(+995) 558 929 929
22:27 ოთხშაბათი, 05 აგვისტო
მთავარი გლოსარიუმი სტატია N 1/12 ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით (27.10.1993, C-281/91) სასაქონლო კრედიტისათვის გადახდილი პროცენტები წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებისათვის გადახდილ თანხას
სტატია N 1/12 ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით (27.10.1993, C-281/91) სასაქონლო კრედიტისათვის გადახდილი პროცენტები წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებისათვის გადახდილ თანხას

ევროპის სასამართლოს განსახილველად წარედგინა Muys’ en De Winter’s Bouw- en Aannemingsbedrijf BV -ის (შემდეგში – სამშენებლო კომპანია) საჩივარი  ჰოლანდიის Staatssecretaris van Financien (ჰოლანდიის ფინანსური ადმინისტრაცია) წინააღმდეგ. 1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (27.10.1993 C-281/91) ევროპის სასამართლომ განმარტა მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, საქონლის/მომსახურების მიწოდებისას რამდენად წარმოადგენს სასაქონლო კრედიტისათვის გადახდილი პროცენტები სასესხო/საკრედიტო (ფინანსური) მომსახურებისათვის გადახდილ თანხას და დღგ–ით დაბეგვრის მიზნებისათვის, უნდა მომხდარიყო თუ არა მათი შეტანა საქონლის/მომსახურების ღირებულებაში (ე.ი. დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში).

           

ფაქტობრივი გარემოებები:

სამშენებლო კომპანიის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა ჰოლანდიის ტერიტორიაზე სამშენებლო მომსახურების გაწევა ან/და დასრულებული (აშენებული) უძრავი ქონების რეალიზაცია.

სამშენებლო კომპანია მოცემულ შემთხვევაში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მომხმარებლის დაკვეთით აწარმოებდა შენობა–ნაგებობის მშენებლობას და დასრულებისას გადასცემდა მას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, დამკვეთი სამშენებლო მომსახურების ღირებულებას იხდიდა სამშენებლო კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიხედვით ეტაპობრივად, ხოლო მიწის ნაკვეთის ღირებულებას ის იხდიდა უძრავ ქონებაზე საკუთრების მიღებამდე რამოდენიმე დღით ადრე ან მიღების მომენტში. დამკვეთს უფლება ქონდა სამშენებლო სამუშაოების ღირებულებასთან ერთად ეტაპობრივად ეხადა მიწის ნაკვეთის ღირებულებაც.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ დამკვეთს შეეძლო როგორც მიწის ნაკვეთის ღირებულება, ისე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ერთიანად გადაეხადა უძრავ ქონებაზე საკუთრების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ან საკუთრების მიღების მომენტში, ამისათვის  დამკვეთს სამშენებლო კომპანიისათვის უნდა ჰქონოდა სამშენებლო და მიწის ნაკვეთის მთლიანი ღირებულების 10% გადახდილი და გადახდის გადავადების გამო დამკვეთს სამშენებლო კომპანიისათვის (სამშენებლო სამუშაოებისა და მიწის ნაკვეთის ღირებულების გარდა) დამატებით  უნდა გადაეხადა გადავადებულ თანხაზე დარიცხული პროცენტები.

ჰოლანდიის ფინანსურმა ადმინისტრაციამ სამშენებლო სამუშაოებისათვის გადასახდელი თანხების გადავადებისათვის დამკვეთის მიერ გადახდილი პროცენტის თანხები ჩათვალა სასესხო/საკრედიტო (ფინანსური) მომსახურებისათვის გადახდილ თანხად და არ შეიყვანა დღგ–ით დასაბეგრ ოპერაციის თანხაში, ხოლო მიწის ღირებულების გადავადებისათვის გადახდილი პროცენტის თანხა განიხილა უძრავი ქონების ღირებულების ნაწილად (ჩართო დასაბეგრი ოპერაციის თანხაში) და დაუქვემდებარა დღგ–ით დაბეგვრას.

ევროპის სასამართლოსადმი დასმული კითხვა მდებარეობდა შემდეგში, რამდენად წარმოადგენდა გადახდას გადავადებულ მიწის ღირებულების თანხებზე დარიცხული პროცენტი უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს (დასაბეგრი ოპერაციის თანხის ნაწილს) და ხომ არ იყოს აღნიშნული პროცენტი სასესხო/საკრედიტო (ფინანსური) მომსახურებისათვის გადახდილი და დღგ–ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული თანხა.

         

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევისას, მომსახურების/საქონლის გადახდის ვადის გადავადებისათვის გადახდილი პროცენტი, ძირითადად, წარმოადგენს (დამოუკიდებელი) სასესხო/საკრედიტო (ფინანსური) მომსახურებისათვის გადახდილ თანხას (ე.ი. გადახდილი/გადასახდელი თანხა არ წარმოადგენს საქონლის/მომსახურების ღირებულების ნაწილს და ის დღგ–ით დასაბეგრ ოპერაციის თანხაში არ ჩაირთვება), წინააღმდეგ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში ჩადგებოდა საქონლის/მომსახურების შემძენი, რომელიც საქონელს/მომსახურებას შეიძენდა გამყიდველისაგან მიღებული სასაქონლო კრედიტით (და დღგ–ს გადახდა მოუწევდა მთლიანი თანხიდან, რომელშიც შევიდოდა საპროცენტო თანხებიც) და ის შემძენი, რომელიც საქონელს/მომსახურებას შეიძენდა სხვა პირისაგან აღებული სესხით/კრედიტით (და დღგ–ს გადახდა მოუწევდა მხოლოდ საქონლის/მომსახურების თანხიდან, საპროცენტო თანხების ჩაურთველად), რაც დაარღვევდა გადამხდელების თანასწორობის ყოვლადაღიარებულ პრინციპს (equal treatment for taxable persons). თუმცა ევროპის სასამართლო მიიჩნევს, რომ, თუ საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადავადება ხდება ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების/გაწევის მომენტამდე, აღნიშნული გადავადებისათვის გადახდილი პროცენტის თანხები წარმოადგენენ საქონლის/მომსახურების ღირებულების ნაწილს და ჩაირთვებიან დღგ–ით დასაბეგრ ოპერაციების თანხაში, შესაბამისად მოცემულ სადაო შემთხვევაში სასამართლომ გადახდილი საპროცენტო თანხები განიხილა მიწოდებული უძრავი ქონების (მიწა მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობით) ღირებულების ნაწილად და არა სასესხო/საკრედიტო მომსახურებისათვის გადახდილ ანაზღაურებად.

 

            ევროპის ქვეყნების საგადასახადო პრაქტიკა:

            ევროპის ქვეყნების საგადასახადო პრაქტიკაში (ზემოხსენებული პრეცედენტული გადაწყვეტილების საფუძველზე) საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადავადებისათვის გადახდილი/გადასახდელი პროცენტის თანხები განიხილება (დამოუკიდებელი) სასესხო/საკრედიტო მომსახურების ანაზღაურებად, თუ გადახდის გადავადება არ ხდება საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის მომენტამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ გადავადება ხდება საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე) პროცენტის თანხა წარმოადგენს საქონლის/მომსახურების ღირებულების ნაწილს. 



Developed By Aleksandre Chiabrishvili. Designed By mrGOTT