არაფულადი ქონებრივი შენატანის შეფასება

2125
0

არაფულადი ქონებრივი შენატანის შეფასება:

იცოდით, რომ თუ მაგალითად კომპანიის ორი პარტნიორიდან პირველი კომპანიის კაპიტალში განახორციელებს 1 000 000 ლარის ფულად შენატანს, ხოლო მეორე პარტნიორი კომპანიის კაპიტალში შეიტანს 1 000 000 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე კომერციულ ფართს, მათი შენატანები კომპანიაში არათანაბარია და ფულადი შენატანის განმახორციელებელი პარტნიორის შენატანი აღემატება, ქონებრივი შენატანის განმახორციელებელი პირის შენატანს.

დღევანდელ ვიდეო კომენტარში შევეცდებით მოკლედ განვმარტოთ კომპანიის კაპიტალში არაფულადი, ქონებრივ შენატანის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხს.

1. დირექორის პასუხისმგებლობა და არაფულადი, ქონებრივი შენატანის შეფასება

პარტნიორის მიერ კომპანიის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანისას მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს შენატანის ღირებულების განსაზღვრა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიის დირექტორს ან დირექტორებს (მეწარმ.შესახ. §25.1.) ე.ი. დირექტორმა უნდა შეაფასოს თუ რა თანხად ჩაუთვლის კომპანია დირექტორს კომპანიაში შეტანილ უძრავ ქონებას. ქონებრივი შენატანის შეფასებისას დირექტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპი: უძრავი ქონება არ უნდა იქნას საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად შეფასებული, ხოლო თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მოიცავს დღგ-ს მაშინ უძრავი ქონების შეფასება არ უნდა მოხდეს დღგ-ს გარეშე მისი საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორის ქმედებით კომპანიას მიადგება ზიანი. 

მაგალითი:

თანაბარი წილის (50%-50%) მქონე კომპანიის ორმა პარტნიორმა კომპანიის კაპიტალში განახორციელეს 2 000 000 ლარის შენატანი. პირველმა პარტნიორმა შენატანი განახორციელა ფულადი სახის – კომპანიის საბანკო ანგარიშზე 1 000 000 ლარის გადარიცხვის გზით, ხოლო მეორე პარტნიორმა თავისი შენატანის ვალდებულების შესრულების მიზნით კომპანიას გადასცა – 1 000 000 ლარის საბაზრო ღირებულების კომერციული ფართი. კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება დადასტურებულია დამოუკიდებელი შემფასებელ/აუდიტორის დასკვნით. კომპანიის დირექტორი და პარტნიორები თვლიან, რომ პარტნიორებმა კომპანიის  კაპიტალში განახორციელეს თანაბარი შენატანი და ორივე პარტნიორმა შენატანის განხორციელების ვალდებულება შეასრულა, რაც ყველაზე გავრცელებულ შეცდომას წარმოადგენს კორპორატიული სამართლის პრაქტიკაში.

მოცემულ შემთხვევაში:

სინამდვილეში კი, მეორე პარტნიორის მიერ კომპანიისთვის შენატანის სახით  კომერციული ფართის გადაცემის მომენტში, კომპანიის დირექტორს შენატანის შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინა და საერთო კრებისთვის ეცნობებინა შემდეგი გარემოება, რომ ბაზარზე კომერციული ფართის საბაზრო ფასი როგორც წესი მოიცავს დღგ-ს (რადგან კომერციული ფართის მიწოდება იბეგრება დღგ-ით), ე.ი. მესამე პირისგან მსგავსი მახასიათებლების კომერციული ფართის საბაზრო ფასით – 1 000 000 ლარად შეძენისას, კომპანია მიიღებდა – 152 542 ლარის (= 1 000 000 ლარი / 118% *18%) დღგ-ს ჩათვლას, შესაბამისად კომპანიის დანახარჯი მესამე პირისგან მსგავსი კომერციული ფართის შეძენისას იქნებოდა მხოლოდ 847 458 ლარი (ე.ი. საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე). სწორედ ამიტომ მეორე პარტნიორის მიერ კომპანიის კაპიტალში განხორციელებული შენატანი  არ უნდა შეფასებულიყო 847 458 ლარზე მეტ თანხად.

2. არაფულადი, ქონებრივი შენატანის შეფასება ფასდაკლების ოფციის არსებობისას

მეტიც, კომპანიის დირექტორს მეორე პარტნიორის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანი უნდა შეეფასებინა დღგ-ს გარეშე საბაზრო ფასზე ე.ი. 847 458 ლარზე ნალებ ფასად, თუ კომპანიას, ბაზარზე თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებად (ფასდაკლებით) შეუძლია მესამე პირებისგან შეიძინოს მსგავსი მახასიათებლის კომერციული ფართი.

3. მიწის შეფასება საზოგადოების კაპიტალში შეტანისას

ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ მეორე პარტნიორი კომპანიას კომერციული ფართის ნაცვლად გადასცემდა მიწის ნაკვეთს და დამოუკიდებელ აუდიტორის ან შემფასებლის დასკვნის საფუძველზე კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი იქნებოდა 1 000 000 ლარი, დირექტორის მიერ შენატანის შეფასების ზღვრული (მაქსიმალური) თანხა იქნებოდა 1 000 000 ლარი ე.ი. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, რადგან ბაზარზე მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი არ მოიცავს დღგ-ს თანხას (რადგან მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან).

4. კაპიტალში შენატანის ფინანსური vs საგადასახადო აღრიცხვა

შენიშვნის სახით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ვიდეო კომენტარში მოხდა კომპანიის კაპიტალში არაფულადი (ქონებრივი) შენატანის სამეწარმეო სამართლებრივი (ფინანსური) აღრიცხვა/შეფასების განმარტება და ის რიგ შემთხვევებში განსხვავდება ამგვარი შენატანების საგადახადო სამართლებრივი აღრიცხვა/შეფასებისგან, რომელსაც შემდეგ ვიდეო კომენტარებში შემოგთავაზებთ.

5. შენატანის შეფასება დღგ-ს ჩათვლის უფლების შეზღუდვის არსებობისას

იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანია საერთოს არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, მაგრამ მესამე პირისგან კომერციული ფართის შეძენის შემთხვევაშიც ის ვერ განახორციელებდა დღგ-ს ჩათვლას (მაგ.: იყენებს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში და ა.შ.), პარტნიორის შენატანი შეიძლება შეფასდეს საბაზრო ღირებულებით დღგ-ს ჩათვლით (შეფასების ზღვრული თანხა).

6. დასასრული

დღეისთვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის ვიდეო კომენტარის წარმომდგენია აუდიტორული კომპანია TaxInfo და საგადასახადო ადვოკატი – დიმიტრი გაგოშიძე. კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. მადლობა, რომ გვისმენდით!

ავტორები: დიმიტრი გაგოშიძე (საგადასახადო ადვოკატი), ნინო ბობოხიძე (TaxInfo, საგადასახადო მენეჯერი) კონტაქტი: +995 599 69 71 01

წინა სტატიაშისაგადასახადო დავალიანების ჩამოწერა
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის დაბეგვრა