დაბეგრილი დებიტორული დავალიანების გასტუმრება მოვალის მიერ

578
0

დაბეგრილი დებიტორული დავალიანების გასტუმრება მოვალის მიერ და მისი სამართლებრივი შედეგები

გამარჯობა!

წინა ვიდეო კომენტარში (ვიდეო კომენტარი #15: ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა) ჩვენ განვიხილეთ შემოსავლების სამსახურის ახალი მეთოდური მითითება ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებების დაბეგვრასთან დაკავშირებით. დღევანდელ კომენტარში კი მოკლედ განვმარტავთ, თუ რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს დებიტორის მიერ კომპანიისთვის იმ დავალიანების გასტუმრება, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ წარსულში შეფასებული იქნა ფიქტიურად ე.ი. შეფასებული იქნა დებიტორის მიერ კომპანიისთვის გადახდილად და საგადასახადო შემოწმების პროცესში დაექვემდებარა საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადებით დაბეგვრას.

კომენტარში ასევე განვმარტავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიებმა ფინანსური და საგადასახადო ბალანსები აწარმოონ ცალ-ცალკე და მაკორექტირებელ მუხლებზე დეტალური ინფორმაცია ასახონ თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებებში შენიშვნის სახით. 

მანამდე კი ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ვიდეო კომენტარის წარმომდგენია აუდიტორული კომპანია TaxInfo და საგადასახადო ადვოკატი – დიმიტრი გაგოშიძე. კომენტარში დაფიქსირებული მოსაზრებები კი შეიძლება არ ემთხვეოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

1. ფინანსური ბალანსი vs საგადასახადო ბალანსი

    საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის ბალანსზე რიცხული დებიტორულია დავალიანების ნაშთის ფიქტიურად მიჩნევა და მისი საშემოსავლო ან/და გადასახადებით დაბეგვრა ავტომატურად იწვევს შესაბამისი დებიტორული დავალიანების ანულირებას კომპანიის საგადასახადო ბალანსში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დებიტორული დავალიანება ანულირდება ფინანსურ ბალანსშიც და სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით კომპანიის მოთხოვნა მოვალის ანუ დებიტორის მიმართ, საგადასახადო ორგანოს შეფასების საფუძველზე, უქმდება და დებიტორს ვალი ეპატიება. პირიქით, ფინანსურ ბალანსში დებიტორული დავალიანება (მოთხოვნა) რჩება მანამ, სანამ დებიტორი არ მოახდენს დებიტორული დავალიანების გასტუმრებას ან კომპანია პატიების, ხანდაზმულობის, ან სხვა მსგავსი საფუძვლით თავად არ მოახდენს ფინანსური ბალანსიდან დებიტორული დავალიანების ჩამოწერას.

    2. დებიტორის მიერ დებიტორული დავალიანების გადახდა

    დებიტორის მიერ იმ დავალიანების გადახდა, რომელიც საგადასახადო ორგანომ წარსულში მიიჩნია ფიქტიურად და დაუქვემდებარა საშემოსავლოს და/ან მოგების გადასახადებით დაბეგვრას, არ წარმოშობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს, მეტიც საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვები დებიტორის მიერ დავალიანების გადახდის მომენტში შეიძლება ხანდაზმულიც იყოს, ე.ი. დებიტორის მიერ დავალიანების გადახდა განხორციელდეს საგადასახადო აქტის გამოცემიდან 3 წლის შემდეგ პერიოდში. მაშინ რა უნდა ქნას კომპანიამ? კომპანია უფლებამოსილია დებიტორის მიერ გადახდილი დავალიანების შესაბამისი თანხა დაუბეგრავად გაიტანოს მისი გადახდიდან ნებისმიერ შემდეგ პერიოდში, ე.ი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ კომპანია აღნიშნული თანხის დივიდენდად ან/ხელფასად გაცემისას გადასახდელ გადასახდელებზე უფლებამოსილია მიიღოს აქტით დარიცხული გადასახადების ჩათვლა.

    3. მაგალითი #1: დაბეგრილი დებიტორული დავალიანების გასტუმრება მოვალის მიერ

    განვიხილოთ მაგალითი #1:

    ფაქტობრივი გარემოებები:

    საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანომ კომპანიის ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანების ნაშთი არარეზიდენტი კომპანიის მიმართ – 500 000 ლარი, პირველადი (prima facie-) მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია ფიქტიურ ნაშთად. დებიტორული დავალიანება განიხილა კომპანიის მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, კომპანიას დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი 125 000 ლარი (=500 000 ლარი * 20% / 80%).

    საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან 1 წელში დებიტორმა დავალიანების ნაწილი – 500 000 ლარი გადაუხადა კომპანიას.

    შეფასება:

    მოცემულ შემთხვევაში, დებიტორის მიერ დავალიანების გადახდა არ გამოიწვევს აქტით დარიცხული გადასახადების კორექტირებას (შემცირებას), ე.ი. აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა – 125 000 ლარი დარჩება უცვლელი, თუმცა დებიტორის მიერ დავალიანების გასტუმრების მომენტიდან კომპანიას წარმოეშობა უფლება შესაბამისი ოდენობის თანხები დაუბეგრავად გასცეს კომპანიის პარტნიორებზე ან დირექტორზე დივიდენდის ან ხელფასის სახით, რადგან აღნიშნული თანხები საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით ჯერ კიდევ საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად.

    სავარაუდოდ, საგადასახადო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში დაადგენს ამგვარი განაცემების დეკლარირებისა და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლის წესს, თუმცა ხსენებული წესის დადგენამდე, ამგვარი უფლების წარმოშობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დირექტორსა და პარტნიორებზე დაფიქსირებული შესაბამისი განაცემი დეკლარაციაში არ ასახოს.

    4. ბალანსთშორისი სხვაობების ანგარიშგება (დაბეგრილი დებიტორული დავალიანების გასტუმრება მოვალის მიერ)

    ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ  დებიტორის მიერ კომპანიისთვის დავალიანების გადახდა და შემდეგ კომპანიის მიერ ამ თანხის პარტნიორებზე დივიდენდად ან დირექტორზე ხელფასად გაცემა უმეტეს შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ ამიტომ,  მეტად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა საგადასახადო შემოწმების დასრულების პერიოდიდან მოყოლებული ფინანსურ და საგადასახადო ბალანსებს შორის არსებული სხვაობები, შესაბამისი კორექტირების მუხლების მითითებით ასახონ ფინანსური ანგარიშგების დანართებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის უწყვეტობა და კომპანიის მიერ იოლად ახსნადი იყოს საგადასახადო ადმინისტრაციისთვის ის გარემოება, თუ რატომ არ დაუქვემდებარა კომპანიამ პარტნიორებზე ან/და დირექტორზე განხორციელებული განაცემები დაბეგვრას.

    5. მოთხოვნის დათმობა პარტნიორების სასარგებლოდ

    იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას სურს თავიდან აიცილოს დებიტორული დავალიანების დაბეგვრისა და გადახდილი გადასახადების შემდეგ პერიოდში ჩათვლის ზემოხსენებული გართულებული პროცედურები, კომპანია უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს შემოწმების პროცესში წარუდგინოს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც კომპანია სადაო მოთხოვნებს დაუთმობს მის პარტნიორ ფიზიკურ პირებს შესაბამისი ოდენობის დივიდენდის განაწილების გზით. თუმცა კომპანიის მიერ მის პარტნიორების სასარგებლოდ მოთხოვნის დათმობა საჭიროებს მოვალის ანუ დებიტორის თანხმობას და კრების ოქმს უნდა დაერთოს ასევე დებიტორის თანხმობის წერილობითი დასტური. ასეთი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ერთის მხრივ,  საგადასახადო ორგანო დაბეგვრას დაუქვემდებარებს კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის დივიდენდის სახით მოთხოვნის უფლების გადაცემას, ხოლო მეორეს მხრივ დებიტორული დავალიანება კომპანიის როგორც საგადასახადო, ისე ფინანსური ბალანსებიდან ჩამოიწერება. მოთხოვნის უფლება სრულად გადაეცემა კომპანიის პარტნიორ ფიზიკურ პირებს მათი წილის პროპორციულად და მომავალში მოვალის მიერ მათვის დავალიანების გასტუმრება რაიმე სახის გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.

    6. დავალიანების სესხად რეკლასიფიკაციის შემთხვევა

    იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე დებიტორული დავალიანების კლასიფიკაცია მოხდება კომპანიის დირექტორზე ან კომპანიის პარტნიორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრება მოგების გადასახადით, დებიტორის მიერ მომავალში კომპანიისთვის დავალიანების გასტუმრება ჩაითვლება კომპანიის დირექტორის ან/და პარტნიორის მიერ კომპანიისგან მიღებული სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარება ჩათვლას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

    თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავალიანების სესხად რეკლაფისიცირების მომენტიდან მოყოლებული მის დაფარვამდე სესხის თანხას უნდა დაერიცხოს პროცენტი არანაკლებ წლიური 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

    დასასრული (დაბეგრილი დებიტორული დავალიანების გასტუმრება მოვალის მიერ)

    დღეისათვის სულ ეს იყო საგადასახადო კოდექსის ვიდეო კომენტარის წარმომდგენია აუდიტორული კომპანია TaxInfo და საგადასახადო ადვოკატი – დიმიტრი გაგოშიძე. კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. მადლობა, რომ გვისმენდით!

    ავტორები: დიმიტრი გაგოშიძე (საგადასახადო ადვოკატი), ნინო ბობოხიძე (TaxInfo, საგადასახადო მენეჯერი). კონტაქტი: +995 599 69 71 01

    წინა სტატიაშივადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრა