მთავარი კრედიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

კრედიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

კრედიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა

მეთოდური მითითება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“

კრედიტორული დავალიანების დაფარვა

სააღრიცხვო დოკუმენტაციით

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის.

მოცემულ პირობებში, შემოწმებისთვის წარდგენილია:

▪ საბაჟო დეკლარაცია.

▪ ინვოისი.

▪ სალაროს გასავლის ორდერი.

▪ წერილობითი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის ნამდვილობის თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, დამატებითი მტკიცებულების სახით შემოწმებისთვის წარდგენილია:

ვარიანტი I – სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე.

ვარიანტი II – საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა.

ვარიანტი III – როგორც პირველი, ისე მეორე ვარიანტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (შედარების აქტი და საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა).

შეფასება და შედეგი

ვარიანტი I – იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი დავალიანების სრულად გადახდის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხა, შედარების აქტის მონაცემის მიხედვით, ჩაითვლება ანაზღაურებულად.

ვარიანტი II – იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხა, ამავე საბაჟო დეკლარაციაში ასახული მონაცემის მიხედვით, ჩაითვლება ანაზღაურებულად.

ვარიანტი III – იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, დამატებით წარდგენილია პირველ და მეორე ვარიანტში მითითებული დოკუმენტაცია, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხა ჩაითვლება ანაზღაურებულად, შედარების აქტისა და საბაჟო დეკლარაციის (რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) მონაცემების მიხედვით.

ამასთან, შედარების აქტსა და საბაჟო დეკლარაციას (რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) შორის თანხობრივი სხვაობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება შედარების აქტის მონაცემი.

შენიშვნა:

 საქონლის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქონლის საბაზრო ფასი ან/და კრედიტ-ნოტა (ფასდათმობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 თუ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, ცნობილი გახდება, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე გადასახდელი თანხა/თანხის ნაწილი (რომელიც ამ მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა ანაზღაურებულად) აუნაზღაურებელია, ჩაითვლება საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ასეთი ფაქტის გამოვლენის მომენტში, გაცემულად.

 „იმპორტი“  იგულისხმება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

მაგალითი №1

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა (მაღაზია). ამასთან, პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. დადგენილია, რომ შპს „A“-მ შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებელი B-სგან შეიძინა 100 000 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.). თუმცა, შემოწმებისთვის წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია, ინვოისი და სალაროს გასავლის ორდერი.

მოცემულ პირობებში შპს „A“-ს მიერ დამატებით წარდგენილია ახსნა-განმარტება, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებელი B-სთვის სრულად გადახდის ნამდვილობის თაობაზე და სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის (დაფარვის) თაობაზე.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შპს „A“-ს მიერ საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი დავალიანების სრულად გადახდის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელი B-სთვის გადასახდელი თანხა, შედარების აქტის მონაცემის მიხედვით (100 000 ლარის ოდენობით), ჩაითვლება ანაზღაურებულად.

მაგალითი №2

ფაქტობრივი გარემოება

პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე 80 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფულის გატანა.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შპს „A“-ს მიერ საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბაჟო დეკლარაცია, (რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა), იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელი B-სთვის გადასახდელი თანხა, ამავე საბაჟო დეკლარაციაში ასახული მონაცემის მიხედვით (80 000 ლარის ოდენობით), ჩაითვლება ანაზღაურებულად.

კრედიტორული დავალიანების დაფარვა

არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის.

მოცემულ პირობებში, შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ:

▪ საბაჟო დეკლარაცია.

▪ ინვოისი.

▪ სალაროს გასავლის ორდერი.

▪ წერილობითი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის ნამდვილობის თაობაზე.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვლება ანაზღაურებულად, თუ არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხის ან თანხის ნაწილის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.

მაგალითი №3

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა (მაღაზია). ამასთან, პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. დადგენილია, რომ შპს „A“-მ შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებელი B-სგან შეიძინა 100 000 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა, შემოწმებისთვის წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია, ინვოისი და სალაროს გასავლის ორდერი. ასევე, შპს „A“-ს მიერ დამატებით წარდგენილია ახსნა-განმარტება, გადახდის პირობით შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებელი B-სთვის სრულად გადახდის ნამდვილობის თაობაზე.

მოცემულ პირობებში შპს „A“-ს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად, შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარდგენილი არ არის.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შპს „A“-ს მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, შპს „A“-ს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელი B-სთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% (75 000 ლარის ოდენობით) ჩაითვლება ანაზღაურებულად.

კრედიტორული დავალიანების აღიარება-დაფარვა 

ექსპერტიზის დასკვნით

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა კომერციული ფართის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, მისი განმარტებით, შეძენილია სამშენებლო მასალა, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ: სალაროს გასავლის ორდერი; ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალის რაოდენობისა და ამ მასალის შესაბამისი პერიოდის ღირებულების შესახებ; წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა სალაროს გასავლის ორდერი და ექსპერტიზის დასკვნა კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალის შესაბამისი რაოდენობისა და ამ მასალის შესაბამისი პერიოდის ღირებულების შესახებ, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ სამშენებლო მასალაზე მომწოდებლისათვის გადასახდელი თანხის 75% ჩაითვლება ანაზღაურებულად, თუ სამშენებლო მასალის მომწოდებელზე გადახდილი თანხის ან თანხის ნაწილის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.

მაგალითი №4

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შპს „A“-ს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია სამშენებლო მომსახურება. დადგენილია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „A“-მ შეასრულა ერთი სამშენებლო პროექტი. კერძოდ, შპს „B“-ს აუშენა კომერციული ფართი და აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. პროექტის ფარგლებში საწარმომ გამოიყენა 10 ტონა (50 000 ლარის ღირებულების) სამშენებლო არმატურა, რომელიც შეიძინა ფიზიკური პირისგან. კომპანიას გახარჯული 10 ტონა არმატურის შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ გააჩნია.

ამასთან, შეძენილ საქონელზე გადასახადის გადამხდელს ასევე არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.). თუმცა, შემოწმებისთვის წარდგენილია სალაროს გასავლის ორდერი და ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო არმატურის რაოდენობისა და ამ მასალის შესაბამისი პერიოდის ღირებულების შესახებ.

შეფასება და შედეგი

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა სალაროს გასავლის ორდერი და ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო არმატურის რაოდენობისა და ამ მასალის შესაბამისი პერიოდის ღირებულების შესახებ, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, შპს „A“-ს მიერ შეძენილ 10 ტონა არმატურაზე ფიზიკური პირისათვის გადასახდელი თანხის 75% (37 500 ლარის ოდენობით) ჩაითვლება ანაზღაურებულად.

(08.07.2019 ბრძანება №22708)