(+995) 558 929 929
15:23 ორშაბათი, 11 დეკემბერი
მთავარი მთავარი სტატია N17/1 იჯარით მიღებულ შემოსავლების დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის
სტატია N17/1 იჯარით მიღებულ შემოსავლების დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად ფიზიკური პირის მიერ (იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე) საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის 5%–იანი განაკვეთით, თუ ფიზიკური პირი იჯარით მიღებული შემოსავლიდან დაბეგვრის მიზნებისთვის გამოქვითვებს არ ახორციელებს (საგ. კოდ.§81.2.).

მაგალითი N1

ინდ. მეწარმე რომან გოგიძის (შემდეგში – ინდ. მეწარმე) ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებლები სახლების შეძენა მათი შემდგომი გაქირავების მიზნით. აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საგადასახადო აღრიცხვის კუთხით მეწარმე გამოქვითვებში ასახავს შეძენილი საცხოვრებელი ფართების ამორტიზაციისა და ქონების მოვლა პატრონობისათვის საჭიროს სხვ. მიმდინარე ხარჯს.

მოცემულ შემთხვევაში, ინდ. მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლების საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგაც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის 20%–იანი განაკვეთით დაბეგვრას, რადგან ინდ. მეწარმე იჯარით მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს ახორციელებს.

 

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ცვლილება (საშემოსავლო გადასახადის 5%–იანი განაკვეთით დაბეგვრასთან დაკავშირებით) შეეხო მხოლოდ საცხოვრებელი ფართის გაქირავებით მიღებულ შემოსავლებს და კომერციული, საოფისე ან/და სხვ. ტიპის ფართების გაქირავებით მიღებული შემოსავლების დაბეგვრა განხორციელდება საშემოსავლო გადასახადის 20%–იანი განაკვეთით.

მაგალითი N2

ფ/პ გიორგი დავითაძეს (შემდეგში – ფიზიკური პირი) საგარაჟე ფართი გაქირავებული აქვს მისსავე მეზობელ ირაკლი ჩოგოვაძეზე, საიდანაც 2015 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6000 ლარი. ამასთან გიორგი დავითაძე ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული არ არის და იჯარის თანხიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს.

მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ მიღებული იჯარის თანხა ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის 20%–იანი განაკვეთით დაბეგვრას, რადგან ის შემოსავალს იღებს არასაცხოვრებელი ფართის (საგარაჟე ფართის) გაქირავების შედეგად.

               

განხორციელებული საკანონმდებლო  ცვლილებების შესაბამისად 2015 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის 5%–ანი განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ პირზე   საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებულ  შემოსავლებზე. რაც შეეხება იურიდიულ (შპს–ზე, სააქციო საზოგადოებაზე და სხვ.) პირებზე  საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებულ შემოსავალს, მათზე საკანონმდებლო ცვლილება (საშემოსავლო გადასახადის 5%–იანი განაკვეთი) ამოქმედდება იურიდიულ პირებზე გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის შექმნისა და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი წესის დამტკიცების შემდეგ.

 

 

 



Developed By Aleksandre Chiabrishvili. Designed By mrGOTT