მთავარი მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება

მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება

>> მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)  /  (Pdf-ფაილი)

>> მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიებს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)  /  (Pdf-ფაილი)

>> ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი) (Pdf-ფაილი)

>> ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიებს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)  (Pdf-ფაილი)

>> საქონლის მიწოდების ხელშეკრულება კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი) (Pdf-ფაილი)

>> საქონლის მიწოდების ხელშეკრულება კომპანიებს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)(Pdf-ფაილი)

>> მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)  /  (Pdf-ფაილი)

>> მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიებს შორის (ნიმუში, შაბლონი, ტიპიური ფორმა) (Word-ფაილი)  /  (Pdf-ფაილი)

ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები. სამოქალაქო კოდექსი:

ნასყიდობა

I.ზოგადი დებულებანი

მუხლი 477. ცნება. შინაარსი

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას

1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.

2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის.

3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი

1. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტისა.

2. (ამოღებულია – 11.05.2007, №4744).

მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა

1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი

საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი

1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

   

მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

   

მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

   

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.

3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.

   

მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება

1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

   

მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა

თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

   

მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე

1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.

2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე.

   

მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი

1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

   

მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ

1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

   

მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა

თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

   

მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.

   

მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა

1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.

2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.

3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

   

მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე

თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგში.

   

მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

   

მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება, მან უნდა იზრუნოს ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

   

მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები

მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა არათანაზომიერი ხარჯები.

   

მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება

1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს.

   

მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი

თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.