მთავარი დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

სსიპ შემოსავლების სამსახური

მეთოდური მითითება

„დებიტორული დავალიანების შესახებ“

თბილისი

2024 წელი

სარჩევი

სარჩევი

თავი I – ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები

თავი II – ოპერაციები.

მუხლი 4. ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა.

მუხლი 5. უიმედო ვალად აღიარებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა

მუხლი 6. გადახდილი ავანსის დაბეგვრა

მუხლი 7. საქონლის/მომსახურების შემძენის მიერ აუნაზღაურებელი თანხის დაბეგვრა.

თავი III – სპეციალური წესები

მუხლი 8. სპეციალური წესები.

თავი I – ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. „დებიტორული დავალიანების შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში – მეთოდური მითითება) არეგულირებს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

2. ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი

ამ მეთოდური მითითების გამოყენება ევალებათ აუდიტორებს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ხოლო, მისი სწორად გამოყენების კონტროლი – საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს.

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

ა) დებიტორული დავალიანების ან/და გადახდილი ავანსის იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს პირველადი საგადასახადო დოკუმენტით (ინვოისი, სასაქონლო ზედნადები, ანგარიშფაქტურა და ა.შ.), ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, საბანკო ამონაწერით, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტით (ჩეკი, ჩგდ, სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერი და ა.შ.) და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციით;

ბ) დებიტორული დავალიანების ან/და ავანსის გადახდის ფაქტის ნამდვილობის დასადგენად გაითვალისწინება სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი. ამასთან, შედარების აქტი მხარეთა მიერ დადასტურებული უნდა იყოს იმავე შინაარსის ოპერაციებთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მათ შორის, ნოტარიულად, აპოსტილით ან/და სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და გათვალისწინებულია არარეზიდენტი მომწოდებლის/კონტრაჰენტის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით;

გ) გონივრულ ვადას, რომლის გასვლის შემდგომაც დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლოა განისაზღვროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენს პერიოდი, რომელიც შესაბამისი ტიპის ოპერაციასთან/დარგთან მიმართებაში დამკვიდრებულია პრაქტიკაში ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ლოგიკურად/დამაჯერებლად იქნება მიჩნეული;

დ) გაცემულ ხელფასად განსახილველი თანხების გაანგარიშებისას, სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე.

თავი II – ოპერაციები

მუხლი 4. ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა

საწარმოს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება). ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება ანაზღაურებულია სრულად.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად, ანაზღაურებული მოთხოვნის თანხის საწარმოს სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა. ანაზღაურებული თანხა ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე.

მოცემულ პირობებში, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება ჩაითვლება როგორც, საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ დავალიანების ანაზღაურების თარიღში, საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №1

ფაქტობრივი გარემოება

2024 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ ორი ოპერაცია:

1. 2023 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ შპს „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

2. 2023 წლის 1 აპრილს, შპს „B“-მ შპს „A“-ს ნაღდი ანგარიშსწორებით სრულად აუნაზღაურა ავეჯის მიწოდებით წარმოქმნილი დავალიანება. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ არ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დებიტორული დავალიანების შპს „A“-სთვის ანაზღაურების ფაქტი, ანაზღაურებული საქონლის ღირებულების თანხა – 100 000 ლარი დაკვალიფიცირდება დავალიანების ანაზღაურების თარიღში (01.04.2023 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №2

ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ სამი ოპერაცია:

1. 2023 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ შპს „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

2. 2023 წლის 1 აპრილს, შპს „B“-მ შპს „A“-ს ნაღდი ანგარიშსწორებით სრულად აუნაზღაურა ავეჯის მიწოდებით წარმოქმნილი დავალიანება. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ არ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

3. 2023 წლის 1 ივლისს, შპს „A“-მ გასცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დებიტორული დავალიანების შპს „A“-სთვის ანაზღაურების ფაქტი და ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად შპს „A“-ს მიერ გაცემულ იქნა სესხი 20 000 ლარის ოდენობით, ანაზღაურებული საქონლის ღირებულების თანხა, სესხად გაცემული თანხის გამოკლებით, ანუ 80 000 ლარი, დაკვალიფიცირდება დავალიანების ანაზღაურების თარიღში (01.04.2023 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას. 

მუხლი 5. უიმედო ვალად აღიარებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა

საწარმოს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება), რომელიც წლის ბოლოს მის მიერ ბუღალტრულად აღრიცხულია, როგორც უიმედო ვალი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება ანაზღაურებულია სრულად.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად ანაზღაურებული მოთხოვნის თანხის საწარმოს სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა. ანაზღაურებული თანხა ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე.

მოცემულ პირობებში, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება ჩაითვლება როგორც, საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ დავალიანების ანაზღაურების თარიღში, საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №3 

ფაქტობრივი გარემოება

2024 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ სამი ოპერაცია:

1. 2023 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ შპს „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

2. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს, დებიტორული დავალიანება განხილულია უიმედო ვალად. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

3. 2023 წლის 1 აპრილს, შპს „B“-მ შპს „A“-ს ნაღდი ანგარიშსწორებით სრულად აუნაზღაურა ავეჯის მიწოდებით წარმოქმნილი დავალიანება. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ არ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დებიტორული დავალიანების შპს „A“-სთვის ანაზღაურების ფაქტი, ანაზღაურებული საქონლის ღირებულების თანხა – 100 000 ლარი დაკვალიფიცირდება დავალიანების ანაზღაურების თარიღში (01.04.2023 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მუხლი 6. გადახდილი ავანსის დაბეგვრა

საწარმოს უფიქსირდება საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №4

ფაქტობრივი გარემოება

2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ ერთი ოპერაცია – შემდგომში ავეჯის მოწოდების პირობით, კერძოდ, 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ არარეზიდენტ მომწოდებელ „B“-ს, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, ავანსის სახით გადაუხადა 100 000 ლარი. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში. ამასთან, ავანსის გადახდის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „A“-სთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში (რადაც, განსახილველ შემთხვევაში ჩაითვალა 12 კალენდარული თვე), ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „A“-სთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი – 100 000 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.12.2022 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №5 

ფაქტობრივი გარემოება

2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ ორი ოპერაცია:

1. 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ მომწოდებელ შპს „B“-ს გადაუხადა ავანსი 100 000 ლარი შემდგომში ავეჯის მოწოდების პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შპს „B“-ს მიერ შპს „A“-სთვის 1 000 ერთეული იდენტური მაგიდის მიწოდებას.

2. შპს „B“-მ 2021 წლის 1 დეკემბერს შპს „A“-ს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავეჯის ნაწილი – 300 მაგიდა, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, სასაქონლო ზედნადებით და თანმხლები დოკუმენტებით. შპს „A“-მ აღნიშნული ოპერაცია ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში და ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოახდინა გადახდილი ავანსის ნაწილის – 30 000 ლარის რეკლასიფიცირება/ჩახურვა.

ავანსის გადახდის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, არ დასტურდება შპს „B“-ს მიერ საქონლის დარჩენილი ნაწილის შპს „A“-სთვის მიწოდების ფაქტი, ამასთან, არ დასტურდება ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში (რადაც, განსახილველ შემთხვევაშიც ჩაითვალა 12 კალენდარული თვე), ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება შპს „B“-ს მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „A“-სთვის მიწოდების ან ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსის ნაშთი – 70 000 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.12.2022 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას. 

მუხლი 7. საქონლის/მომსახურების შემძენის მიერ აუნაზღაურებელი თანხის დაბეგვრა

საწარმოს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება), რომლის წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა. შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული ან ანაზღაურებულია ნაწილობრივ. ამასთან, შემოწმებით ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის/საქონლის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად, ანაზღაურებული მოთხოვნის თანხის/თანხის ნაწილის საწარმოს სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა. ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა/მოთხოვნის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №6

ფაქტობრივი გარემოება

2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ არარეზიდენტ პირ „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

დებიტორული დავალიანების წარმოშობის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, არარეზიდენტი პირი „B“-ს მიერ შპს „A“-ს მიმართ არ არის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების თანხა. ასევე, არ დასტურდება მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში (რადაც, განსახილველ შემთხვევაში ჩაითვალა 12 კალენდარული თვე), ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, დებიტორული დავალიანების თანხის ანაზღაურების ან საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, საქონლის ღირებულების თანხა – 100 000 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.12.2022 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

მაგალითი №7

ფაქტობრივი გარემოება

2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ შემდგომი გადახდის პირობით შპს „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.

2022 წლის 15 იანვარს შპს „B“-მ შპს „A“-ს აუნაზღაურა დებიტორული დავალიანების ნაწილი – 20 000 ლარი, ხოლო 2023 წლის 1 მარტს აუნაზღაურა 10 000 ლარი. აღნიშნული თანხების ანაზღაურება ასახულია შპს „A“-ს ბუღალტრულ აღრიცხვაში.

დებიტორული დავალიანების წარმოშობის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, შპს „B“-ს მიერ შპს „A“-ს მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების დარჩენილი ნაწილი – 70 000 ლარი არ არის ანაზღაურებული. ასევე, არ დასტურდება მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში (რადაც, განსახილველ შემთხვევაშიც ჩაითვალა 12 კალენდარული თვე), ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, დებიტორული დავალიანების აუნაზღაურებელი ნაწილის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, საქონლის ღირებულების თანხის ნაშთი – 70 000 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.12.2022 წელს) დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.

თავი III – სპეციალური წესები

მუხლი 8. სპეციალური წესები

1. აუდიტორი უფლებამოსილია, გადახდილი ავანსების ან/და საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნების (დებიტორული დავალიანებების) მიმართ არ განსაზღვროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები (ოპერაციები არ დაუქვემდებაროს კვალიფიკაციის შეცვლას) თუ, შესაბამის პირზე/პირებზე, ამ მეთოდური მითითების შესაბამისად გადაკვალიფიცირებული თანხების ჯამი არ აღემატება:

ა) მცირე კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში – 1 000 ლარს;

ბ) საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში – 10 000 ლარს;

გ) მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში – 100 000 ლარს.

2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ, დებიტორული დავალიანების (საქონლის/მომსახურების შემძენის მიერ აუნაზღაურებელი თანხის) შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების ფაქტი.

3. აუდიტორი უფლებამოსილია, კვალიფიკაციის შეცვლას არ დაუქვემდებაროს გადახდილი ავანსის ის ნაწილი, რომელიც იმავე შინაარსის ოპერაციებთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ლოგიკურად/დამაჯერებლად მიიჩნევა მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტად.

(08.07.2019 ბრძანება №22708)

იხ. დაკავშირებული კომენტარი #4-3: ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა