წარმომადგენლობითი ხარჯი და მისი დაბეგვრა

1600
0

წინამდებარე კომენტარში (წარმომადგენლობითი ხარჯი და მისი დაბეგვრა) მოკლედ განვიხილავთ, თუ რა არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სად გადის ზღვარი, ერთის მხრივ, წარმომადგენლობით ხარჯსა და სარეკლამო ხარჯებს შორის და მეორეს მხრივ, წარმომადგენლობით ხარჯებსა და კომპანიის ხელმძღვანელობის პირად ხარჯებს შორის. შესაბამისად, ჩვენს მიერ მოხდება საგადასახადო კოდექსის §8.33.-ის განხილვა.  ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ კომენტარში დაფიქსირებული მოსაზრება  შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

წარმომადგენლობითი ხარჯი ძირითადად სამ კატეგორიად იყოფა (საგ.კოდ.§8.33.): პირველ და მთავარ კატეგორიას წარმოადგენს კომპანიის სახელით გამართული ღონისძიებების ხარჯები. ასეთი ღონისძიებების მთავარი მიზანი თანამშრომლებისა და საზოგადოების თვალში კომპანიის იმიჯის ამაღლებაა, რაც თავის მხრივ იწვევს თანამშრომლების მოტივაციის ზრდას, ასევე საზოგადოების თვალში კომპანიის სანდოობის ხარისხის ამაღლებას. კომპანიის სახელით გამართული ღონისძიებების მახასიათებელ 2 ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: ერთის მხრივ – მასში მონაწილე პირების ძირითად ნაწილს წარმოადგენენ კომპანიის თანამშრომლები და მეორეს მხრივ – ღონისძიება საერთო-კორპორატიული ხასიათისაა ე.ი. წვეულებაში მონაწილეობა შეუძლია კომპანიის ყველა თანამშრომელს და მასში მონაწილე თანამშრომლების შერჩევა არ უნდა ხდებოდეს კომპანიის მენეჯმენტის მიერ სუბიექტური გადაწყვეტილების გზით. თუმცა, შესაძლებელია რომ ღონისძიება მოიცავდეს არა მთლიან კომპანიას, არამედ კომპანიის მხოლოდ ნაწილს – მაგალითად გარკვეულ დეპარტამენტებს ან ფილიალებს. აღნიშნული გარემოება ღონისძიებას საერთო-კორპორატიულ ხასიათს არ უკარგავს.

კომპანიის სახელით გამართულ ღონისძიების ტიპიურ და ყველაზე გავრცელებულ მაგალითს წარმოადგენს წლის ბოლოს კომპანიების მიერ ორგანიზებული საახალწლო კორპორატიული წვეულებები, კარნავალები და ა.შ. ან კომპანიის მრგვალ საიუბილეო თარიღთან (მაგალითად 10 წლის იუბილესთან) დაკავშირებით მოწყობილი საიუბილეო ბანკეტი.  

ამგვარი ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლების მიერ სარესტორნო მომსახურების სახით მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს სახელფასო სარგებელს და არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რადგან მოცემულ შემთხვევაში თანამშრომლისთვის სარგებლის გადაცემა ხდება უპირატესი საწარმოო-კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ე.ი. კომპანიის მიერ თანამშრომლის წვეულებაზე დაპატიჟება ემსახურება არა თანამშრომლისთვის სახელფასო სარგებლის გადაცემის მიზანს, არამედ უპირატესად განპირობებულია საწარმოო-კორპორატიული მიზნებით. ამასთან, კომპანიას ოპერაციაზე არც დღგ და არც მოგების გადასახადი არ წარმოეშვება. ღონისძიების ფარგლებში გაწეულ დანახარჯებზე გადახდილ დღგ-ზე კი კომპანია დღგ-ს ჩათვლას ვერ განახორციელებს.

ხშირად წარმომადგენლობითი ხარჯები ეშლებათ სარეკლამო-მარკეტინგულ ხარჯებში. მაგალითად, ახალი პროდუქციის პრეზენტაციის მიზნით მოწყობილი ღონისძიების ხარჯი, რომელზეც ხდება მუდმივი კლიენტებისათვის ან პარტნიორი სადისტრიბუციო ან საბროკერო კომპანიებისთვის ახალი პროდუქტების წარდგენა, წარმოადგენს არა წარმომადგენლობით ხარჯს, არამედ სარეკლამო-მარკეტინგულ ხარჯს და მასზე  წარმომადგენლობითი ხარჯებზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება. სარეკლამო-მარკეტინგულ (და არა წარმომადგენლობით) ხარჯებს წარმოადგენენ ასევე ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობების და სხვ. მსგავსი ხარჯებიც. ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიის მიერ ორგანიზებულ სარეკლამო-მარკეტინგულ ღონისძიებებს თან ახლავს ფურშეტი, ვახშამი, ბანკეტი ან სხვ. მსგავსი წვეულება. ასეთ შემთხვევაში კომპანიის მიერ მხოლოდ თანმხლები წვეულების ფარგლებში გაწეული ხარჯი ჩაითვლება წარმომადგენლობით ხარჯად და აღნიშნულ დანახარჯებზე დღგ-ს ჩათვლა არ განხორციელდება.

კომპანიის სახელით გამართულ ღონისძიებას უთანაბრდება ასევე, კომპანიის მიერ მისი თანამშრომლებისთვის მოწყობილი ექსკურსიები, ლაშქრობები, საზაფხულო ბანაკები, კულტურულ-სანახაობითი ტურები. ასეთი ღონისძიებები, ხელს უწყობენ კომპანიისადმი თანამშრომლების კეთილგანწყობის ამაღლებას, თანამშრომლების ერთმანეთთან დაახლოებას და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას. შესაბამისად, ხსენებული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯებიც (ტრანსპორტირება, საკვები, ინვენტარი და სხვ.) წარმოადგენენ წარმომადგენლობით ხარჯს. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  კომპანიის მიერ მოწყობილი ექსკურსიები, ლაშქრობები, კულტურულ-სანახაობითი ტურები სხვა მსგავსი ღონისძიებები უნდა იყოს მოკლევადიანი (მაქსიმუმ რამდენიმე დღიანი). წარმომადგენლობით ხარჯად არ ჩაითვლება ასეთი ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის მიერ გადახდილი სასტუმროს ხარჯები. სასტუმროს დანახარჯების არსებობის შემთხვევაში, დანახარჯები ამ ნაწილში დაექვემდებარება დაბეგვრას. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში მსგავსი დანახარჯების გაწევის უფლება კომპანიას აქვს წლის განმავლობაში 1 ან მაქსიმუმ 2-ჯერ, სხვა შემთხვევაში კომპანიის მიერ მოწყობილი ექსკურსიები და სხვა მსგავსი ღონისძიებები დაექვემდებარება დაბეგვრას.

წარმომადგენლობით ხარჯის შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნება პარტნიორი კომპანიებისთვის – კლიენტებისთვის და მომწოდებლებისთვის ან მათი ხელმძღვანელ პირებისთვის გადაცემული სუვენირების ხარჯი. წარმომადგენლობით ხარჯად ჩაითვლება კომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემული სუვენირების ხარჯიც, თუ ასეთ გადაცემას თანამშრომლებისთვის საერთო-კორპორატიული ხასიათი აქვს, წელიწადში 1-ჯერ ან მაქსიმუმ 2-ჯერ ხორციელდება და თითო თანამშრომლისთვის გადაცემული საქონლის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე არ აღემატება 50 ლარს (არა მატერიალურობა).

წარმომადგენლობითი ხარჯის მე-3 და ბოლო კატეგორიას მიეკუთვნება პარტნიორი არარეზიდენტი კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებული დანახარჯები საკონსულოში ვიზის ხარჯებიდან დაწყებული საქართველოში მის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ჩათვლით, კერძოდ: დახვედრა-გაცილების, ტრანსპორტირების, სასტუმროს, ექსკურსიების, სუვენირებისა და რესტორნის ხარჯების ჩათვლით.

და ბოლოს: მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დანახარჯის წარმომადგენლობით ხარჯად აღიარების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს აღნიშნული დანახარჯების კავშირი კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიამ დოკუმენტურად დაასაბუთოს დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, რისთვისაც მან უნდა შეადგინოს წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიში, რომლის ტიპიური ფორმა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე taxinfo.ge. და რომელშიც უნდა აღწეროთ დანახარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ საგადასახადო კოდექსით წარმომადგენლობითი ხარჯის გამოქვითვა შეზღუდულია და ის არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის მიერ წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1%-ს, ხოლო იმ შემთხვევაში როცა კომპანია ზარალზე იყო და წინა წლის ხარჯები აღემატებოდა ერთობლივ შემოსავალს, მაშინ წარმომადგენლობითი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ხარჯების თანხის 1%-ს (საგ.კოდ.§984.2.). თუ კომპანია წარმომადგენლობით ხარჯებს ეწევა მის დაფუძნების პირველსავე წელს და შესაბამისად სახეზე არ არის წინა წლის ერთობლივი შემოსავალი ან ხარჯი, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობითი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე წლის ერთობლივი ხარჯის 1%-ს (საგ.კოდ.§984.3.).

დღეისთვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის ვიდეო კომენტარის (წარმომადგენლობითი ხარჯი და მისი დაბეგვრა) წარმომდგენია აუდიტორული კომპანია TaxInfo და საგადასახადო ადვოკატი – დიმიტრი გაგოშიძე. კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. მადლობა, რომ გვისმენდით!

ავტორები: დიმიტრი გაგოშიძე (საგადასახადო ადვოკატი), ნინო ბობოხიძე (TaxInfo, საგადასახადო მენეჯერი) კონტაქტი: +995 599 69 71 01

წინა სტატიაშიკომენტარი N3-1: სადამფუძნებლო შეთანხმება და მისი შევსების წესი
შემდეგი სტატიასაგადასახადო დავალიანების ჩამოწერა