#C-215/94 (Mohr) გადაწყვეტილება: სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდია / კომპენსაციის დღგ-ით დაბეგვრა

1630
0

დღეს ჩვენ განვიხილავთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 1996 წლის 29 თებერვლის #C-215/94 (Mohr) გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდია/კომპენსაციის დღგ-ით დაბეგვრა -ს.

გაცნობებთ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება შემოკლებული და ინტეპრეტირებულია TaxInfo-ს მიერ და ის არ წარმოადგენს გადაწყვეტილების პირდაპირ თარგმანს. გადაწყვეტილების ოფოცილური ტექსტი იხილეთ აქ (ინგლისურად), (გერმანულად).  

მაშ ასე დავიწყოთ:

მართლმსაჯულების ევროპული  სასამართლოს განსახილველად წარედგინა საქმე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ევროკავშირის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, ევროპის ბაზარზე რძის ჭარბი მიწოდების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირი სარძეო მეურნეობის მქონე ფერმერებს უხდიდა განსაზღვრულ კომპენსაციას, თუ ისინი უარს იტყოდნენ რძის წარმოებაზე და შეწყვეტდნენ სარძეო მეურნეობას. კომპენსაციის თანხის გაანგარიშება ხდებოდა საბჭოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე,  სარძეო მეურნეობის სიდიდის მიხედვით;

(ბ) 1987 წლის 23 სექტემბერს გერმანიის ფედერალურმა სამსახურმა დააკმაყოფილა გერმანელი ფერმერის – იურგენ მორის განცხადება და სარძეო მეურნეობის შეწყვეტის სანაცვლოდ მას კომპენსაციის სახით აუნაზღაურა – 385 980 გერმანული მარკა.

(გ) სადაო საკითხს წარმოადგენდა, სახელმწიფოსგან მიღებული კომპენსაცია წარმოადგენდა თუ არა ფერმერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების თანხას და უნდა დაბეგრილიყო თუ არა მიღებული კომპენსაცია დღგ-ით.

(დ) გერმანიის საგადასახადო ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ფერმერის მიერ სარძეო მეურნეობის გაგრძელებაზე უარი წარმოადგენდა მისი მხრიდან ფედერალური სამსახურისთვის მომსახურების გაწევას და ასეთი უარის სანაცვლოდ მიღებული სახელმწიფო კომპენსაცია კი იყო მომსახურების ანაზღაურების თანხა, რადგან სახეზე იყო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი პრაქტიკით (05.02.1981 154/80, Coöperatieve Aardappelenbewaarplaats და 03.03.1994 C-16/93, Tolsma) მოთხოვნილი კავშირი გაწეულ მომსახურებასა და კომპენსაციის თანხას შორის, კერძოდ: კომპენსაციის თანხა განისაზღვრებოდა სარძეო მეურნეობის სიდიდის მიხედვით.

(ე) გერმანიის საგადასახადო ადმინისტრაციის აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლომ (Finanzgericht-მა). ფერმერმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გერმანიის უზენაეს სასამართლოში (Bundesfinanzhof-ში), რომლის პოზიციაც ასევე იხრებოდა გერმანიის საგადასახადო ადმინისტრაციისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციისკენ, თუმცა გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ისარგებლა უფლებით, შეაჩერა საქმე და სადაო საქმეზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს ლუქსემბურგში.

 მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება:

(1) სასამართლომ სადაო არ გახადა ფერმერის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და გადახდილ სახელმწიფო კომპენსაციის შორის კავშირის არსებობა, რაც მანამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკით (05.02.1981 154/80, Coöperatieve Aardappelenbewaarplaats და 03.03.1994 C-16/93, Tolsma) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა მიღებული თანხის მომსახურების ანაზღაურებად განსახილველად, თუმცა აღნიშნული არ მიიჩნია საკმარის წინაპირობად, დღგ-ის მიზნებისთვის, ფერმერის მიერ განხორციელებული ქმედების  გაწეულ მომსახურებად განსახილველად.

(2) სასამართლოს აზრით მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო არა კავშირი ფერმერის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და კომპენსაციის თანხას შორის, არამედ იმ გარემოების დადგენა, ვინ იყო მომსახურების მიმღები, რათა დღგ-ს მიზნებისთვის ადგილი ჰქონოდა მომსახურების გაწევას:

(2.ა.) სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ევროპის საბჭოს დადგენილების საფუძველზე გერმანიის ფედერალური სამსახური სარძეო მეურნეობაზე უარის თქმის გამო ფერმერს აძლევს კომპენსაციას/სუბსიდიას, არც ევროკავშირისა და არც გერმანიის ფედერალური სამსახურის მხრიდან ადგილი არ აქვს საკუთარი მოხმარებისთვის საქონლის ან/და მომსახურების შეძენას, ასეთ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ ევროკავშირში რძის პროდუქტების ბაზრის გამართული ფუნქციონირების საყოველთაო ინტერესებიდან გამომდინარე. ფერმერის მიერ სარძეო მეურნეობაზე უარის თქმა არც ევროკავშირს და არც გერმანიის ფედერალური სამსახურს ქონების მატებით ან ხარჯების და ვალდებულებების შემცირების სახით გამოხატულ რაიმე სარგებელს არ ანიჭებს, რა შემთხვევაშიც ისინი შეიძლებოდა მიჩნეულიყვნენ მომსახურების მიმღებ(ებ)ად.

(2.ბ.) მომსახურების მიმღების არ არსებობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფერმერის მიერ განხორციელებული ქმედება დღგ-ს მიზნებისთვის არ წარმოადგენს მომსახურების გაწევას და შესაბამისად, მისთვის გადახდილი კომპენსაცია არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურების თანხას და არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით.

ევროპის მართლმსაჯულების ზემოხსენებული გადაწყვეტილება განვაზოგადოთ ცოტა უფრო გართულებულ ქართულ მაგალითზე:

ფაქტობრივი გარემოებები:

(ა) ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სააგენტო ახდენდა პროგრამაში მონაწილე წისქვილ კომბინატებისთვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას.

(ბ) სუბსიდიის ოდენობა შეადგენდა პროგრამაში მონაწილე წისქვილ კომბინატების მიერ რეალიზებულ ყოველ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სააგენტო წისქვილ კომბინატებთან, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვეში უხდიდა წისქვილ კომბინატებს.

(გ) თავის მხრივ პროგრამაში მონაწილე წისქვილ კომბინატები  სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებას იღებდნენ ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია არ მოეხდინა 53 ლარზე მეტ ფასად.

(დ) პრობლემურ საკითხს წარმოადგენს რამდენად ექვემდებარება წისქვილკომბინატების მიერ სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან მიღებული სუბსიდიის თანხები დღგ-ით დაბეგვრას.

შეფასება:

(1) მოცემულ შემთხვევაშიც სოფლის მეურნეობის სააგენტო და სახელმწიფო ვერ ჩაითვლებიან მომსახურების მიმღებებად, რადგან პირველი ხარისხის ხორბლის ფასების სუბსიდირებისას ისინი მოქმედებენ საქართველოში პურის საცალო სარეალიზაციო ფასის ზრდის თავიდან აცილების საყოველთაო ინტერესებიდან გამომდინარე და წისქვილკომბინატებთან პირველი ხარისხის ფქვილზე ზღვრული სარეალიზაციო ფასების შეთანხმებით, არც სოფლის მეურნეობის სააგენტო და არც სახელმწიფო ქონების მატებით ან ხარჯების და ვალდებულებების შემცირების სახით გამოხატულ რაიმე სარგებელს არ იღებენ, რა შემთხვევაშიც ისინი შეიძლებოდა მიჩნეულიყვნენ მომსახურების მიმღებ(ებ)ად.  შესაბამისად, წისქვილ კომბინატების მიერ სახელმწიფოს ან სოფლის მეურნეობის სააგენტოსთვის მომსახურების გაწევას ადგილი არ აქვს, შესაბამისად მიღებული სუბსიდიის თანხები ვერ ჩაითვლება წისქვილ კომბინატების მიერ სახელმწიფოსთვის ან სოფლის მეურნეობის სააგენტოსთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებად.

(2) მოცემულ შემთხვევაში დამატებით უნდა შემოწმდეს ხომ არ წარმოადგენს პროგრამაში მონაწილე წისქვილკომბინატების მიერ სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდია საანგარიშო პერიოდში წისქვილკომბინატის მიერ პურის საცხობებისთვის მიწოდებული პურის ფქვილი ანაზღაურების ნაწილს. მაგალითად, თუ საანგარიშო თვეში პროგრამაში მონაწილე წისქვილ კომბინატმა პურის საცხობს მიაწოდა ერთი ცალი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 53 ლარად, ხოლო 10 ლარი სუბსიდიის სახით მიიღო სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან, ხომ არ წარმოადგენს საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებას 63 ლარს (=53 ლარი + 10 ლარი.) და ხომ არ უნდა მოხდეს საქონლის მიწოდებაზე დარიცხული დღგ-ს გაანგარიშება 63 ლარიდან, მითუმეტეს §164.1. გრამატიკული გამოხატვის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საქონლის/მომსახურების ანაზღაურების თანხაში ჩაირთვება საქონლის ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის თანხები:

(2.ა.) უდავოა, რომ სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიის თანხები წარმოადგენენ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასთან პირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიას, კერძოდ პროგრამაში მონაწილე წისქვილ კომბინატების მიერ პურის საცხობებისთვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მიწოდება ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წისქვილ კომბინატები სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან დანამატის სახით იღებდნენ სუბსიდიას ერთ ტომარა ხორბლის ფქვილზე 10 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, წისქვილკომბინატების მიერ გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე, იდენტიფიცირებადია ის პირები, რომლებმაც  წისქვილ კომბინატებიდან ხორბლის ფქვილის დაბალ ფასად შეძენის გამო მიიღეს სარგებელი, ესენი არიან პურის საცხობები, თუმცა

(2.ბ.) დღგ-ს მიზნებისთვის საქონლის/მომსახურების ანაზღაურების ფასში არ შეიტანება სუბსიდიები, რომლებიც მართალია დაკავშირებულები არიან მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ფასთან, მაგრამ მათი გაცემა უპირატესად ემსახურება არა საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ სარგებლის მიღების ინტერესს, არამედ მათი გაცემა ხდება საყოველთაო პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდიის უპირატეს ინტერესს წარმოადგენდა არა პურის საცხობების ხარჯების სუბსიდირება, მათ მიერ  სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხორბლის ფქვილის იაფად შეძენის სახით, არამედ სუბსიდიის გაცემის უპირატესს ინტერესს წარმოადგენდა, ფქვილის ფასის სუბსიდირებით ქვეყანაში პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება, რაც ცალსახად წარმოადგენს საყოველთაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესს და შესაბამისად,  სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გაცემული სუბსიდირების თანხები არ წარმოადგენს წისქვილ კომბინატების მიერ საცხობებისათვის მიწოდებული ხორბლის ფქვილის ანაზღაურების ნაწილს და აღნიშნული თანხები ამ კუთხითაც არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ამ კუთხით განსხვავებული პოზიცია გააჩნია საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციას, რომელიც თვლის, რომ განხილულ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გაცემული სუბსიდიის თანხები ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუმცა რადგანაც აღნიშნული პოზიცია რაიმე საჯარო დოკუმენტში დაფიქსირებული არ არის,  ჩვენთვის უცნობია საგადასახადო ადმინისტრაცია სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გაცემული სუბსიდიის თანხას განიხილავს წისქვილ კომბინატების მიერ სოფლის მეურნეობის სააგენტოსთვის ან სახელმწიფოსთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებად, თუ სუბსიდიის თანხებს განიხილავს წისქვილ კომბინატების მიერ პურის საცხობებისთვის მიწოდებული საქონლის ანაზღაურების ნაწილად.

და ბოლოს, შენიშვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ზემოთქმული არ უნდა იქნას გაგებული, რომ სახელმწიფოს მიერ საჯარო და საყოველთაო ინტერესებიდან გამომდინარე გაცემული კომპენსაციები და სუბსიდიები დღგ-ით არ დაიბეგრება, პირიქით, მათი უმეტესობა როგორც წესი წარმოადგენს გაწეული მომსახურების ან მიწოდებული საქონლის ანაზღაურების ნაწილს და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ამიტომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს წარმოადგენს თუ არა გაცემული კომპენსაცია თუ სუბსიდია საქონლის ან მომსახურების ანაზღაურებას ან მის ნაწილს.

მაგალითად:

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დენის გადასახადის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, მართალია, ხორციელდება საყოველთაო საჯარო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მის უპირატეს მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ბენეფიციართა წრის მიერ სარგებლის მიღება, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ ენერგო კომპანიებისთვის გადახდილი მოხმარებული ელ. ენერგიის სუბსიდირების თანხები წარმოადგენენ ენერგოკომპანიების მიერ  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდებული დენის ანაზღაურებას და დაიბეგრება დღგ-ით.

დღევანდელ ვიდეოში შევეცადეთ მოკლედ განგვემარტა  მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 1996 წლის 29 თებერვლის C-215/94 (Mohr) გადაწყვეტილება და მისი შედეგები საგადასახადო სამართლის პრაქტიკაზე. კითხვების, შენიშვნების ან კრიტიკის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მისამართებზე. ჩვენ ეს დაგვეხმარება პროექტის კიდევ უფრო განვითარებასა და სრულყოფაში.

წინა სტატიაშიკომენტარი N1-1: საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა
შემდეგი სტატიაკომენტარი N2-1: განთავსებული კაპიტალი და მისი ფინანსური/საგადასახადო აღრიცხვა