მებითუმე მოვაჭრემ“ აგვისტოს თვეში „იმპორტიორისგან“ შეძენილი 10ცალი „მაკბუქი“, ნაყოფიერი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად, უსასყიდლოდ გადასცა „საცალო მაღაზიას“;

(დ) უსასყიდლოდ გადაცემულ „მაკბუქებზე“ „მებითუმე მოვაჭრეს“ აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციაში მიღებული ქონდა დღგ-ს ჩათვლა – 3 600 ლარის (= 2 000 ლარი * 10მაკბუქი * 18%) ოდენობით.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, „საბითუმო მოვაჭრის“ მიერ „საცალო მაღაზიისთვის“ 10 ცალი „მაკბუქის“ უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით დაიბეგრება, რადგან მათი შეძენისას „მებითუმე მოვაჭრეს“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. დღგ-ს დასაბეგრი თანხა იქნება თანხა, რომლითაც „მაკბუქების“ მიწოდების მომენტში (ე.ი. სექტემბრის ბოლოს) „მებითუმე მოვაჭრე“ „იმპორტიორისგან“ შეიძენდა 10 ცალ „მაკბუქს“. სექტემბრის ბოლოს „მებითუმე მოვაჭრის“ მიერ „საცალო მოვაჭრესთან“ 10 ცალი „მაკბუქის“ შეძენის ფასი შეადგენდა – 20 000 ლარსს (=2 000ლარი * 10მაკბუქი) დღგ-ს გარეშე. შესაბამისად, სექტემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 20 000 ლარი, ხოლო გადასახდელი დღგ – 3 600ლარი (=20 000ლარი *18%), რომელიც ტოლია „მებითუმე მევაჭრის“ მიერ აგვისტოს თვეში მაკბუქების შეძენაზე მიღებული დღგ-ს ჩათვლის.

„მებითუმე მოვაჭრე“ უფლებამოსილია „საცალოს მაღაზიას“ გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 3 600 ლარის დღგ-ის თანხით და „საცალომ მაღაზიამ“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელოს დღგ-ს ჩათვლა.

7.       საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დაბეგვრის ორი მოდელის შედარება

თვალსაჩინოებისთვის, წინამდებარე მაგალითის საფუძველზე, გვინდა შევადაროთ საქონლის უსასყიდლოდ დაბეგვრის ორი მოდელი ერთმანეთს:

როგორც ხედავთ – პირველ მოდელში, საქონლის მოხმარებას ადგილი აქვს ორჯერ და მთლიან სარეალიზაციო ჯაჭვში დღგ-ს ტვირთი შეადგენს – 8 100 ლარს (=2 000ლარი * 18% + 2 500ლარი * 18%), ხოლო მეორე მოდელში, საქონლის მოხმარებას ადგილი აქვს ერთხელ და მთლიან სარეალიზაციო ჯაჭვში  დღგ-ს ტვირთი შეადგენს – 4500 ლარს (=2 500ლარი * 18%).

8.       პირდაპირი ხარჯების გათვალისწინება „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის გაანგარიშებისას

საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი მოიცავს საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებულ პირდაპირ ხარჯს, რომელიც წარმოიშობოდა საქონლის საწარმოს საწყობში მიღებამდე, ასეთ ხარჯებს წარმოადგენს მაგალითად, ტრანსპორტირების ხარჯი, საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული ხარჯი და ა.შ. მაგალითად იმპორტიორისთვის საქონლის „ფიქტიური“ შესყიდვის ღირებულების გაანგარიშებისას არარეზიდენტი მომწოდებლის „ფიქტიურ“ ფასს დაემატება მისი ტრანსპორტირების, დასაწყობების და განბაჟების „ფიქტიური“ ხარჯები.

9.       ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე მცირე პერიოდით ადრე საქონლის უსასყიდლო მიწოდება

თუ ხდება ისეთი საქონლის უსასყიდლო მიწოდება, რომლის ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე მცირე პერიოდია დარჩენილი ან რომლებიც მათი ბუნების გამო სხვამხრივ აღარ არიან გაყიდვადი, ასეთ შემთხვევაში საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება –  0 ლარი.  ეს ეხება, როგორც სასურსათო და ფარმაცევტულ პროდუქტებს, ისე კოსმეტიკურ საქონელს, სამშენებლო-ქიმიურ მასალებს და სხვა მოხმარების ვადაში შეზღუდულ საქონელს.

10.     მაგალითი N3: კაფის მიერ მოხუცთა თავშესაფრისთვის სენდვიჩების უსასყიდლო მიწოდება

განვიხილოთ მაგალითი: შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N3:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) კაფე ახორციელებს საკონდიტროდან შეძენილი სენდვიჩების მომხმარებელზე რეალიზაციას, რის გამოც ყოველ დილით იძენს საკონდიტროდან ახლად დამზადებულ სენდვიჩებს;

(ბ) სენდვიჩები მათი შეძენიდან მეორე დღეს მომხმარებლისთვის მისაწოდებლად უვარგისია;

(გ) კაფე ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაუყიდავად დარჩენილ სენდვიჩებს ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ აწვდის მოხუცთა კერძო პანსიონს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში კაფე უფლებამოსილია შეძენილ სენდვიჩებზე საკონდიტროს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიიღოს ჩათვლა, რადგან შეძენის მომენტში სენდვიჩები გათვალისწინებული იყო დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებლად.  კაფეს მიერ მოხუცთა თავშესაფრისთვის სენდვიჩების უსასყიდლო მიწოდება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, რადგან უსასყიდლოდ მიწოდებულ სენდვიჩებზე მიღებულია დღგ-ს ჩათვლა, თუმცა უსასყიდლოდ მიწოდებული სენდვიჩების „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი იქნება –  0 ლარი. შესაბამისად, დარიცხული დღგ იქნება – 0 ლარი.

11.     შეზღუდულად რეალიზებადი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება

შეზღუდულად რეალიზებადი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის განსაზღვრისას გაითვალისწინება საქონლის რეალიზებადობის ხარისხი. შეზღუდულად გაყიდვად საქონელს წარმოადგენს საქონელი, რომლებიც არსებითი მატერიალური ან შეფუთვის დეფექტების (მაგალითად: წარმოების დეფექტი, ეტიკეტირების დეფექტი და სხვ.)  ან სეზონურობის (მაგალითად: წინა წლის საქონელი ან საახალწლო, საშობაო ან სააღდგომო საქონელი) გამო ძნელად გაყიდვადი არიან.

12.     მაგალითი N4: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქურთუკების უსასყიდლო გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N4:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ტანსაცმლის „მაღაზიამ“ „იმპორტიორისგან“ ზამთრის სეზონისთვის შეიძინა  კონკრეტული ბრენდის და მოდელის ქურთუკების („ქურთუკი“) პარტია, თითო ქურთუკი 500 ლარად (დღგ-ს გარეშე). „იმპორტიორისგან“ შეძენილ საქონელზე „მაღაზიამ“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა;

(ბ) მაღაზიამ შეძენილი „ქურთუკის“ პარტიიდან ზამთრის სეზონის განმავლობაში ვერ მოახერხა 20ც. ქურთუკის რეაიზაცია;

(გ) სეზონის დამთავრების შემდეგ „მაღაზიამ“ გაუყიდავ „ქურთუკებზე“ გამოაცხადა 70%-იანი ფასდაკლება და ერთი ცალი „ქურთუკის“ რეალიზაცია (დღგ-ს გარეშე) 1000 ლარის ნაცვლად ხორციელდებოდა 300 ლარად (დღგ-ს გარეშე);

(დ) სეზონის დამთავრებისა და ფასდაკლების გამოცხადების შემდეგ „მაღაზიამ“ 5ც. ქურთუკი უსასყიდლოდ გადასცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს;

(ე) „ქურთუკების“ უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში მწარმოებელი „ქურთუკს“ აღარ აწარმოებს და მაღაზიის მომწოდებელ „იმპორტიორსაც“ „ქურთუკი“ ასორტიმენტში აღარ აქვს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, ტანსაცმლის „მაღაზიის“ მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქურთუკების უსასყიდლოდ მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან ქურთუკებზე „მაღაზიას“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. იმ გარემოების გათვალისწინებით, მწარმოებელი ქურთუკების ამ მოდელს აღარ აწარმოებს და იმპორტიორს აღნიშნული „ქურთუკები“ ასორტიმენტში აღარ აქვს, „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის გაანგარიშება შეიძლება მოხდეს ქურთუკების ფაქტიური შესყიდვის ფასიდან რეალიზებადობის ხარისხის გათვალისწინებით. ვინაიდან სეზონის გასცვლის შემდეგ „ქურთუკების“ ფასზე გამოცხადდა 70%-იანი ფასდაკლება, ივარაუდება, რომ „ქურთუკების“ რეალიზებადობის კოეფიციენტი შეადგენს 0,3-ს (=[100%-70%] / 100%). შესაბამისად, „ქურთუკების“ „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი შეადგენს – 750ლარს (=500ლარი * 5ცალი * 0,3), ხოლო დარიცხული დღგ – 135ლარს.

13.     საკუთარი წარმოების საქონლის უსასყიდლო მიწოდება

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხდება არა შეძენილი, არამედ საკუთარი წარმოების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, რომლის წარმოებისას მიღებულია დღგ-ს ჩათვლები, დღგ-ით დასაბეგრი თანხა ამ შემთხვევაშიც იქნება არა საქონლის წარმოებისთვის გაწეული დანახარჯები ე.ი. საქონლის თვითღირებულება, არამედ მისი „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი (დღგ-ს გარეშე) ე.ი. თანხა, რომლითაც მწარმოებელი შეიძენდა უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის იდენტურ/მსგავს საქონელს მიწოდების მომენტში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქონელი წარმოადგენს სპეციფიკურ მახასიათებლის ნივთს და როცა ვერ დგინდება საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი,  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება საქონლის „ფიქტიური“ (ნარჩენი) წარმოების ფასი საქონლის უსასყიდლო მიწოდების მომენტში. წარმოების ფასი მოიცავს ყველა პირდაპირ და წარმოებაზე მიკუთვნებულ საერთო ხარჯს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ წარმოების ფასზე მიკუთვნებულ ზოგიერთ ელემენტზე საწარმოს მიერ შეიძლება დღგ-ს ჩათვლა მიღებული არ ქონდეს.

14.     მაგალითი N5: სკოლა ინტერნატისთვის ხორცპროდუქტების უსასყიდლო მიწოდება

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N5:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ხორცპროდუქტების „საწარმომ“ მარტის თვეში უსასყიდლოდ გადასცა „სკოლა ინტერნატს“ – 200კგ. კონკრეტული სახეობის ძეხვი („ძეხვეული“). უსასყიდლოდ გადაცემული საქონლის ფაქტიური წარმოების ფასი (დღგ-ს გარეშე) ე.წ. თვითღირებულება შეადგენდა – 800ლარს;

(ბ) „ძეხვეულის“ დასამზადებლად საჭირო მასალა ნედლეულის შესყიდვაზე „საწარმოს“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა;

(გ) საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის მომენტისთვის „ძეხვეულის“ ფასი „საწარმოდან“ „დისტრიბუტორ“ კომპანიაზე შეადგენდა – 7 ლარს (დღგ-ს გარეშე). ამავე მომენტისთვის, „საწარმოს“ კონკურენტი „იმპორტიორი“ კომპანიის მიერ იგივე სპეციფიკაციისა და საფასო სეგმენტის ძეხვეულის შესყიდვის ფასი (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა 1 კგ.-ზე – 5ლარს.

დაბეგვრა:

„საწარმოს“ მიერ 200კგ. „ძეხვეულის“ უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით, რადგან საწარმოს „ძეხვეულის“ საწარმოებლად საჭირო მასალა ნედლეულზე მათი შესყიდვისას მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება თანხა, რომლითაც „საწარმო“ შეიძენდა ანალოგიურ, მსგავსი სპეციფიკაციის, ხარისხის და საფასო სეგმენტის ძეხვეულს. რადგანაც მოცემულ შემთხვევაში „საწარმო“ სავაჭრო ჯაჭვში მისი პოზიციის (დონის) მიხედვით შეიძლება გავუთანაბროთ მის კონკურენტ „იმპორტიორს“,  „საწარმოსათვის“ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში „იმპორტიორის“ მიერ ანალოგიური ძეხვეულის შესყიდვის ფასი (დღგ-ს გარეშე) ე.ი. 1 000ლარი (= 5ლარი * 20კგ.). შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხული დღგ იქნება – 180ლარი.

15.     მაგალითი N6: თეატრისთვის სცენის კონსტრუქციის უსასყიდლო მიწოდება

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N6:

(ა) აპრილის თვეში მეტალურგიულმა „საწარმომ“ თეატრს უსასყიდლოდ დაუმზადა და გადასცა სპეციალური რკინის  კონსტრუქცია სცენის მოსაწყობად;

(ბ) კონსტრუქციის დამზადებისას მასალა-ნედლეულის ხარჯმა შეადგინა – 12 000 ლარი (დღგ-ს გარეშე), კომუნალურმა გადასახადებმა – 4 500 ლარი (დღგ-ს გარეშე) წარმოების ხელფასების და საპენსიო ხარჯმა – 4 000 ლარი;

(გ) „საწარმომ“ მასალა-ნედლეულზე და კომუნალურ გადასახადებზე, მათი შესყიდვისას, მიიღო დღგ-ს ჩათვლა;

(დ) მასალა-ნედლეულის ფასები, კომუნალური გადასახადების ტარიფები და თანამშრომელთა ხელფასები კონსტრუქციის დამზადებიდან მის მიწოდებამდე არ შეცვლილა და დარჩა უცვლელი.

დაბეგვრა:

„საწარმოს“ მიერ რკინის კონსტრუქციის უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით, რადგანაც რკინის კონსტრუქციის საწარმოებლად საჭირო მასალა-ნედლეულზე  და კომუნალურ გადასახადებზე მათი შესყიდვისას „საწარმოს“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. ვინაიდან კონსტრუქცია წარმოადგენს სპეციალურ ნაკეთობას, რომლის შესყიდვის ფასი არ არის დადგენადი, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება კონსტრუქციის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში მისი „ფიქტიური“ წარმოების  ფასი (დღგ-ს გარეშე), რომელიც ტოლია მისი ფაქტიური წარმოების ფასის, რადგან ფასი ყველა ელემენტი კონსტრუქციის წარმოებიდან მის უსასყიდლოდ მიწოდებამდე დარჩა უცვლელი. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება – 20 500 ლარი (=12 000ლარი + 4 500ლარი + 4 000ლარი), ხოლო დარიცხული დღგ – 3 690ლარი (=20 500ლარი * 18%).

შენიშვნა:

როგორც ხედავთ დასაბეგრ თანხაში შეიტანება წარმოების ხელფასებიც – საქონლის ფასის ისეთი ელემენტიც, რომელზეც „საწარმოს“ მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა.

16.     საჩუქრის უსასყიდლო მიწოდება მცირე ღირებულების საჩუქრის სახით

დღგ-ით არ იბეგრება მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა, მასზე შეძენისას მიღებული დღგ-ს ჩათვლის მიუხედავად, თუ ის ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში და საქონლის ერთი მიმღები ფიზიკური პირისთვის კალენდარული წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულება, ე.ი. საქონლის შესყიდვის ან დამზადების ფასი, დღგ-ს გარეშე, არ აღემატება 50 ლარს (§160.3.ა. , §157.ი.). ამ მხრივ გამონაკლის წარმოადგენს წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში განხორციელებული ჩათვლა მიღებული საქონლის მიწოდება, რომელიც დღგ-ით დაიბეგრება მიწოდებული საქონლის ღირებულების მიუხედავად (§157.ი.).

ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საჩუქრის გადაცემას არ განეკუთვნება საკუთარი თანამშრომლისთვის პირადი სარგებლობისთვის, ასევე საწარმო პარტნიორი (დამფუძნებელი) ფიზიკური პირებისთვის საქონლის მიწოდება, მათთვის ჩათვლა მიღებული მცირე ღირებულების საქონლის მიწოდებაც დაიბეგრება დღგ-ით.

17.     მაგალითი N7: ფლეშ მეხსიერების ბარათების საჩუქრის სახით უსასყიდლოდ გადაცემა

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით

მაგალითი N7:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ტექნიკის „მაღაზიამ“ კლიენტს, პარტნიორი კომპანიის დირექტორს და საკუთარ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს საჩუქრად გადასცა ერთ-ერთი ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათები, რომელზეც მიღებული ქონდა დღგ-ს ჩათვლა;

(ბ) კალენდარული წლის განმავლობაში „მაღაზიას“ აღნიშნული პირებისთვის სხვა საჩუქარი არ გადაუცია;

(გ) „მაღაზიაში“ 1ც. ფლეშ მეხსიერების ბარათის სარეალიზაციო ფასი (დღგ-ს გარეშე) შეადგენს  60 ლარს, ხოლო ღირებულება (შესყიდვის ფასი) დღგ-ს გარეშე – 40 ლარს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში, „მაღაზიის“ მიერ მისი კლიენტისთვის 1 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის გადაცემა არ დაიბეგრება დღგ-ით, რადგან მისი გადაცემა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში და ამასთან წლის განმავლობაში ამ კლიენტისთვის გადაცემული საქონლის ღირებულება დღგ-ს გარეშე არ აღემატება 50 ლარს (§160.3.ა.).

„მაღაზიის“ მიერ პარტნიორი კომპანიის დირექტორისთვის 1 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის გადაცემა დაიბეგრება დღგ-ით, რადგან პარტნიორი კომპანიის მენეჯმენტისთვის ან/და თანამშრომლებისთვის საჩუქრების გადაცემა წარმოადგენს წარმომადგენლობით ხარჯს და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ წლის განმავლობაში პარტნიორი კომპანიის დირექტორისთვის გადაცემული საქონლის ღირებულება (დღგ-ს გარეშე) არ აღემატება 50 ლარს, მიწოდებაზე მცირე ღირებულების საჩუქრის შეღავათი არ გავრცელდება (§160.3.გ. , §157.ი.).

„მაღაზიის“ მიერ საკუთარი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის 1 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის გადაცემა დაიბეგრება დღგ-ით, რადგან საზოგადოების პარტნიორისთვის (დამფუძნებლისთვის) საქონლის უსასყიდლო მიწოდება წარმოადგენს საკუთარი საქმანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით საქონლის მიწოდებას და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ წლის განმავლობაში საწარმოს პარტნიორისთვის გადაცემული საქონლის ღირებულება (დღგ-ს გარეშე) არ აღემატება 50 ლარს, მიწოდებაზე მცირე ღირებულების საჩუქრის შეღავათი არ გავრცელდება (§160.3.გ.).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ მაღაზია ფლეშ მეხსიერების ბარათის შეძენის მომენტში ეცოდინებოდა, რომ თითო-თითო ბარათი განკუთვნილი იყო პარტნიორი კომპანიის დირექტორისათვის და საკუთარი დამფუძნებლისათვის საჩუქრად გადასაცემად, „მაღაზია“ არ იქნებოდა უფლებამოსილი აღნიშნულ ბარათებზე მიეღო დღგ-ს ჩათვლა (§§174-178), სამაგიეროდ მის მიერ აღარ მოხდებოდა  პარტნიორის კომპანიის დირექტორისათვის და დამფუძნებლისათვის ფლეშ მეხსიერების ბარათების საჩუქრად გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა.

18.     საქონლის უსასყიდლო მიწოდება ჯილდოს, საკონკურსო პრიზების და სარეკლამო საქონლის სახით

პრაქტიკოსების და მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჩუქარს არ განეკუთვნება საქონლის უსასყიდლო მიწოდება ჯილდოს ან/და საკონკურსო პრიზების სახით. შესაბამისად, საქონლის უსასყიდლო მიწოდება ჯილდოს ან/და საკონკურსო პრიზების სახით დღგ-ით დაიბეგრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი მიმღები ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული არაფულადი ჯილდოს ან/და საკონკურსო პრიზების ღირებულება დღგ-ს გარეშე 50 ლარს არ აღემატება. თუმცა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ევროპის ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციების პოზიცია განსხვავებულია და რამოდენიმე ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის ნაწილი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას ჯილდოს ან/და საკონკურსო პრიზების სახით განიხილავენ საჩუქრად. შესაბამისად, ამგვარ მიწოდებებზე ზემოხსენებულ ქვეყნებში ვრცელდება მცირე ღირებულების საჩუქრის დღგ-ით დაბეგვრის შეღავათი.

საჩუქარს არ განეკუთვნება ასევე კლიენტისთვის სარეკლამო საქონლის გადაცემა. სარეკლამო საქონლის გადაცემა, მიღებული ჩათვლის მიუხედავად, დღგ-ით არ დაიბეგრება, თუ ამგვარ საქონელს სამომხმარებლო ღირებულება არ გააჩნია და არ იწვევს მიმღები პირის ქონების მატებას. ასეთ საქონელს წარმოადგენს პროდუქციისა და სერვისების კატალოგები, სარეკლამო ფლაერები და სხვა მსგავსი საქონელი, რომლებიც საქონლის/მომსახურების რეკლამირებას ემსახურება.

19.     საქონლის უსასყიდლო მიწოდება ნიმუშის სახით

მიღებული ჩათვლის მიუხედავად, დღგ-ით არ იბეგრება საქონლის ნიმუშის უსასყიდლო მიწოდება. საქონლის ნიმუშს წარმოადგენს ახალი პროდუქტის საცდელი ვარიანტი, რომლის მიწოდებაც მიზნად ისახავს  გაყიდვების ხელშეწყობას, რადგან საქონლის ნიმუში საშუალებას აძლევს მიმღებს შეაფასოს საქონლის მახასიათებლები და ხარისხი და განაწყოს ის მის შესაძენად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსასყიდლოდ მიწოდებული საქონელი არ წარმოადგენს ახალ პროდუქტს და ის ბაზარზე შესაძენად თავისუფლად ხელმისაწვდომია, მიწოდებული საქონელი ჩაითვლება საქონლის ნიმუშად და არ დაიბეგრება დღგ-ით, თუ  ასეთი მიწოდების მთავარი მიზანი პოტენციური ან რეალური მყიდველებისთვის საქონლის მახასიათებლების და ხარისხის გაცნობაა და არა მათთვის ფინანსური სარგებლის მინიჭება საქონლის ფასის დაზოგვის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნიმუშის სახით მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდეს ნიმუშის გონივრულ ოდენობებს. მომხმარებელზე საქონლის ნიმუშის უსასყიდლოდ მიწოდების ტიპიურ შემთხვევებს ადგილი აქვს მაგალითად სუპერმარკეტებში აქციების დროს მომხმარებლის მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის და სასმელის უფასო დეგუსტაციის დროს ან პარფიუმერული მაღაზიის მიერ კლიენტებისთვის სხვადასხვა ტესტერების უფასოდ მიწოდებისას, რომლებიც დღგ-ით არ დაიბეგრება.

20.     მაგალითი N7: ახალი სუნამოს უსასყიდლო მიწოდება ნიმუშის სახით

განვიხილოთ მაგალითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N7:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) პარფიუმერულმა მაღაზიამ ერთ-ერთი ბრენდის ახალი სუნამო 30 მილილიტრიანი ბოთლებით გასასინჯად და შესაფასებლად ნიმუშის სახით დაურიგა მის მუდმივ მომხმარებელს.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სუნამოს მიწოდება პარფიუმერულმა მაღაზიამ განახორციელა ნიმუშის სახით  კლიენტის მიერ ახალი პროდუქტის გაცნობისა და სამომავლო გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, 30 მილილიტრიანი სუნამოს ბოთლი  ვერ შეფასდება სუნამოს მახასიათებლებისა და ხარისხის შესაფასებლად საჭირო ოდენობად და ივარაუდება, რომ მიწოდება გახორციელდა მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გადაცემის მიზნით, რაზეც საქონლის ნიმუშის მიწოდებაზე დადგენილი შეღავათი არ გავრცელდება. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სუნამოს მიწოდება, თუ ის არ აკმაყოფილებს მცირე ღირებულების საჩუქრის წინაპირობებს, დაიბეგრება დღგ-ით.

შენიშვნა:

სხვა სამართლებრივ შეფასებასთან გვექნებოდა საქმე, თუ პარფიუმერიის მაღაზია 5 მილილიტრამდე შეფუთვებში დაურიგებდა სუნამოს ტესტერებს კლიენტებს, რაც ახალი სუნამოს გასასინჯად და შესაფასებლად საჭირო დოზებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა საქონლის ნიმუშის მიწოდებას და აღნიშნული მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრებოდა.

21.     დღგ-ს ჩათვლა საქონელზე გაწეულ დანახარჯებზე

იმ შემთხვევაში, როცა თავად საქონელზე მიღებული არ არის დღგ-ს ჩათვლა, მაგრამ ჩათვლა მიღებულია საქონლის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც საქონლის შესყიდვის შემდეგ მისი შემადგენელი ნაწილი გახდა (ე.ი. დაუმაგრდა საქონელს) და ამასთან ასეთმა დამაგრებამ საქონლის ფასის გრძელვადიანი მატება გამოიწვია, საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში საქონლის შემადგენელი ნაწილი, დღგ-ს მიზნებისთვის, განიხილება დამოუკიდებელ საქონლად და მისი მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით. თავად საქონლის მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება. დღგ-ს მიზნებისთვის ამგვარი დაყოფის მიზანია, რომ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთის მხრივ თავიდან იქნეს აცილებული იმ საქონლის დაბეგვრა, რომელზეც პირს მიღებული არ აქვს ჩათვლა და ამით არ მოხდეს საქონლის „მოხმარების“ ორჯერ დაბეგვრა, ხოლო მეორეს მხრივ დაუბეგრავი არ დარჩეს იმ საქონლის „მოხმარება“, რომელზეც მიღებულია ჩათვლა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება შემადგენელი ნაწილის „ფიქტიური“ ნარჩენი შესყიდვის ღირებულება. აქვე შენიშვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმის მიზნებისთვის საქონლის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება არამარტო კონკრეტული საქონელი, როგორიც არის მაგალითად ძრავი ავტომობილისთვის (და ა.შ.), არამედ მოიაზრება ასევე საქონლის სისტემები როგორიცაა მაგალითად სახანძრო ან/და კონდიცირების სისტემა შენობა-ნაგებობისთვის (და ა.შ.) და ასევე  მასალა-ნედლეულისა და სამუშაოს კომბინირებული შედეგი როგორიცაა მაგალითად შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი და ა.შ.  დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება შემადგენელი ნაწილისა და ამ ნაწილის საქონელზე დამაგრების (მაგალითად მონტაჟის) „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასების ჯამი.

22.     მაგალითი N2 (მე-2 ვარიანტი): „ავტობუსში“ დამონტაჟებული კონდიცირების სისტემა

განვიხილოთ მაგალითი მე-2 მაგალითი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებით:

მაგალითი N2 (მე-2 ვარიანტი):

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) „სატრანსპორტო კომპანიამ“ 2021 წლის იანვრის თვეში 35 000 ლარად (დღგ-ს გარეშე) შეიძინა კონკრეტული მარკის და მოდელის ავტობუსი („ავტობუსი“), რომლის გამოშვების წელი იყო – 2015წ. „ავტობუსის“ შეძენისას „სატრანსპორტო კომპანიას“ დღგ-ს ჩათვლა არ მიუღია, რადგან მომწოდებელი პირი არ წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს;

(ბ) შეძენის შემდეგ „ავტობუსში“ მოხდა გაფუჭებული კონდიცირების სისტემის შეცვლა და ახალი სისტემის დამონტაჟება. კონდიცირების სისტემა „კომპანიამ“ შეიძინა ავტონაწილების „იმპორტიორისგან“ – 6 500 ლარად დღგ-ს გარეშე, ხოლო მისი მონტაჟი განხორციელდა – 1 500 ლარად „ავტოსახელოსნოს“ მიერ. კონდიცირების სისტემის შეძენისას „იმპორტიორის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე „კომპანიამ“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა – 1 170 ლარის (=6 500ლარი *18%), ხოლო კონდიცირების სისტემის მონტაჟის მომსახურებაზე „კომპანიას“ დღგ-ს ჩათვლა არ მიუღია, რადგან „ავტოსახელოსნო“ არ წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს;

(გ) 3 წელი „სატრანსპორტო კომპანია“ „ავტობუსს“ იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, ხოლო 3 წლის შემდეგ, 2024 წლის იანვრის თვეში „სატრანსპორტო კომპანიამ“  შეძენილი „ავტობუსი“  სოციალური პროექტის ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთ კერძო  „სკოლა-პანსიონს“;

(დ) უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, 2024 წლის იანვრის თვეში, 2015 წელს გამოშვებული, გამართული კონდიცირების სისტემის მქონე „ავტობუსის“ საბაზრო ღირებულება შეადგენდა 23 000 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო კონდიცირების სისტემის არმქონე „ავტობუსის“ საბაზრო ღირებულება შეადგენდა 20 000 ლარს დღგ-ს გარეშე.

დაბეგვრა:

მოცემულ შემთხვევაში „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „სკოლა-პანსიონისთვის“ „ავტობუსის“ უსასყიდლო მიწოდება დღგ-ით არ დაიბეგრება, რადგან „კომპანიას“ ავტობუსის შეძენისას მიღებული არ აქვს დღგ-ს ჩათვლა. თუმცა დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება „ავტობუსის“ შემადგენელი ნაწილის – კონდიცირების სისტემის უსასყიდლო მიწოდება, რადგან კონდიცირების სისტემაზე „კომპანიას“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონდიცირების სისტემა იქცა „ავტობუსის“ განუყოფელ შემადგენელ ნაწილად და სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით სამართლებრივი ურთიერთობის ცალკე ობიექტს არ წარმოადგენს, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის ადგილი აქვს ორ მიწოდებას: ერთის მხრივ ავტობუსის, ხოლო მეორეს მხრივ მისი შემადგენელი ნაწილის – კონდიცირების სისტემის მიწოდებას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონდიცირების სისტემის მონტაჟზე „კომპანიას“ მიღებული არ აქვს ჩათვლა,  დამონტაჟებული კონდიცირების სისტემის „ფიქტიური“ შესყიდვის ფასი და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება კონდიცირების სისტემისა და მისი მონტაჟის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასების ჯამი. რადგანაც 2024 წლის იანვრის თვეში 2015 წელს გამოშვებული, გამართული კონდიცირების სისტემის მქონე „ავტობუსის“ საბაზრო ფასი შეადგენდა – 23 000 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო კონდიცირების სისტემის არ მქონე „ავტობუსის“ საბაზრო ფასი – 20 000 ლარს დღგ-ს გარეშე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დილერებთან არ სარგებლობს რაიმე სახის ფასდაკლებით, რომელიც გავრცელდებოდა კომპანიის მიერ „ავტობუსის“ შესყიდვის ფასზე მისი შეძენისას, კონდიცირების სისტემის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი იქნება 3 000 ლარი (=23 000 ლარი – 20 000 ლარი) დღგ-ს გარეშე. შესაბამისად, 2024 წლის იანვრის თვეში კომპანიისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 3 000 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ – 540 ლარი (=3000ლარი * 18%).

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ 2021 წელს დამონტაჟებული კონდიცირების სისტემა 2024 წელს საქონლის უსასყიდლო მიწოდებისას უკვე გამოსული იქნებოდა მწყობრიდან, ავტობუსის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში კონდიცირების სისტემის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი იქნებოდა – 0 ლარი, რადგან ავტობუსზე კონდიცირების სისტემის დამონტაჟებით გამოწვეული ავტობუსის ფასის გრძელვადიანი მატება სრულად იქნებოდა „ამორტიზებული“ მიწოდების მომენტამდე. შესაბამისად, 2024 წლის იანვრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა და დარიცხული დღგ იქნებოდა – 0 ლარი.

23.     ძირითადი საშუალების „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის განსაზღვრა „ცვეთის“ მეთოდით

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეფასების მონაცემების მოპოვება, რომლითაც დადგინდებოდა ძირითადი საშუალების ან მასზე გაწეული დანახარჯების „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში  ან ასეთი საშემფასებლო მონაცემების მოპოვება არსებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, საწარმოს შეუძლია უსასყიდლოდ მიწოდების მომენტში ძირითად საშუალების ან მასზე გაწეული დანახარჯის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი გაიანგარიშოს ძირითადი საშუალების ან მასზე გაწეული დანახარჯების ფაქტიურ შესყიდვის ფასზე ცვეთის დარიცხვით, ხოლო დასარიცხი წლიური ცვეთის პროცენტი  განსაზღვროს §177.6.-ით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ვადებით, ე.ი. შენობა-ნაგებობისთვის წლიური 10% -ით (=100% / 10წელი), ხოლო სხვა  აქტივისთვის წლიური – 20%-ით (=100% / 5წელი).

24.     მაგალითი N2 (მე-2 ვარიანტი, დაშვება):  „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასის გაანგარიშება „ცვეთის მეთოდით“

მაგალითი N2 (მე-2 ვარიანტი): 

მაგალითად, მაგალითი N2-ის მე-2 ვარიანტში, ავტობუსში დამონტაჟებული კონდიცირების სისტემის „ფიქტიური“ (ნარჩენი) შესყიდვის ფასი „ცვეთის მეთოდით“ გაანგარიშების შემთხვევაში იქნებოდა – 3 200 ლარი (=[6500ლარი + 1500ლარი] – [6500ლარი + 1500ლარი] * 20% * 3წელი), ხოლო დარიცხული დღგ – 576 ლარი.

25.     საქონელზე განხორციელებული დანახარჯი (დღგ-ს მიზნებისთვის)

საქონლის ფასის გრძელვადიან მატებას ადგილი არ აქვს მაგალითად საქონელთან დაკავშირებულ ისეთი დანახარჯების შემთხვევაში, რომელიც მხოლოდ მომსახურების ელემენტს მოიცავს და თან არ ახლავს საქონლის მიწოდების ელემენტები, როგორიცაა მაგალითად საქონლის დასაწყობება, ტრანსპორტირება, დატვირთვა-ჩამოტვირთვა, დაცვის ხარჯი და ა.შ. შესაბამისად, ამგვარი ხარჯის არსებობისას საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას არ ჩაითვლება, რომ საქონელზე გაწეულ დანახარჯებზე მიღებულია დღგ-ს ჩათვლა, რადგან აღნიშნული დანახარჯები საქონლის ფასის გრძელვადიან მატებას არ იწვევენ და არ წარმოადგენენ საქონელზე გაწეულ დანახარჯებს დღგ-ს მიზნებისთვის.

იგივე წესი ვრცელდება საქონელზე გაწეულ დანახარჯებზე, რომელიც მართალია მოიცავს როგორც მომსახურების, ისევე საქონლის მიწოდების ელემენტებს, მაგრამ არ იწვევენ საქონლის ფასის გრძელვადიან მატებას, მაგ.: ავტომობილზე ზეთის შეცვლა, ავტომობილის მცირეფასიანი ნაწილის შეცვლა და ა.შ. ამგვარი ხარჯის არსებობისას საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას არ ჩაითვლება, რომ საქონელზე გაწეულ დანახარჯებზე მიღებულია ჩათვლა.

26.     დასასრული

დღევანდელ ვიდეო კომენტარში შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების  დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კითხვების, შენიშვნების ან კრიტიკის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მისამართებზე. ჩვენ ეს დაგვეხმარება პროექტის კიდევ უფრო განვითარებასა და სრულყოფაში.

მადლობა, რომ გვისმენდით.

წინა სტატიაშიკომენტარი N1-2: თანამშრომლისთვის ავტომობილის გადაცემის დაბეგვრა
შემდეგი სტატია#C-215/94 (Mohr) გადაწყვეტილება: სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდია / კომპენსაციის დღგ-ით დაბეგვრა