საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

547
0

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით (საგ.კოდ. §309.37.დ.), ჩამოწერას დაექვემდებარა ფიზიკური პირების 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებები (საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა).

დღევანდელ ვიდეოში მოკლედ განვმარტავთ, როგორ შეუძლიათ ფიზიკურმა პირებმა (მ.შ. მეწარმე ფიზიკურმა პირებმა), ძალიან მარტივად ისარგებლონ აღნიშნული ნორმით და მოახდინონ საგადასახადო ბარათზე რიცხული დავალიანების ჩამოწერა.

1. საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავის ჩამოწერა

კოდექსში შესული ცვლილებებით ჩამოწერას დაექვემდებარა არამარტო 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები, არამედ ამ დავალიანებებზე 2021 წლის შემდეგაც დარიცხული საურავის თანხები (საგ.კოდ. §309.37.დ.).

მაგ.: თუ ფიზიკური პირის 2021 წლამდე წარმოშობილ დავალიანებას 2021 – 2024 წლებში დაერიცხა საურავი 10 000 ლარის ოდენობით, 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან ერთად ჩამოწერას ექვემდებარება ამ დავალიანებაზე 2021 წლის პირველი იანვრიდან  ჩამოწერის მომენტამდე დარიცხული საურავის თანხებიც – 10 000 ლარი.

2. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ფორმალური პროცედურები

როგორ ხდება საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა და რა პროცედურა უნდა განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა აღნიშნული ნორმით სარგებლობისთვის?

იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ბარათზე, წარდგენილი დეკლარაციების ან შემოწმების აქტების საფუძველზე გადასახადების დარიცხვა არ უფიქსირდებათ, 2021 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება ავტომატურად – პროგრამული წესით, ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხადია, რომ მიმდინარე თარიღით არსებული დავალიანება მთლიანად წარმოშობილია 2021 წლამდე და მასზე სრულად უნდა გავრცელდეს ახალი ნორმის მოქმედება.

ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდში პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება გადასახადების დარიცხვა (იქნება ეს წარდგენილი დეკლარაციების, შემოწმების აქტის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე), პროგრამულად ვერ ხდება იმ გარემოების იდენტიფიცირება, რომ მიმდინარე თარიღით ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება 2021 წლამდეა წარმოშობილი თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ, შესაბამისად საგადასახადო დავალიანება ავტომატურად – პროგრამული წესით ვერ ჩამოიწერება.

ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ფიზიკურმა პირმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, სწორედ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ახალი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველს.

შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში განახორციელებს ფიზიკური პირის განცხადების განხილვას და იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენს შეადგენს 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი ფიზიკური პირის მთლიან საგადასახადო დავალიანებაში. მხოლოდ ამ ნაწილის ჩამოწერას განახორციელებს ის ფიზიკური პირის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანებიდან.

3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ფორმალური პროცედურები

რაც შეეხება თავად განცხადებას, მისი შევსება და გადაგზავნა პირს შეუძლია ელექტრონულად გადამხდელის ავტორიზებულ გვერდის მეშვეობით. მენიუში მოძებნეთ ჩანართი დოკუმენტაცია და აირჩიეთ აპლიკაცია „განცხადებები“, რის შემდეგაც დააჭირეთ ღილაკს –  „ახალი განცხადების რეგისტრაცია“. გამოტანილ ფანჯარაში, ჩაწერეთ რიცხვი „309“
 ან სიტყვა – „დავალიანების ჩამოწერა“, რის შემდეგაც ირჩევთ განცხადების შაბლონს  „დავალიანების ჩამოწერა სსკ-ის 309 მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად“. განცხადებაში აკეთებთ მონიშვნას, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ითხოვთ 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის დ-ქვეპუნქტის საფუძველზე და ახდენთ განცხადების გადაგზავნას.

4. არ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოწერას ექვემდებარება 2021 წლამდე წარმოშობილი და საგადასახადო ადმინისტრაციისთვის განცხადებით მიმართვის მომენტისათვის აღიარებული საგადასახადო დავალიანებები. იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ 2021 წლამდე წარმოშობილი აუღიარებელი საგადასახადო დავალიანებები, შეუძლიათ, შესაბამისი განცხადება საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ არ აღიარებული საგადასახადო დავალიანების აღიარების შემდეგ. თუმცა, საგადასახადო დავალიანების აღიარებამდე ფიზიკურმა პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შესაბამისი კონსულტაცია საგადასახადო ადმინისტრაციასთან და საკუთარ აუდიტორებთან, რათა ინდივიდუალური შესწავლის გზით წინასწარ დადგინდეს, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის სპეციფიკის გათვალისწინებით, რამდენად დაექვემდებარება საგადასახადო დავალიანება აღიარების შემთხვევაში ჩამოწერას.

5. დასასრული

დღეისთვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის ვიდეო კომენტარის წარმომდგენია აუდიტორული კომპანია TaxInfo და საგადასახადო ადვოკატი – დიმიტრი გაგოშიძე. კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. მადლობა, რომ გვისმენდით!

წინა სტატიაშიწარმომადგენლობითი ხარჯი და მისი დაბეგვრა
შემდეგი სტატიაარაფულადი ქონებრივი შენატანის შეფასება (კომენტარი #3-4)