კომპანიებმა სადამფუძნებლო შეთანხმება (სადამფუძნებლო დოკუმენტები) “მეწარმეთა შესახებ” კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 2025 წლის 1 აპრილამდე უნდა მოიყვანონ. აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის რეგისტრაცია ჩერდება, რის შემდეგაც კომპანია ვეღარ შეძლებს საბანკო ტრანზაქციების შესრულებას, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღება/გამოწერასა და სხვა ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საჭიროებს კომპანიის ხელმძღვანელი პირების წარმომადგენლობით უფლებამოსილებას (მეწარმ. შესახ. §254.1.). 2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გაფრთხილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში მონაცემების განუახლებლობის შემთხვევაში კი კომპანიის რეგისტრაცია სრულად უქმდება (მეწარმ. შესახ. §254.13.). სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება არ ვრცელდება ინდ. მეწარმეებზე (მ.შ. მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებზე).
როგორ მოვიყვანო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება “მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში? ამისთვის დაგჭირდებათ სადამფუძნებლო შეთანხმების ტიპიური ფორმა (ე.წ. “შაბლონი”). სადამფუძნებლო დოკუმენტის ფორმა სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის მქონე პირებისთვის შეგიძლია იხილოთ აქ.
ავიღოთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ტიპიური ფორმა (შაბლონი). სადამფუძნებლო შეთანხმების პირველ ნაწილში, შესაბამის ველებში ვუთითებთ კომპანიის სამართლებრივ ფორმას, სახელწოდებას ქართულ და ინგლისურ ენაზე და კომპანიის იურიდიულ მისამართს. მაგალითად: (#1) სამართლებრივი ფორმა – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, (#2) საფირმო სახელწოდება – შპს “ტაქს ინფო”, (#3) საფირმო სახელწოდება ინგლისურ ენაზე – TaxInfo Llc. , (#4) იურიდიული მისამართი – ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N2, King David -ის ბიზნეს ცენტრი, სართული – 9.
სადამფუძნებლო შეთანხმების შემდეგ ნაწილში უნდა შეივსოს კომპანიის კაპიტალის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ: განთავსებული (#5.2.) და ნებადართული (#5.1.) კაპიტალის ოდენობები. განთავსებული კაპიტალი არის განსაზღვრული ფულადი ოდენობა, რომლითაც კომპანია პასუხისმგებელია კრედიტორების წინაშე და რომლის შემცირება და პარტნიორებისთვის უკან დაბრუნება კომპანიას შეზღუდული აქვს. სწორედ ამიტომ, განთავსებულ კაპიტალში უნდა ასახოთ პარტნიორის მიერ კომპანიის კაპიტალში განხორციელებული შენატანების ის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანად რჩება კომპანიის კაპიტალში. პარტნიორის შენატანების დარჩენილი ნაწილი კი ფინანსურად აღრიცხეთ პარტნიორის წინაშე კომპანიის მოკლევადიან ვალდებულებებში და ასეთი თანხები სადამფუძნებლო შეთანხმებაში არ მოხვდება.
შპს-ში განთავსებული კაპიტალის განსაზღვრა სავალდებულო არ არის. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორებს არ გააჩნიათ გრძელვადიანი შენატანები კომპანიის კაპიტალში ან პარტნიორებს სხვა რაიმე მოტივით არ სურთ განსაზღვრონ განთავსებული კაპიტალი, განთავსებული კაპიტალის გრაფას ტოვებთ შეუვსებელს (არ ჩაწეროთ – 0 !!!), რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიაში განთავსებული კაპიტალი განსაზღვრული არ არის. ასეთ შემთხვევაში კომპანიის კაპიტალში პარტნიორის შენატანები სრულად აღირიცხება პარტნიორის წინაშე კომპანიის მოკლევადიან (ან გრძელვადიან) ვალდებულებებში.
ახალი რეგულაციების მიხედვით განთავსებული კაპიტალი დაყოფილი უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის წილებად – განთავსებულ წილებად (#6 და #8.2.), რომლებიც პარტნიორებს კომპანიის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის პროცენტის პროპორციულად გადაეცემა. თქვენ თავად შეგიძლიათ შეუზღუდავად განსაზღვროთ განთავსებული წილების რაოდენობა. უნდა დაიცვათ მხოლოდ ორი პირობა: პირველი, განთავსებული წილების რაოდენობა (#6 და #8.2.) უნდა იყოს მთელი რიცხვი და მეორეც, ისინი კომპანიის პარტნიორებზე აუცილებლად გადანაწილებული უნდა იყოს კომპანიის კაპიტალში მათი წილობრივი მონაწილეობის პროცენტის პროპორციულად. განთავსებული წილების რაოდენობის განსაზღვრა სავალდებულოა მაშინაც კი, როცა კომპანიის განთავსებული კაპიტალი განსაზღვრული არ არის.
მაგალითად, თუ კომპანიაში პირველი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა (#8.3.) შეადგენს – 60%-ს, ხოლო მეორე პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს – 40%-ს (#8.3.), კომპანიას შეუძლია განათავსოს მაგალითად 10 ერთეული წილი (#6), რომლიდანაც 6 ერთეულს (ე.ი. 60%-ს) გადაცემს პირველ პარტნიორს (#8.2.), ხოლო 4 ერთეულს (ე.ი. 40%-ს) გადასცემს მეორე პარტნიორს (#8.2.), ასეთ შემთხვევაში 1 ერთეული განთავსებული წილი უდრის 10%-იან წილობრივ მონაწილეობას კომპანიაში. თუმცა კომპანიას შეუძლია 10 -ის ნაცვლად განათავსოს 100 ერთეული წილი (#6), რომლიდანაც 60 ერთეული გადასცეს პირველ პარტნიორს (#8.2.), ხოლო 40 ერთეული მეორე პარტნიორს (#8.2.). ასეთ შემთხვევაში 1 ერთეული განთავსებული წილი უდრის 1%-იან წილობრივ მონაწილეობას კომპანიაში.
ხშირია შეცდომები, როცა კომპანიები პარტნიორების კუთვნილი განთავსებული წილების ოდენობას უთითებენ წილად (არამთელ) რიცხვებში, უმეტესად ისეთ შემთხვევებში, როცა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობები კაპიტალში არამთელი რიცხვითაა გამოხატული, რაც შეცდომაა. მაგალითად, თუ პირველი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა კომპანიის კაპიტალში შეადგენს 66,7%-ს (#8.3.), ხოლო მეორე პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა კომპანიის კაპიტალში შეადგენს 33,3%-ს (#8.3.), კომპანიამ უნდა გნათავსოს – 1 000 ერთეული წილი (= 66,7 * 10 + 33,3 * 10) (#6), საიდანაც 667 ერთეულ წილს (= 1 000 * 66,7%) გადასცემს პირველ პარტნიორს (#8.2.), ხოლო 333 ერთეულს (= 1 000 * 33,3%) მეორე პარტნიორს (#8.2.).
განთავსებული წილების ნომინალური ღირებულება (#7) კი განისაზღვრება განთავსებული კაპიტალის (#5.2.) განთავსებული წილების რაოდენობაზე (#6) განაყოფი თანხით (ე.ი. #7=#5.2./#6). მაგალითად, თუ კომპანიის განთავსებული კაპიტალი (#5.2.) შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო განთავსებული წილების რაოდენობაა (#6) 1 000 ერთეული, განთავსებული წილების ნომინალური ღირებულება (#7) შეადგენს 500 ლარს (= 500 000 ლარი / 1 000). იმ შემთხვევაში კი, როცა კომპანიის განთავსებული კაპიტალი (#5.2.) განსაზღვრული არ არის, ვერ განისაზღვრება განთავსებული წილების ნომინალური ღირებულება (#7) და შესაბამის გრაფას ვტოვებთ შეუვსებელს.
რაც შეეხება ნებადართულ (#5.1., #9, #10) და გამოშვებულ (#11, #12, #13.1., #13.2., #13.3.) წილებს, მათ ნომინალურ ღირებულებებსა და მათ ოდენობებს, აღნიშნულ გრაფებს ტოვებთ შეუვსებელს. მათ განსაზღვრას მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ახდენენ.
ხელმძღვანელი ორგანოს გრაფაში (#14) ვუთითებთ – “დირექტორი”, რამდენიმე დირექტორის არსებობის შემთხვევაში კი – “დირექტორატი”. შემდეგ გრაფაში (#15) მიეთითება კომპანიის ხელმძღვანელის – დირექტორის ან დირექტორების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი). ერთი დირექტორის შემთხვევაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გრაფაში (#16) ეთითება სიტყვა – „ერთპიროვნულად”. ხოლო რამდენიმე დირექტორის შემთხვევაში ხსენებულ გრაფაში სიტყვა – „ცალ-ცალკე“ ეთითება იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დირექტორს უფლება აქვს წარმოადგინოს კომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვა შემთხვევაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გრაფაში უნდა ჩაიწეროს სიტყვა – „ერთობლივად“. თუ დირექტორ(ებ)ის უფლებამოსილების ვადა მოიცავს კონკრეტულ პერიოდს, მაშინ აღნიშნულ გრაფაში უნდა მიეთითოს ასევე დირექტორის უფლებამოსილების ვადა.
დირექტორის (რამდენიმე დირექტორის შემთხვევაში ერთ-ერთის) მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვუთითებთ ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე პასუხისმგებელ პირის გრაფაში (#17). შემდეგ გრაფაში (#18) კი ვუთითებთ ხსენებული პირის საკონტაქტო მონაცემებს: ელ. ფოსტას (#18.1.) და ტელეფონის ნომერს (#18.2.)
გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის/პროკურისტისა (#19) და პარტნიორის წილის მმართველის (#20) გრაფებს ვტოვებთ შეუვსებელს.
სადამფუძნებლო შეთანხმების ბოლოს (#21) კი ვუთითებთ, რომ: „სამეწარმეო საზოგადოების წესდებას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტანდარტული წესდება“, თუ, რაღა თქმა უნდა, კომპანიის პარტნიორებს რაიმე სახის ცვლილებების ან დამატებების შეტანა არ სურთ სტანდარტულ წესდებაში. ასეთ შემთხვევაში #21-გრაფის წერთ “იხ. დანართი N1 – საზოგადოების წესდება” და წესდებას თან ვურთავთ სადამფუძნებლო შეთანხმებას.
შევსებულ სადამფუძნებლო შეთანხმება -ს სამეწარმეო რეესტრში ხელს აწერენ კომპანიის პარტნიორ(ებ)ი და დირექტორ(ებ)ი და აბარებენ საჯარო რეესტრს კომპანიის სამეწარმეო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით ან ამოწმებენ ნოტარიული წესით და ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით.
ავტორები: დიმიტრი გაგოშიძე (საგადასახადო ადვოკატი), ნინო ბობოხიძე (TaxInfo, საგადასახადო მენეჯერი) კონტაქტი: +995 599 69 71 01